GE

პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდისთვის რეგისტრაციის დაწყების დრო დადგინდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის მარტში დაიწყება. როგორც პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის, ისე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდის ჩატარება ივნისიში, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე იგეგმება.

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს მიენიჭება უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და შრომის ანაზღაურებასთან ერთად, საგნის მასწავლებლის მსგავსად, მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი.

პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს 2023 წლის 1-ლ იანვრამდე ეძლევათ შესაძლებლობა, დაადასტურონ კომპეტენცია, რაც „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრო ითვალისწინებს საკითხის აქტუალობას, საზოგადოების მაღალ ინტერესს და აქტიურად მუშაობს კანონით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის უსაფრთხოდ ორგანიზების მიმართულებით.

რაც შეეხება გამოცდების ჩატარების ზუსტ თარიღს, იგი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციაზე.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრაქტიკოს მასწავლებელთა და პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა სტატუსის მოპოვების მიზნით გამოცდის ჩატარება დაგეგმილი იყო 2020 წლის ნოემბრის თვეში, თუმცა არსებული ეპიდვითარებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მიღებულ იქნა მისი გადატანის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებამდე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური