რას ნიშნავს სასკოლო მზაობა?
ტერმინი „სასკოლო მზაობა“ დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია და ყველგან მარტივად შეიძლება მოჰკრათ ყური. ამაზე შესაძლოა გესაუბროთ მასწავლებელი, მოსწავლის მშობელი, ფსიქოლოგი, ან პოლიტიკოსიც კი. გახსოვთ ალბათ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში შეყვანის საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვას, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია. სპეციალისტებს არგუმენტად მოჰყავდათ სწორედ სასკოლო მზაობის მოუმწიფებლობა.
EDU.ARIS.GE მოცემულ საკითხზე რამდენიმე მშობელს გაესაუბრა. მათ მოსაზრებები და დამოკიდებულებები განსხვავებულია
ეკა, 28წ
„ჩემი შვილი უკვე 6 წლისაა. ფსიქოლოგმა შეაფასა და გვითხრა, რომ ბავშვს არ აქვს სასკოლო მზაობა. წელს ალბათ სკოლაში არ შევიყვან. არ მინდა გაუჭირდეს სწავლა“
მარიამი, 33წ
„ჩემი შვილი წერს და კითხულობს. ჯერ მხოლოდ 5 წლის არის. სკოლაში რომ შევა, მითუმეტეს მოახერხებს სასკოლო მასალასთან გამკლავებას, რადგან პირველკლასელი ბავშვის შესაბამის ცოდნას უკვე ფლობს“
თუ ბავშვი წერს და კითხულობს, შეგვიძლია ვთქვათ რომ მას აქვს სასკოლო მზაობა?
სამწუხაროდ არა
წერა და კითხვა არ არის ის უნარი, რომლის მიხედვითაც ვმსჯელობთ სასკოლო მზაობაზე.
სასკოლო მზაობა გულისხმობს სკოლისთვის მომწიფებას ემოციურად, სოციალურად და გონებრივად.
გონებრივი მომწიფება ეს არის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების ასაკის შესაბამისად განვითარება, წერა-კითხვისთვის და არითმეტიკის ათვისებისთვის საჭირო ბაზისური უნარების ფლობა.
რა უმაღლეს ფსიქიკურ ფუნქციებზეა საუბარი?
ესენია : ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება და აღქმა.
მაგალითად, სასკოლო ასაკისთვის ბავშვს უნდა შეეძლოს :
- დავალების დაწყება და დასრულება; დავალებაზე კონცენტრირება 3-5 წუთის მანძილზე.
- 4 ციფრისგან შემდგარი რიგის გამეორება. მაგ : 1 4 9 7
- ამბის თხრობით გადმოცემა როგორც სიუჟეტურ სურათებზე დაყრდნობით, ასევე წაკითხული ტექსტიდან შინაარსის გამოტანა
- კატეგორიალური აზროვნება, მე-4 ზედმეტის გამოდიფერენცირება და ა.შ.
ხოლო წერა-კითხვისთვისთვის საჭირო ბაზისური უნარებია :
- სიტყვის ბგერებად დაშლა და ბგერების სიტყვაში გაერთიანება; ზოგადად სიტყვის ბგერითი ანალიზი
მაგალითად: „ბ ა ლ ი“ რა გამოვიდა ? ბალი
„ბალი“ რომელია პირველი ასო ? მე-3?
დაშალე სიტყვა „ბალი“ ბგერებად
- წერითი მზაობა – რაც გულისხმობს, როგორც ნატიფი მოტორიკის ასაკობრივად განვითარებას, ასევე ფანქრის ფლობას. სასკოლო ასაკში ბავშვს უნდა ეჭიროს ფანქარი სწორი, სამთითა ჩაჭიდებით და შეეძლოს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების, წრისა და მართი კუთხის გადახატვა. ასევე გაფერადება და მაკრატლით მარტივი ფორმების გამოჭრა.
5 წლის ასაკში ბავშვი შესაძლოა მართლაც წერდეს და კითხულობდეს, თუმცა ჩვენ არ ვიცით რეალურად რა უნარების ხარჯზე მოახერხა მან ეს. სასწავლო მასალის გართულებასთან ერთად შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ პრობლემაა კონკრეტული ფსიქიკური ფუნქციის ასაკობრივად განვითარების დონეზე.
რას გულისხმობს ემოციური მზაობა?
შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველა ხშირად გავრცელებული პრობლემა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში, ეს არის „მარცხის მიმღებლობის სირთულე“
ამ ტიპის სირთულეს ხშირად განიცდიან ხოლმე ბაღში წარმატებული ბავშვები. ვისაც ყოველთვის აქებენ პედაგოგები, ეუბნებიან რომ დავალებებს ყველაზე უკეთ აკეთებს. შედეგად, ბავშვს უყალიბდება თვითაღქმა, რომ ყველაზე უკეთ უნდა შეასრულოს დავალებები და უნდა იყოს პირველი.
სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება. მარცხის დროს ბავშვი ღიზიანდება, ტირის, შესაძლოა უარი თქვას დავალების შესრულებაზე. ამ დროს მნიშვნელოვანია პედაგოგებისა და მშობლის ადეკვატური რეაქცია. ჩვენ არ მივმართავთ ტექსტებით:
„დღეს თუ არა ხვალ შეასრულებ დავალებას ყველაზე უკეთესად“; „შენ მაინც პირველი ხარ„ და ა.შ.
საერთოდ ნუ შევადარებთ ბავშვს მის ჯგუფელებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ბავშვმა ისწავლოს.
უმჯობესია ვუთხრათ: „შეცდომებს ვუშვებთ ყველა. ეს არ არის კატასტროფა. ყველა დავალებაში ერთნაირად წარმატებულები ვერ ვიქნებით. შენ გვერდით გყავს ადამიანი, ვინც დაგეხმარება. ერთად ვიმუშავებთ და ამ დავალების შესრულებას დამოუკიდებლადაც მოახერხებ“
იმ შემთხვევაში თუ მშობელი, ან პედაგოგი სწორად არ რეაგირებს ბავშვის შეცდომებზე, შესაძლოა გაჩნდეს „დახმარების მიღების პრობლემაც“. ბავშვი იჯერებს, რომ დახმარების მიღება სირცხვილია, რადგან ყველამ დამოუკიდებლად გააკეთა დავალება. თავად ცდილობს, ცდილობს, მაგრამ მაინც ვერ ართმევს თავს დავალებას.
ბავშვმა უნდა ჩამოიყალიბოს სწორი მოლოდინები საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედგაცრუებამ შესაძლოა გამოიწვიოს თვითშეფასების პრობლემები. ბავშვი განაზოგადებს მარცხს ყველა სფეროზე და დაკარგავს საკუთარი თავის რწმენას.
როცა სკოლაში მიგვყავს ბავშვი, რომელსაც აქვს გონებრივი მზაობა, მაგრამ არა ემოციური, იგი უპირისპირდება ზემოთ აღწერილ სირთულეებს. სასკოლო გარემო და მეცადინეობის პროცესი მისთვის გადაიქცევა ძლიერი შფოთვის წყაროდ.
რას გულისხმობს სოციალური მზაობა?
- ჯგუფში მუშაობის მზაობა – ჯგუფის წესების გაგება, ყურადღების გადანაწილება. საკუთარი რიგის დაცვა კითხვაზე პასუხის გაცემის დროს. ჯგუფში მიღებული როლის შესაბამისად მოქცევა, ნივთის განაწილება-თხოვება.
- შესვენებაზე ბავშვებთან ერთად თამაშის მოტივაცია.
- მშობელთან გაღიზიანების გარეშე განშორება და საკლასო გარემოში დარჩენა საფრთხის შეგრძნების გარეშე.
- ჯგუფელებთან დამეგობრების სურვილი, მათთან საერთო ინტერესების აღმოჩენის სურვილი. დიალოგის წამოწყებისა და შენარჩუნების სურვილი.
სამივე ზემოთ აღწერილი სფერო მნიშვნელოვანია ბავშვის სკოლაში ადაპტაციისთვის. სასკოლო მზაობას ვერ განვიხილავთ იზოლირებულად რომელიმე ერთი სფეროს გადასახედიდან.
სასკოლო მზაობის სირთულე ხშირ შემთხვევაში ბავშვში სკოლაში მიყვანის შემდგომ ჩანს ხოლმე, რადგან მშობლებმა შესაძლოა არ იცოდნენ რა მოეთხოვება სასკოლო ასაკის ბავშვს. სტატიაში მოცემული ინფორმაცია კი დაეხმარება მშობელს ცნობიერების ამაღლებაში. ბავშვის სუსტ მხარეებზე მუშაობის შემთხვევაში, შესაძლოა შევამციროთ პრობლემები სკოლაში წასვლის შემდგომ.
როგორ დავარეგისტრიროთ პირველკლასელი სწრაფად – პრაქტიკული რჩევები მშობლებს
ერთად ვსწავლობთ კითხვას – სახალისო სავარჯიშოები სკოლის მოსწავლეებისთვის
მოამზადა მარიკა არევაძემ
გამოყენებული რესურსები:
http://www.child-encyclopedia.com/school-readiness/introduction
https://www.childtrends.org/indicators/early-school-readiness/
https://pediatrics.aappublications.org/content/pediatrics/121/4/e1008.full.pdf
- პირველი მადლობა პედაგოგებს – პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის საახალწლო მილოცვა (+ვიდეო) by ARIS.GE-განათლება
- EDU.ARIS.GE გილოცავთ შობა-ახალ წელს – 2025 განათლებაში თანმიმდევრული ნაბიჯების წელი ყოფილიყოს! by ARIS.GE-განათლება
- ტკბილ-მწარე გაკვეთილები ქართული განათლების სისტემისგან – 2024 წელი განათლებაში by ARIS.GE-განათლება