დამტკიცდა განახლებული სქემა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის – მოთხოვნები, შეფასება და ყველა დეტალი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით 16 მარტს პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები განახლდა.
ბრძანება, გარდა პირველი მუხლისა, უკვე ამოქმედდა, ხოლო პირველი მუხლის ამოქმედება 2027 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.
EDU.ARIS.GE გიზიარებთ დამტკიცებულ დოკუმენტს:
პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები (შემდგომ – წესი) ადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეებს, პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და წესს, პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და პროფესიული განვითარების წესსა და პირობებს, ასევე, კარიერული წინსვლის საკითხებს.
2. ეს წესი ვრცელდება საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებზე.
3. პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელ პირზე ეს წესი ვრცელდება ამ წესით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელებაში ჩართულ უცხო ქვეყნის მოქალაქე პროფესიული განათლების მასწავლებელზე, რომელსაც პროფესიული განათლების ფარგლებში მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებელი – პირი, რომელიც სასწავლო პროცესს წარმართავს პროფესიული განათლების ფარგლებში (გარდა პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამისა). პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეებია ძირითადი მასწავლებელი, მოწვეული მასწავლებელი, ინსტრუქტორი;
ბ) ძირითადი მასწავლებელი – პირი, რომელიც აკმაყოფილებს ძირითადი მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და პროფესიული განათლების ფარგლებში წარმართავს სასწავლო პროცესს;
გ) მოწვეული მასწავლებელი – პირი, რომელიც აკმაყოფილებს მოწვეული მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არის შესაბამისი დარგის მოქმედი პრაქტიკოსი (რომელიც არ მოიცავს სწავლების გამოცდილებას) და პროფესიული განათლების ფარგლებში წარმართავს სასწავლო პროცესს;
დ) ინსტრუქტორი – პროგრამების თანაგანმახორციელებელი დაწესებულების წარმომადგენელი, რომელიც ამავე დაწესებულებაში დუალური ფორმით განხორციელებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში წარმართავს სასწავლო პროცესს;
ე) პროგრამა(ებ)ის თანაგანმახორციელებელი დაწესებულება – მეწარმე სუბიექტი/იურიდიული პირი, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების“ შესაბამისად, ჩართულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დუალური ან კოოპერაციული სწავლების ფორმით განხორციელებაში;
ვ) კანდიდატი – პირი, რომელსაც სურს ძირითად, ან მოწვეულ მასწავლებლად მუშაობის დაწყება;
ზ) ელექტრონული სისტემა – ელექტრონული სისტემა წარმოადგენს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს, რომლის მეშვეობითაც ელექტრონულად ხორციელდება პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება;
თ) დაწესებულება – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება;
ი) პორტფოლიო – პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის, უწყვეტი პროფესიული განვითარების, სწავლა-სწავლების პროცესში მისი პრაქტიკული საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული წარმატების ამსახველი დოკუმენტების ორგანიზებული ერთობლიობა;
კ) მსმენელი – პროფესიული განათლების მასწავლებელი/მასწავლებლობის მსურველი, რომელიც გადის პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამას.
2. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 3. პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვება და შეწყვეტა
1. პირი, კონკრეტული დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს პროგრამის განხორციელების შესახებ წინარე ხელშეკრულების, შრომითი ხელშეკრულების, მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების გზით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ვადის გასვლის ან შეწყვეტის შემთხვევაში პირს უწყდება ამ დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი.
3. დაწესებულება ვალდებულია პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ამ წესის შესაბამისად ასახოს ელექტრონულ სისტემაში.
4. პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტის შემდეგ პირი, პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს თავიდან, ამ წესის შესაბამისად.
თავი II
პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევა
მუხლი 4. პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისთვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
2. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის განისაზღვრება ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
3. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგენილია ამ წესით.
4. პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციისთვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება დადგინდეს დარგის/მოდულის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მოდულის სტანდარტული ჩანაწერებით.
5. ძირითადი და მოწვეული მასწავლებლის პოზიციებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს დაწესებულების მიერ.
6. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შეიძლება იყოს როგორც სავალდებულო, ასევე სასურველი.
მუხლი 5. პროფესიული განათლების მასწავლებლის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. ძირითად მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება, ან/და პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი არანაკლებ ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ მცირე სამ-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
2. მოწვეულ მასწავლებლად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოპოვების დროისთვის უნდა იყოს მოქმედი პრაქტიკოსი შესაბამის დარგში.
3. ინსტრუქტორად მუშაობის დასაწყებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.
4. ამ მუხლით განსაზღვრული პროგრამით/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული მისაღწევი სწავლის შედეგების შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დადასტურების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ.
5. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კანდიდატი აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, დაწესებულება უფლებამოსილია კანდიდატთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება პროფესიული განათლების მასწავლებლის შესაბამისი სახის მინიჭებასთან დაკავშირებით.
6. პროფესიული განათლების მასწავლებელი, რომელიც ახორციელებს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლებას, შესაძლებელია იყოს როგორც ძირითადი, ისე მოწვეული მასწავლებელი.
მუხლი 6. პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევის ფორმები
1. დაწესებულების მიერ ძირითადი ან მოწვეული მასწავლებლის შერჩევა ხორციელდება დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
2. ინსტრუქტორის შერჩევა ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის თანაგანმახორციელებელი დაწესებულების მიერ.
თავი III
პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ საქმიანობის დაწყება
მუხლი 7. პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ საქმიანობის დაწყება
1. ძირითადი მასწავლებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში დაადასტუროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას უკვე დადასტურებული აქვს პროგრამის გავლა.
2. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლამდე/გავლის დადასტურებამდე დაწესებულება ძირითად მასწავლებელს ხელშეკრულებას უფორმებს არაუმეტეს 18 თვის ვადით.
3. დაწესებულება უფლებამოსილია ძირითად მასწავლებელს დაასრულებინოს მოდულის განხორციელება, რომლის განხორციელებაც დაწყებული აქვს. ძირითადი მასწავლებელი, რომელიც 18 თვის გასვლის შემდგომ პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლის დადასტურებას ვერ შეძლებს, მას ეზღუდება საქმიანობის გაგრძელება იმავე ან სხვა დაწესებულებაში აღნიშნული პროგრამის გავლის დადასტურებამდე.
4. დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელებაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 46-ე მუხლით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლების არსებობის შემთხვევაში – შესაბამისი საფუძვლის არსებობის ვადით.
5. დაწესებულებას არ აქვს უფლება, ერთი პროგრამის ფარგლებში ჰყავდეს მხოლოდ მოწვეული მასწავლებლები.
6. მოწვეული მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს პროგრამის/მოდულ(ებ)ით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და შეფასების კომპეტენცია პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიმართულებით დაწესებულების მიერ დადგენილი ფორმით. ასევე, აქვს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში გაიაროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა.
7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დუალური სწავლების ფორმით განხორციელებისას, ინსტრუქტორი ვალდებულია სწავლების დაწყებამდე უზრუნველყოს ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამის გავლა ან შესაბამისი კომპეტენციების დადასტურება სსკ – სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დადგენილი წესის მიხედვით.
8. პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი პირის სტატუსის მოპოვებამდე ან მის შემდგომ, ნებისმიერ დროს გაიაროს ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამა ან პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა.
9. პროფესიული განათლების მასწავლებელი, რომელიც ახორციელებს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების სწავლებას, ვალდებულია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში დაადასტუროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების მასწავლებელზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები.
მუხლი 8. პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები
დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის ღონისძიებები ყველა იმ პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის, რომელიც შესაბამის დაწესებულებაში პირველად იწყებს პროფესიული განათლების ფარგლებში სწავლებას.
თავი IV
პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა
მუხლი 9. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის შინაარსი შესაძლებელია განსხვავდებოდეს პროფესიული განათლების მასწავლებლის სახეების მიხედვით:
ა) ძირითადი და მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა (შემდგომ – პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა), რომელიც ეყრდნობა პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და უზრუნველყოფს მომზადებას პედაგოგიური მიმართულებით;
ბ) ინსტრუქტორის (შემდგომ – ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამა) მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ინსტრუქტორის მომზადებას პედაგოგიური მიმართულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებში ინტეგრირებული უნდა იქნეს პროფესიული პრაქტიკის კომპონენტები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის შინაარსი და მინიმალური მოცულობა (საათებში) სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მტკიცდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის შინაარსი და მინიმალური მოცულობა (საათებში) დგინდება სსკ – სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პრაქტიკის კომპონენტი უნდა განხორციელდეს დაწესებულებაში.
6. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის თეორიული კომპონენტი შეიძლება განხორციელდეს როგორც დისტანციური, ისე არადისტანციური ფორმით.
მუხლი 10. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მქონე პირები და უფლების მოპოვება
1 პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (შემდგომ – პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განმახორციელებელი პირი), კანონმდებლობის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ.
2. სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა განახორციელოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების მოპოვების გარეშე.
3. ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილია სსკ – სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
4. ინსტრუქტორის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული კომპეტენციების დადასტურების მოთხოვნა შეუძლია პირს, რომელიც შესაბამისი დოკუმენტაციით ადასტურებს დუალური სწავლების ფორმით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ინსტრუქტორის პოზიციაზე არანაკლებ 3-წლიან ჩართულობას ბოლო 5 წლის პერიოდში.
მუხლი 11. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის დაფინანსება
ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ განხორციელებული პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის დაფინანსება ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით, ხოლო ინსტრუქტორის მოსამზადებელი პროგრამის დაფინანსების წესსა და პირობებს ადგენს სსკ – სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
მუხლი 12. პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის სერტიფიკატი
1. ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. პროგრამის სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილია ის იურიდიული პირი, რომელშიც დაასრულა პირმა პროგრამა ან მისი უფლებამონაცვლე.
2. სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი დგინდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) მიერ და მტკიცდება მინისტრის მიერ.
თავი V
პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასება და უწყვეტი პროფესიული განვითარება
მუხლი 13. პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების მიზანი და სავალდებულოობა
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების მიზანია:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის საჭიროებების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება;
ბ) ძირითად და მოწვეულ მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
გ) დაწესებულებაში სასწავლო პროცესის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
2. ამ წესის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასებასა და პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შედგენას ახორციელებს დაწესებულება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასება და პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შედგენა სავალდებულოა ძირითადი მასწავლებლისთვის.
4. დაწესებულება უფლებამოსილია, მოწვეულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მიიღოს გადაწყვეტილება მოწვეული მასწავლებლის მიმართ პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ამ თავით გათვალისწინებული წესის გავრცელებაზე.
5. პროგრამ(ებ)ის თანაგანმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია ინსტრუქტორი შეაფასოს ამ წესის შესაბამისად, დაადგინოს ინსტრუქტორის შეფასების ამ წესისაგან განსხვავებული წესი ან უარი თქვას ინსტრუქტორის შეფასებაზე.
მუხლი 14. ძირითადი მასწავლებლის შეფასების პერიოდულობა
1. დაწესებულება უზრუნველყოფს ძირითადი მასწავლებლის შეფასების ორგანიზებას სულ მცირე 2 (ორ) წელიწადში ერთხელ.
2. დაწესებულება ვალდებულია ძირითადი მასწავლებლის შეფასება დაგეგმოს იმგვარად, რომ დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების გაერთიანებული გეგმის შედგენა დასრულდეს არაუგვიანეს დაწესებულების განვითარების წლიური გეგმის დამტკიცებისა.
მუხლი 15. ძირითადი მასწავლებლის შეფასების მეთოდები
1. ძირითადი მასწავლებლის შეფასება ხორციელდება:
ა) ძირითადი მასწავლებლის თვითშეფასებით, რაც გულისხმობს ძირითადი მასწავლებლის მიერ საკუთარი საქმიანობის ანალიზსა და შეფასებას, ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების დადგენას ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად, ასევე, აღნიშნულის საფუძველზე, პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებას;
ბ) დაწესებულების მიერ განსაზღვრული სხვა მეთოდით/მეთოდებით.
2. დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი მეთოდით ძირითადი მასწავლებლის შეფასების დაწყებამდე არანაკლებ 3 (სამი) თვით ადრე განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეფასების მეთოდი/მეთოდები, აღნიშნული მეთოდით ძირითადი მასწავლებლის შეფასების წესი და ინსტრუმენტები და უზრუნველყოს მისი გაცნობა ძირითადი მასწავლებლისთვის.
მუხლი 16. ძირითადი მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები და პროცესი
1. ძირითადი მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული თითოეული სტანდარტი.
2. ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ძირითადი მასწავლებლის შეფასების მიზნით დაწესებულება შეიმუშავებს შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტს/ინსტრუმენტებს, მათ შორის თვითშეფასების განხორციელების ფორმას, წესსა და პირობებს.
3. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს შეფასების პროცესის ადმინისტრაციული და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა.
4. ძირითადი მასწავლებლის შეფასების პროცესი სრულდება პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავებით.
მუხლი 17. ძირითადი მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა
1. ძირითადი მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარება უზრუნველყოფილია პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის განხორციელებით.
2. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი მასწავლებლის პროფესიული განვითარების გაერთიანებული გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზება.
3. ძირითადი მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით, დაწესებულება უფლებამოსილია:
ა) ითანამშრომლოს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან;
ბ) განახორციელოს ძირითადი მასწავლებლის პროფესიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა;
გ) შრომითი ხელშეკრულება გაუფორმოს შესაბამის ტრენერს/ტრენერებს;
დ) ითანამშრომლოს პროგრამ(ებ)ის თანაგანმახორციელებელთან;
ე) მოიძიოს გრანტები ან სხვა დაფინანსების წყარო;
ვ) ითანამშრომლოს სხვა დაწესებულებასთან.
4. ძირითადი მასწავლებლის პროფესიული განვითარების გაერთიანებული გეგმის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით, დაწესებულებები უფლებამოსილი არიან სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
პროფესიული განათლების მასწავლებლის კარიერული წინსვლა
მუხლი 18. პროფესიული განათლების მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაძლებლობები
1. პროფესიული განათლების მასწავლებლის კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს დაწესებულება.
2. დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს პროფესიული განათლების მასწავლებლის რანგები და წოდებები, ასევე ამ რანგის და წოდების მინიჭების პირობები და გამჭვირვალე პროცედურები.
3. დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლოა განისაზღვროს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ დამატებითი, მათ შორის ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა და დატვირთვის მაქსიმალური მოცულობა საათებში, რაც სასწავლო დატვირთვასთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ მაქსიმალურ დატვირთვას და შესაბამისობაში უნდა იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
თავი VII
ელექტრონული სისტემა
მუხლი 19. ელექტრონული სისტემა
1. ელექტრონული სისტემის საშუალებით ხორციელდება:
ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის რეგისტრაცია;
ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე პირთა რეგისტრაცია, აღნიშნული პროგრამის გავლისა და დასრულების პროცესების მართვა;
გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის შეფასების და მისი უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის ორგანიზება;
დ) პროფესიული განათლების მასწავლებლების პორტფოლიოს მართვა.
2. დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს ელექტრონული სისტემის საშუალებით.
მუხლი 20. ელექტრონული სისტემის უსაფრთხოება და მასში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობა და შენახვის ვადა
ელექტრონული სისტემის უსაფრთხოებაზე და მასში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობასა და შენახვის ვადაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ XIV თავით განსაზღვრული წესები.
თავი VII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 21. გარდამავალი დებულებები
1. პირებს, რომლებიც 2027 წლის 1 იანვრისათვის არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და არ აკმაყოფილებენ პროფესიული განათლების მასწავლებლის ამ წესით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, აღნიშნული მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ 2029 წლის პირველ იანვრამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ყველა პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის ამ წესით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია პირს შეუწყვიტოს პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული განათლების მასწავლებელს დაასრულებინოს იმ მოდულის განხორციელება, რომლის განხორციელებაც დაწყებული აქვს.
4. 2027 წლის 1 იანვრის შემდგომ დაუშვებელია პროფესიული განათლების მასწავლებლად ისეთი პირის მიღება, რომელიც არ აკმაყოფილებს პროფესიული განათლების მასწავლებლისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე.
5. პირებს, რომელთაც 2024 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გავლილი აქვთ ინსტრუქტორის მომზადების პროგრამის ტრენინგი და ჩაბარებული აქვთ შესაბამისი გამოცდა, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ.
6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ წესის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ წესით გათვალიწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა.
7. დაევალოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონული სისტემის შემუშავება.
8. დაევალოთ დაწესებულებებს ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებლების ძირითად და მოწვეულ მასწავლებლებად განსაზღვრა, ხოლო ელექტრონული სისტემის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში ინფორმაციის მასში ასახვა.
9. იმ პირებზე, რომლებიც 2027 წლის 1 იანვრისათვის არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები არ გავრცელდეს ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების პროგრამის გავლის ვალდებულება.
ამავე თემაზე:
დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი
-
დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სახელმწიფო არღვევს საკუთარ კანონმდებლობას და აცხადებს, რომ ამას განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აკეთებს!“ – ქეთევან ჭკუასელის ანალიზი
by განათლებული ბლოგი
-
დამტკიცდა ფარმაციის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი – რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები
by ARIS.GE-განათლება