GE

„პრემიერს ვთხოვე, რომ სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა“

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში, ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სურვილი აქვს საქართველოს სკოლებში გალობა და ხალხური სიმღერა ისწავლებოდეს.

“მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება“, – განაცხადა ილია II-მ.

პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ფოლკლორის ცენტრი, საქართველოს მასშტაბით 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს 7 ახალი სკოლა დაემატება.

„კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო ჯგუფის ყველა წევრს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ ამ უნიკალური წიგნების გამოსაცემად, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19 მე- 20 საუკუნეების მიჯნაზე გამოცემული და ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები არის შესული.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური