დაუსრულებელი „ბოლო შანსი“
პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის 2021 წლის საკვლიფიკაციო გამოცდები ბოლო შანსი არ იქნება. ეს გადაწყვეტილება ცნობილი 29 ივლისს გახდა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დამატებითი პუნქტები გაჩნდა. გამოცდების დაწყებამდე განათლების სამინისტროს მხრიდან მუდმივად ისმოდა იმის მტკიცება, რომ თუ პრაქტიკოსი მასწავლებლები ამჯერადაც ვერ ჩააბარებდნენ პროფესიულ და საგნობრივ გამოცდას, მათ სკოლის დატოვება მოუწევდათ, სანამ გამოცდის ჩაბარებას არ შეძლებდნენ.
მკაფიო და პრინციპული განცხადებებით განსაკუთრებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე გამოირჩეოდა, რომელიც თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის პროფესიული და კარიერული წინსვლის დოკუმენტის შედგენის პროცესში მასწავლებლის სახლიც მონაწილეობს. რა გახდა გადაწყვეტილების მოულოდნელად შეცვლის მიზეზი, იყო თუ არა ეს მისი მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილება, რა პოზიცია აქვს ამჯერად პროფესიული ცენტრის დირექტორს, ახლო მომავალში გვეცოდინება.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, EDU.ARIS.GE გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუებიდან, სადაც განათლების ცენტრის დირექტორი პრაქტიკოს პედაგოგებსა და სამომავლო გადაწყვეტილებებზე საუბრობს.
„როცა ვიწყებდით განათლების რეფორმას, ვამბობდით, რომ არ უნდა გავუსვათ ხაზი მათ (მასწავლებლების) ასაკს, უნდა გვჭირდებოდეს პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. ახალი სქემით სკოლის ბაზის პროფესიულ განვითარებაზე გადავდივართ’’.
,,ჩვენ ვთქვით, რომ ამ წელს პანდემიის პერიოდში იქნებოდა უსამართლო ადამიანები კიდევ უფრო დიდი სტრესის ქვეშ დაგვეტოვებინა და მათ მივეცით შანსი კიდევ ერთხელ ჩაებარებინათ გამოცდა, 2021 წლის სექტემბერი იქნება ბოლო თუ ვერ დააკმაყოფილებენ გამოცდის პორობებს, ეს იქნება ბოლო შანსი იქამდე, სანამ შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას’’ (აჭარის ტელევიზია, გადაცემა ,,zoom განათლება’’, 12 დეკემბერი, 2020 წელი).
,,ყველა განათლების ექსპერტი თანხმდება, რომ მასწავლებელმა საგანში კომპეტენცია უნდა დაადასტუროს. როცა საგანში კომპეტენცია დადასტურებულია, შემდეგ მისი პროფესიული განვითარება უფრო შესაძლებელია. თუ მასწავლებელმა საგანი არ იცის, როგორ შეიძლება მან ასწავლოს?”… ,,პრაქტიკოსი მასწავლებელები ჩააბარებენ გამოცდას, თუ ვერ ჩააბარებენ, სკოლა მათ ადგილს ვერ დაიკავებს არაპროფესიონალი, რომელმაც საგანი არ იცის. სკოლა ისევ აიყვანს მას ხელშეკრულებით და გააგრძელებს საქმიანობას’’. (ინტერვიუ, 20 მარტი 2021 „ეტალონი“)
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რომელიც ძალაში 2019 წლიდან შევიდა ხაზგასმულია, რომ მასწავლებელი, განურჩევლად იმისა თუ რა სტატუსის მფლობელია, ვალდებულია ჩააბაროს გამოცდა იმ საგანში, რომელსაც ასწავლის. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით კი, მთავრობის დადგენილებას დაემატა ახალი პუნქტები. ბრძანებაში ვკითხულობთ:
„91. 2021-2022 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულებით, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად.“
საზოგადოებაში საუბრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან ხელისუფებას არ სურს პრაქტიკოსი მასწავლებლების განაწყენება და მათი ხმების დაკარგვა.
EDU.ARIS.GE-სთან საუბარში პრაქტიკანტი მასწავლებელი, რომელიც წელს გამოცდაზე მეოთხედ გავიდა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოელოდა და კმაყოფილია.
„პანდემიის დროს ასეთ გადაწყვეტილებას მოველოდით, პოლიტიკაზე საუბარს არ ვაპირებ, ვიცოდით, რომ ჩვენს მდგომარეობასაც გაითვალისწინებდნენ და შედეგების გასაუმჯობესებლად დროსაც მოგვცემდნენ“.
განსხვავებული პოზიცია აქვს მენტორ მასწავლებელს, რომელიც ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ კოლეგების მიმართ უპატივცემულობის გამოჩენა არ სურს, თუმცა პროცესში პოლიტიკურ საფუძველს ხედავს.
„პირადად ვიცნობ პროფესიული ცენტრის დირექტორს და ვიცი როგორი პოზიციაც აქვს. მე კი არა, ყველამ ვიცით და ეს რომ მისი გადაწყვეტილება არ იქნებოდა რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. როცა პრაქტიკოს მასწავლებელს ეუბნები, თუ ჩაიჭერი გამოცდაზე და შენი დარგი არ იცი ეგ არაფერია, ტრენინგს გაივლი და იმდენ კრედიტქულას მოგცემთ, რომ სამსახური არ დაკარგოო, ეს როგორ შეიძლება კაანონში ჯდებოდეს? რა თანამედროვე უნარებსა და ინტერკულტურულ მგრძნობელობაზე უნდა გადაამზადო მასწავლებელი, რომელმაც თავის საგანი არ იცის, ვის რაში სჭირდება მისი ქცევის მართვის ცოდნა, გაკვეთილი თუ ვერ ჩაატარა. სირცხვილია, რომ არჩევნების გამო ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, მე შემცხვებოდა მათ მაგივრად’’, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ოფიციალური განცხადება, თუ რა გახდა გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, არც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრს, არც განათლების სამინისტროსა და ხელისუფლებას გაუკეთებიათ. 30 ივლისიდან საქართველოს მთავრობამ საზოგადოებისთვის სხვადასხვა მიმართულებებით განვითარების ათწლიან გეგმების პრეზენტაცია დაიწყო. უკვე ჩატარდა ღონისძიება, რომელზეც განათლებისა და მეცნიერების 10 წლიანი გეგმის პრეზენტაცია, მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა, ღონისძიებას სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ მოწვეული სტუმრები, მასწავლების პროფესიული განვითარების ცენტრიდანაც. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოედგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, რომ სიახლეები მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის არ იქნება და შეიცვლება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაც და კრედიტების დაგროვების სისტემაც გადაიხედება.
მოამზადა მზეო შველიძემ
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება