GE

პროფესიული უნარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ირინე მარგიშვილია

პროფესიული უნარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და ეს ირინა მარგიშვილია, რომელიც გიორგი ამილახვარის მიერ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი იყო, გიორგი ამილახვარის გამინისტრების შემდეგ კი სამინისტროში გადავიდა.

ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის ან მისი ბიოგრაფიული ცნობების თაობაზე ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს არ გაუვრცელებია. სიახლეს იმ შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებული პრეს-რელიზიდან ვიგებთ, რომელიც სამუშაო შეხვედრას ეხება:

“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან და პროფესიული უნარების სააგენტოს ახალ ხელმძღვანელ ირინა მარგიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სააგენტოს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მხარეებმა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს”, – წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უნარების სააგენტოს აქამდე თამარ ქიტიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ეს თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ იყო გარკვეული აცდენები იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მინისტრს და სამინისტროს ჰქონდა დასახული და მიიღეს გადაწყვეტილება, ხელმძღვანელი შეცვლილიყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური