„პოლიტიკური გავლენებისგან სკოლა თავისუფალი უნდა იყოს“ – რა განწყობით შევიდნენ ტესტირებაზე დირექტორობის მსურველები
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებისთვის ტესტირება ამ წუთებში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. გამოცდა ელექტრონულ ფორმატში ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო და 5 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
EDU.ARIS.GE საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან აშუქებს პროცესს და გამოცდაზე შესვლამდე კანდიდატებს გაესაუბრა. შევეცადეთ მათგან გაგვერკვია, რა მოლოდინები აქვთ შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპისგან. ჩვენს რესპონდენტებს შორის არიან როგორც ახალგაზრდები, ისე უკვე გამოცდილი კადრები და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები. შევხვდით სპორტის მასწავლებელსაც, რომელსაც სკოლის დირექტორობის სურვილი აქვს.
ჟანა კოტორაშვილი, ტესტირებაზე თბილისში, ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფება. ის კახეთის რეგიონში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია და სკოლის დირექტორობა სურს:
“დამოუკიდებლად ვემზადებოდი ამ გამოცდისთვის. სტაჟი მაქვს პედაგოგობის და მინდა, საკუთარი თავი გამოვცადო, რამდენად წარმატებით დავძლევ ამ გამოცდას. რასაკვირველია, მაქვს სურვილი, რომ სკოლის დირექტორი გავხდე. საგამოცდო ტესტებზე მეცადინეობა არ გამჭირვებია და არც მეორე ტურის შიში მაქვს. ვფიქრობ, მოქმედ დირექტორებს არ გაუჭირდებათ ამ გამოცდის წაემატებით ჩაბარება და ტესტების შესრულება, ჩვენ შედარებით მეტი სანერვიულო გვაქვს”.
ამავე საგამოცდო ცენტრთან მისული ეკატერინე კოზაკიშვილი, წნორის მე-3 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. გვითხრა, რომ გამოცდას მეორედ აბარებს და შიში არ აქვს.
“2013 წელს ჩავაბარე დირექტორის საკვალიფიკაციო გამოცდები, საკმაოდ მაღალ ქულაზე და ახლა კვლავ გავდივარ. ამაში სირთულეს ვერ ვხედავ მიუხედავად იმისა, რომ მეორედ ვაბარებ და მიწევს კვალიფიკაციის დადასტურება, რადგან 2013 წლის შემდეგ ტესტების შეიცვალა. რასაკვირველია, არც ახლა უნდა გამიჭირდეს, როცა უკვე გამოცდილებაც მაქვს სკოლის მართვის. პირველ ეტაპს როცა დავასრულებ, და იმედია, კვლავაც მაღალი შეფასებით, მეც იგივე პროცედურების გავლა მომიწევს, რაც სხვა დირექტორობის მსურველებს. ჯერ იქნება გასაუბრება, შემდეგ წარდგენა სამეურვეო საბჭოსთან, ამაში სირთულეებს ვერ ვხედავ”, – ამბობს სკოლის დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი კახეთიდან.
არჩილ პაქსაძე, ხულოს სოფელ ღურტის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას ასრულებს და ტესტირებისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიდა:
“განწყობა დადებითი მაქვს. გამოცდაზე ველოდები ისეთ საკითხებს, რაც ჩვენი მუშაობის ყოველდღიურობაა. ასე რომ, არ გამიჭირდება საკითხებზე მუშაობა. არც მოქმედი დირექტორებისთვის და არც მსურველი კანდიდატებისთვის, პროგრამების მომზადება პრობლემას არ წარმოადგენდა. რაც შეეხება პოლიტიკისგან თავისუფლებას, ჩემი 12-წლიანი გამოცდილების ფარგლებში, არცერთი შემთხვევა არ ყოფილა სასკოლო რესურსის პოლიტიკური აქტივობისთვის გამოყენების. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენთან ამ პოზიციაზე მოქალაქეების მხრიდან სანდოობა მაღალია”.
ლანჩხუთის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი კი ამბობს, რომ საგამოცდოდ მოსამზადებელი პერიოდი ხანმოკლე იყო. ირაკლი ტოროტაძემ გაგვიმხილა, რომ მის სკოლაში, სკოლის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურენცია არ არის.
“საგამოცდო პერიოდი ძალიან ხანმოკლე იყო. მხოლოდ 5 თვის წინ გავიგე. 3 თვის წინ ტყუპები შემეძინა და მოსამზადებლად საკმარისი დრო არ დამრჩა. მაინც ვაპირებ გამოცდაზე გასვლას, ბედს ვცდი, გამოცდილებას მივიღებ. პოლიტიკური გავლენებისგან სკოლა თავისუფალი უნდა იყოს, ჩვენ აპოლიტიკურები ვართ. ჩაბარების შემთხვევაში, ჩემ სკოლაში კონკურენცია არ არის და არჩევის შანსი მაქვს. მამაჩემი იყო დირექტორი აქამდე, ის ასაკშია და ახლა გადავწყვიტე, მე მეცადა გამოცდაზე გასვლა”, – გვითხრა ტესტირების მონაწილემ.
გივი ბოცრაძე ტესტირებაში მონაწილეობისთვის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ჭიათურიდან ჩამოვიდა. ის საგამოცდო პროგრამას აკრიტიკებს და ამბობს, რომ გადატვირთულია:
“გამოცდისთვის ვემზადებოდი, ვიძიებდი ინფორმაციას ინტერნეტში. ასევე, ტრენინგებს გვიტარებდნენ. გამოცდის ჩატარების სისტემას რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ კარგია, რადგან ადამიანს თავისი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა ეძლევა. მეორეს მხრივ, ძალიან გადატვირთულია პროგრამა, არის საკითხები, რომლებიც სკოლას საერთოდ არ ეხება. ელექტრონულად ჩატარებაც ჩემთვის სირთულეს წარმოადგენა, მირჩევნია, პირდაპირ ფურცელზე ვწერო”.
ნინო სინჯარაძე თბილისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გახსნილ საგამოცდო ცენტრში დუშეთიდან ჩამოვიდა და ამბობს, რომ ტესტირებაც და გასაუბრებაც, მომავალი დირექტორისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია:
“სერტიფიცირებისთვის წინა წლებში დავრეგისტრირდი და ველოდებოდი. პანდემიის გამო გაჭიანურდა. სიმართლე გითხრათ, გამოცდისთვის არ ვემზადებოდი. მგონია, რომ გამოცდაცა და გასაუბრებაც თანაბრად მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ გასაუბრებაზე სიმკაცრე იქნება. მოქმედი პედაგოგი ვარ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება”.
ტესტირებაზე შესული კანდიდატების ნაწილი ფიქრობს, რომ მათ ბედს, გამოცდაზე მეტად გასაუბრება გადაწყვეტს და თვლიან, რომ გასაუბრება ბევრად მნიშვნელოვანი პროცესი იქნება, რადგან “სერტიფიცირებისთვის გასაუბრება უფრო მნიშვნელოვანია”.
ასევე იხილეთ:
სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება