მთავრობის გეგმა პროფესიულ განათლებაში, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტშია ასახული
პროფესიული განათლების მიმართულებით “დიდი ცვლილებები” 10 ოქტომბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, ხოლო EDU.ARIS.GE იმ გეგმას გაგაცნობთ, რომელიც მთავრობამ საქართველოს პარლამენტისთვის გადაგზავნილ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სწორედ პროფესიული განათლების მიმართულებით ასახა.
ახალი ხედვის პრეზენტაცია პროფესიული განათლების მიმართულებით, რომელიც კერძო სექტორისა და დამსაქმებლებისთვის განსაკუთრებული საჯარო შეთავაზების გაკეთებას ითვალისწინებს, განათლების სამინისტრომ უნდა გამართოს.
რა გეგმა წარმოადგინა მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტში პროფესიული განათლების მიმართულებით:
უზრუნველყოფილი იქნება პროფესიული განათლების დაფინანსების ეფექტიანი სისტემის შექმნა; ამოქმედდება პროფესიული განათლების დაფინანსების შედეგებზე დაფუძნებული მოდელი; შემუშავდება პროფესიული განათლების სისტემის განვითარების 2021 წლისა და მომდევნო წლების გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები; შეიქმნება კოლეჯების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმი − კერძო სექტორთან თანამშრომლობით დაფუძნდება პროფესიული განათლების განვითარების სააგენტო, რომელიც საჯარო-კერძო პარტნიორობას დაეფუძნება და უზრუნველყოფს პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას; გაიზრდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში დარგობრივი გაერთიანებებისა და კერძო სექტორის როლი; გაიზრდება პროფესიული საგანმანათლებლო, მომზადებისა და გადამზადების პროგრამების ხელმისაწვდომობა; შემუშავდება პროფესიული განათლების მიღმა მყოფი მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირებისა და პროფესიულ განათლებაში ჩართვის მექანიზმები.
როგორც ბიუჯეტის შესახებ მომზადებული დოკუმენტიდან ვიგებთ, სახელმწიფომ იფიქრა პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიაში შესვლისა და განვითარების საკითხზეც და განმარტავენ, რომ დამტკიცდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და მისი მომზადების, პროფესიაში შესვლისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ახალი მოდელი და ამოქმედდება პროფესიული განათლების მასწავლებლის შედეგებზე ორიენტირებული შრომის ანაზღაურების ახალი სქემა.
გარდა ამისა, მთავრობის გეგმით, ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად დაინერგება პროფესიულ კვალიფიკაციათა ახალი ჩარჩო, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროცედურები, კრედიტების ახალი სისტემა და პროფესიული სტანდარტების კერძო სექტორის მიერ/მონაწილეობით შემუშავების წესი; გაიზრდება დუალური და ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების რაოდენობა, რის საფუძველზედაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 65%-მდე, ხოლო პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების მონაწილეთა − 70%-მდე გაიზრდება; განისაზღვრება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების მარეგულირებელი ჩარჩო, დაიწყება მათი დანერგვა და პროგრამებზე სტუდენტთა მიღება; გაიზრდება ინტეგრირებული პროგრამების მასშტაბი; დაიწყება არაფორმალური განათლების აღიარება და გაიზრდება მისი აღიარების მასშტაბი; პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისთვის შეიქმნება 71 საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობები საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განსახორციელებლად და ინგლისური ენის სწავლების გასაძლიერებლად; დაინერგება პროფესიული განათლების მართვის ელექტრონული სისტემა; შეიქმნება პროფესიული განათლების საინფორმაციო პორტალი; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გაგრძელდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭიროების შესაბამისად ახალი დაწესებულებების დაფუძნება; განხორციელდება ღონისძიებები არსებული დაწესებულებების გეოგრაფიული ქსელის საჯარო-კერძო პარტნიორობით გაფართოებისთვის.
ზემოაღნიშნული გეგმის შესრულების ვადები უცნობია.
ამავე თემაზე:
„გვინდა, პროფესიული განათლება პრაქტიკულად სავალდებულო გავხადოთ ზოგად განათლებაში“
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- გამოქვეყნდა უმაღლეს და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირების განრიგი და დავალებათა ნიმუშები by პროფესიული განათლების ამბები
- 20 საჯარო სკოლაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო by პროფესიული განათლების ამბები