პირველკლასელთა რეგისტრაცია 2017-2018 სასწავლო წლისთვის 10 აპრილს დაიწყება
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2017-2018 სასწავლო წლისთვის 10 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა EDU.ARIS.GE-ს ექსკლუზიურად განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, რეგისტრაციის დაწყების შესახებ სპეციალური ბრიფინგი სამინისტროში ორშაბათს, 10 აპრილს უნდა გაიმართოს.
რაც შეეხება რეგისტრაციის ეტაპებს:
I ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 10 აპრილს და დასრულდება 24 აპრილს.
პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში – სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 25 აპრილი – 05 მაისის ჩათვლით.
II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია – რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 8 მაისის დილის 09:00 საათიდან 1 ივნისის ჩათვლით.
შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე WWW.EMIS.GE. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე. რეგისტრაცია უნდა გაიაროთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად. ვებ–გვერდებზე: www.mes.gov.ge და www.emis.ge.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით. (პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება).
III ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს და დასრულდება 30 ივნისს.
რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს.
2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.
edu.aris.ge გთავაზობთ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას
დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება.
სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.
რა ასაკის ბავშვებს შეუძლიათ პირველ კლასში შესვლა 2017 წელს – ლია გიგაურის განცხადება
როგორ დავარეგისტრიროთ პირველკლასელი სწრაფად – პრაქტიკული რჩევები მშობლებს
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
- ილია ჭავჭავაძე – რა გითხრათ, რით გაგახაროთ? by განათლებული ბლოგი
- პირველი მადლობა პედაგოგებს – პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის საახალწლო მილოცვა (+ვიდეო) by ARIS.GE-განათლება
- EDU.ARIS.GE გილოცავთ შობა-ახალ წელს – 2025 განათლებაში თანმიმდევრული ნაბიჯების წელი ყოფილიყოს! by ARIS.GE-განათლება