პრაქტიკოს მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების არაერთხელ მიცემული შანსის ქრონოლოგია შეახსენეს
2021 წლის ზაფხულში ჩატარებული პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდის შემდეგ ისევ აქტიურად გაგრძელდა საგანმანათლებლო საზოგადოებაში იმ მასწავლებლების მიერ სკოლის დატოვების საკითხზე მსჯელობა, რომლებმაც ვერც ახლა დაადასტურეს კომპეტენცია თავიანთ საგანში.
პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო კვლავაც დაუშვებს ახალ გამონაკლისს და ისინი სისტმაში დარჩენას კომპეტენციის დაუდასტურებლად შეძლებენ. აღნიშნულის კვალდაკვალ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პრაქტიკოსი მასწავლებლების სტატუსთან დაკავშირებული დეტალების ქრონოლოგია გამოაქვეყნა, სადაც ვრცლად არის განმარტებული რა გზა გაიარეს პრაქტიკოსებმა დღემდე და რა შესაძლებლობები მისცა მათ სახელმწიფომ კომპეტენციის დადასტურებისთვის:
“მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების თანამხად, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით ვერ აიმაღლებდა სტატუსს (ვერ დააგროვებდა 19 კრედიტქულას) გაუუქმდებოდა „პრაქტიკოსი მასწავლებლის“ სტატუსი და სკოლა ვალდებული იყო შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება. 2015 წლიდან დღემდე, პრაქტიკოს მასწავლებლებს არაერთხელ ჰქონდათ წინსვლის საშუალება.
“მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილების შესაბამისად, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრულ პირობებს, მიენიჭათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი და განესაზღვრათ მაქსიმუმ ოთხწლიანი (3 წელი + 1 პილოტირების წელი) ვადა შემდგომი სტატუსის მოსაპოვებლად. სტატუსის მოსაპოვებლად, სხვა აქტივობებთან ერთად, პრაქტიკოს მასწავლებლებს ჰქონდათ ვალდებულება, ჩაებარებინათ საგნის გამოცდა (გადაელახათ 60%-იანი ზღვარი)”
“მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის N35 დადგენილებით, შეიცვალა სტატუსის მინიჭების გზები. კერძოდ, მათ მიეცათ საშუალება, ნაწილობრივ დაედასტურებინათ საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე (იხ. ცხრილი, რომელშიც მოცემულია საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი მაქსიმალური ქულის შესაბამისობა კრედიქტულებთან).
ამ ცვლილების მიხედვით, მასწავლებელს კომპეტენცია დადასტურებულად ეთვლებოდა, თუ ტესტური დავალების მაქსიმალური ქულის 30%-ს მაინც გადალახავდა (მაგ. თუ გამოცდის მაქსიმალური ქულა იყო 80, პრაქტიკოს მასწავლებელს კომპეტენცია დადასტურებულად ჩაეთვლებოდა მინიმალური 24 ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი და მოიპოვებდა 1 კრედიტქულას) და საჭირო 19 კრედიტქულას შეივსებდა სხვა აქტივობებით. მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობები (საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურების გარდა) ფასდებოდა და მათ კრედიტქულები ენიჭებოდათ სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ.
საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის მაქსიმალური ქულის % და კრედიტქულის შესაბამისობა:
60-დან ზემოთ – 10 კრედიტქულა
50-დან 60-მდე – 7 კრედიტქულა
40-დან 50-მდე – 4 კრედიტქულა
30-დან 40-მდე – 1 კრედიტქულა
პრაქტიკოს მასწავლებელთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა 2-ჯერ – ზაფხულში და შემოდგომაზე (წინა წლებში ტარდებოდა ერთხელ). ასევე, 2-2-ჯერ მიეცათ მათ შესაძლებლობა, აეტვირთათ და გამოექვეყნებინათ სკოლის ბაზაზე განხორციელებული აქტივობები, ხოლო სკოლის შეფასების ჯგუფებს ჰქონდათ საშუალება მიენიჭებინათ კრედიტქულები და წარედგინათ წინადადება კონკრეტული მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ.
2020 წელს კვლავ განხორციელდა ცვლილება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რომლის მიხედვითაც, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და 2020 წლის 30 აპრილმდე დარეგისტრირდნენ გამოცდაზე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად, მიეცათ შესაძლებლობა, კვლავ ნაწილობრივ დაედასტურებინათ კომპეტენცია (1, 4, 7, 10 კრედიტზე), გამოცდაზე უკეთესი შედეგის მიღების (დაიშვა პრეცედენტი, შეენარჩუნებინათ წინა წლებში მიღებული უკეთესი შედეგები) და 5 კრედიტიანი ტრენინგის წარმატებით გავლის გზით შეევსოთ 19 კრედიტქულა და შეეცვალათ სტატუსი.
იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და არ მიეცათ 2020 წლის ზაფხულში გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა.
გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდები ჩატარდა პანდემიურ გარემოში, რამაც გაახანგძლივა გამოცდის პერიოდი და საბოლოო შედეგების გამოცხადება, მთავრობის დადგენილებაში (სქემაში) კვლავ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და დარეგისტრირებულნი იყვნენ გამოცდაზე და ზემოაღნიშნული გზით ვერ შეძლეს 19 კრედიტქულის მოპოვება, შეუწყდათ სტატუსი, თუმცა საშუალება მიეცათ, საქმიანობა გაეგრძელებინათ 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლომდე.
2015 წელს, პირველადი გადანაწილებით, სისტემაში იყო 45 354 პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომლებსაც წლების განმავლობაში არაერთხელ ჰქონდათ სტატუსის ცვლილების საშუალება. ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ქართულ სექტორზე დასაქმებულია 4000-მდე მასწავლებელი, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და 2020 წლის 30 აპრილმდე დარეგისტრირდნენ გამოცდაზე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად და 1 კრედიტზეც კი ვერ შეძლეს პროფესიული და/ან საგნობრივი კომპეტენცის დადასტურება.
ასევე იხილეთ:
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება