GE

პროფესიული პროგრამები ბსუ-ში და დასაქმების პერსპექტივა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე ათეული წელია წარმატებით ახორციელებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს. ბოლო პერიოდში, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება პროფესიული განათლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისადმი. შესაბამისად, ბსუ-მ 2017-2018 სასწავლო წლისათვის ახალ 15 პროფესიულ პროგრამაზე გამოაცხადა მიღება. ამ დროისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემებით, საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია 630-მა აპლიკანტმა გაიარა, აქედან 4 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირია.

უნივერსიტეტში პროფესიული პროგრამების განხორციელების პირობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ბსუ-ს რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში თამარ სირაძე გვესაუბრება.

– ქალბატონო თამარ, როგორც ცნობილია, წინა წლებისაგან განსხვავებით, უნივერსიტეტმა გაცილებით მეტ პროფესიულ პროგრამაზე გამოაცხადა მიღება.

– პროფესიულ განათლებას საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელობა და აქტუალობა დაკარგული ჰქონდა. ბოლო პერიოდში საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის, შრომის ბაზარზე პროფესიული განათლების ორიენტაციის, სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობისა და მობილურობის ამაღლების აუცილებლობის მოთხოვნის პირობებში, შეიქმნა ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცე. ეს კი ხელს შეუწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობის სისტემის შექმნას, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის შესაბამისად, დროულად პასუხობს სიახლეებს და გამოწვევებს. ამჯერადაც, ტრადიციას არ უღალატა და აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში. სწავლების სამივე საფეხურის პროგრამებთან ერთად, დიდ  ყურადღებას უთმობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებსაც. თუკი ბოლო წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 2-3 პროფესიულ პროგრამას ახორციელებდა, წელს ეს რიცხვი 17-მდე გაიზარდა.

– მათგან რომელია ახალი პროფესიული პროგრამები?

– 15 პროფესიული პროგრამაა ახალი, ესენია: ვებპროგრამისტი (V საფეხური), ვებინტერფეისის დეველოპერი (III საფეხური), ვებინტერფეისის დიზაინერი (III საფეხური), ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი (III საფეხური), ბუღალტერ-ტექნიკოსი (III საფეხური), ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (V საფეხური), პრაქტიკოსი ექთანი (V საფეხური), ფარმაცევტის თანაშემწე (IV საფეხური), ბიბლიოთეკარი (IV საფეხური), კორესპონდენტი (III საფეხური), არქიტექტორ-ტექნიკოსი (IV საფეხური) (მოდულური პროგრამა), მშენებლობის მწარმოებელი (IV საფეხური), სარესტორნო საქმის წარმოება (III საფეხური), კომპიუტერულიქსელებისადასისტემებისტექნიკოსი (III საფეხური) და მეფუტკრე (III საფეხური). ამ პროგრამებზე 420 მსურველი ჩაირიცხება.

– ქალბატონო თამარ, ვინ წარუძღვება სასწავლო პროცესს და რა პირობებში ისწავლიან სტუდენტები?

– პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ბსუ განახორციელებს უნივერსიტეტის სამ ძირითად კორპუსში, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ აუდიტორიებში, სტუდიებსა და ლაბორატორიებში.მათი მატერიალურ-ტექნიკურად აღჭურვა უზრუნველყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმწიფო დაფინანსებით.

სასწავლო პროცესს გაუძღვებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული და პრაქტიკოსი სპეციალისტები. ამდენად, სასწავლო პროცესი წარიმართება მაღალ აკადემიურ დონეზე. ჩვენთან მომზადდებიან შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრები, რომელებიც მოახერხებენ შრომით ბაზარზე არსებულ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებთან გამკლავებას. მათ შეეძლებათ როგორც დასაქმება, ასევე საკუთარი ბიზნესის წამოწყება. იმდენად, რამდენადაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ბაზრის მოთხოვნებზეა დაფუძნებული, დასაქმების შესაძლებლობა ძალიან მაღალია. დასაქმებას ასევე ხელს შეუწყობს საწარმოო პრაქტიკების გამოცდილებაც.

– ქალბატონო თამარ, სად გაივლიან სტუდენტები პრაქტიკას?

– პრაქტიკის გავლა შესაძლებელია შესაბამისი პროფილის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებში, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებსა და საწარმოებში, ამ დაწესებულებებთან დადებული მემორანდუმების საფუძველზე.

– ვის შეუძლია ამ პროგრამებზე სწავლა?

– სწავლა შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის ადამიანებს, რომელთაც საბაზო და სრული ზოგადი განათლება აქვთ მიღებული. პროფესიული განათლება წარმოადგენს სწავლა სიცოცხლის განმავლობაში პროექტის შემადგენელ ნაწილს, შესაბამისად, ზრდასრულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ უმოკლეს დროში კონკრეტული პროფესიის დაუფლების შემდეგ, მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები და უპრობლემოდ დასაქმდნენ შესაბამისი პროფილის სტრუქტურებში.

– და რაც მთავარია, სწავლა უფასოა?

– დიახ, სწავლა უფასოა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს სახელმწიფო.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური