GE

პედაგოგების 49% -ის აზრით, მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგები მათ საჭიროებებს ნაწილობრივ აკმაყოფილებს

115 პედაგოგის გამოკითხვის შედეგად, მათი 49% აცხადებს, რომ მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული ტრენინგები მხოლოდ ნაწილობრივ არის მორგებული მათ საჭიროებებზე. პედაგოგების გამოკითხვა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა, რომელიც სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების ეფექტურობის საკითხს იკვლევდა.

ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვის მთავარმა მაკონტროლებელმა ორგანომ, რომელმაც მასწავლებლის სახლის და განათლების სამინისტროს 2017-2019 წლების შესაბამისი საქმიანობა შეისწავლა დაასკვნა, რომ  მასწავლებლის გადამზადების მხრივ სახელმწიფო სახსრები უფრო ეფექტურად შეიძლებოდა გამოყენებულიყო. უწყების ინფორმაციით 2019 წელს ქვეყნის მასშტაბით 50 სკოლას ბოლო 3 წლის განმავლობაში არც ერთი გადამზადებული მასწავლებელი არ ჰყავდა.

2016 წლიდან ტრენინგმოდულების უმეტესობას კრედიტქულები მიენიჭა. შესაბამისად, სქემაში ჩართული მასწავლებლები, აღნიშნული ტრენინგების გავლის შემთხვევაში, გარკვეულ კრედიტქულებს აგროვებენ, რაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადასანაცვლებლად მნიშვნელოვანი ასპექტია.

ცენტრის მიერ ტრენინგმოდულების ფორმირება უნდა ხორციელდებოდეს ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და სქემის შესაბამისად, თუმცა აუდიტის სამსახური გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობს.

„ცენტრს არ აქვს შემუშავებული მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და თანმიმდევრული გეგმა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქვეყანაში მასწავლებელთა რაოდენობა, საშუალოდ, 63,000-ს შეადგენდა, ცენტრი კი ყოველწლიურად გადაამზადებდა, საშუალოდ, 23,000 მასწავლებელს. მსგავსი ტიპის სამოქმედო გეგმის პირობებში, არსებული რესურსის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნებოდა, 5 წლის განმავლობაში სრულად გადამზადებულიყო მასწავლებლების კონტინგენტი 2 პრიორიტეტულ მიმართულებაში. რაც ხელს შეუწყობდა არსებული რესურსების პროდუქტიულ ხარჯვას. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ ტრენინგებში მონაწილეობა დადებითად აისახება მასწავლებლის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია ცენტრს ჰქონდეს შემუშავებული ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თანაბარ მიდგომასა და უწყვეტი განვითარებისთვის საჭირო მინიმალური სტანდარტის დაწესებას“, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

აუდიტის დასკვნა ძირითადად 2017-2019 წლებს მოიცავს და ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ, ამჟამად, სქემის მოქმედი რედაქციით, უფროს მასწავლებელს, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად ევალება ერთი წლის განმავლობაში გაიაროს ტრენინგი, მინიმუმ, 20 საათის, წამყვან მასწავლებელს − 12 საათის, ხოლო მენტორ მასწავლებელს − 6 საათის მოცულობით, თუმცა აუდიტის სამსახურს ნაკლოვანებად მიაჩნია, რომ არ არის გაწერილი თითოეული დარგისა და საფეხურის მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგები მინიმალური პროფესიული სტანდარტის დასაკმაყოფილებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლების ტრენინგებისთვის დადგენილი საათები 35%-ით ჩამორჩება საერთაშორისო პრაქტიკით განსაზღვრულ გასაშუალოებულ მაჩვენებელს. 2019 წელს სისტემაში არსებულ 17,390 (29%) მასწავლებელს ბოლო 3 წლის განმავლობაში გადამზადების კურსი არ გაუვლია არც ერთი მიმართულებით. ცალკეული წლების შემთხვევაში სურათი ასეთია:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 2017-2019 წლებში ჯამურად გახარჯულია 33,695,924 ლარი. ეს თანხა მოიცავს, როგორც ცენტრის ფუნქციონირებას, ასევე მასწავლებლების პროფესიულ გადამზადებას. იგივე პერიოდში  ქვეყნის მასშტაბით, ტრენინგებში 43,265 მასწავლებელს  აქვს მონაწილეობა მიღებული.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ევროპული ქვეყნების დიდ უმრავლესობაში (21 ქვეყანაში), უწყვეტი პროფესიული განვითარება (CPD) დაწყებითი და საშუალო განათლების მასწავლებლებისთვის სავალდებულოა, მათ ნაწილს კი დადგენილი აქვს გასავლელი საათების რაოდენობაც. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ქვეყნებში CPD-ის გეგმით განსაზღვრული პირობების შესრულება აუცილებელია კარიერული წინსვლისთვის.

საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, მასწავლებლებისთვის ტრენინგების გავლა 2020 წლამდე არ იყო სავალდებულო. პრაქტიკოსსა და უფროს მასწავლებლებს მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადასასვლელად საკმარისი კრედიტქულების დაგროვება იმ შემთხვევაშიც შეეძლოთ, თუ ისინი არ გაივლიდნენ, საგნობრივი მეთოდიკის ან პროფესიული უნარების ტრენინგებს.  ამჟამად სქემის მოქმედი რედაქციით, ეს ხარვეზი აღმოფხვრილია.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, არსებული მექანიზმების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, რაც სწავლების ხარისხზე აისახება.

მათივე ინფორმაციით მასწავლებელთა ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობას განსაზღვრავს ცენტრი და ძირითად შემთხვევაში, ჯგუფები კომპლექტდება 10-დან 15 მსმენელამდე. რეგისტრაციისთვის მასწავლებლები ავსებენ სააპლიკაციო ფორმას ონლაინ რეჟიმში და იმ შემთხვევაში, თუ ადგილები სრულად შევსებულია, მათ არ ეძლევათ საშუალება, მიიღონ მათთვის სასურველ ტრენინგში მონაწილეობა მომდევნო რეგისტრაციამდე. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი ალტერნატივა გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით სხვა ტრენინგცენტრის შერჩევაა.

აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა მასწავლებლების გამოკითხვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს. გამოიკითხა 115 მასწავლებელი, რომელთაგანაც 46%-მა შეკითხვაზე: „ჰქონიათ თუ არა შემთხვევა, როდესაც სასურველ ტრენინგზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს არასაკმარისი ადგილების გამო“, დააფიქსირა დადებითი პასუხი. ამასთანავე, მასწავლებელთა 49% თვლის, რომ ცენტრის ბაზაზე მიმდინარე ტრენინგები, მათი სახეობები და თემატიკა, მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს და არის მორგებული მათ საჭიროებებზე.

მიუხედავად ადგილების დეფიციტისა, ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე მასწავლებელი განსხვავებული შინაარსის ტრენინგებს ესწრებოდა წელიწადში 3-დან 5-მდე სიხშირით. სამივე წელს აღნიშნული შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი 12%-ია.

„მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ ტრენინგებში მონაწილეობა დადებითად აისახება მასწავლებლის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია ცენტრს ჰქონდეს შემუშავებული ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თანაბარ მიდგომასა და უწყვეტი განვითარებისთვის საჭირო მინიმალური სტანდარტის დაწესებას“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

6 დარღვევა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემაში – აუდიტის სამსახურმა სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის საქმიანობა შეისწავლა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური