GE

აწსუ-ში საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული გაიმართა

საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული კვირეული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14-17 აპრილს გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტისა და ქართული ენის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ორგანიზებით.

კვირეული დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის პირველკურსელთა ტრადიციული აქციით (ხორციელდება 2005 წლიდან). სტუდენტებმა უნივერსიტეტისა და ქალაქის მასშტაბით დაარიგეს სამახსოვრო ბუკლეტები ქართული ენის შესახებ ცნობილ მოღვაწეთა გამონათქვამებითა და უმართებულო ფორმათა მართებული შესატყვისებით.

1978 წლის 14 აპრილს მიეძღვნა ღონისძიება „1978 წლის 14 აპრილი – უწყვეტი დიალოგი ისტორიასთან“. თემატურად მრავალფეროვანი ფოტოგამოფენის ფონზე 1978 წლის 14 აპრილის ქრონიკების ამსახველი ვიდეომასალის (ავტ. ა. ბაქანიძე) ჩვენების შემდეგ სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის წევრებმა: ელენე გელხვიიძემ, ლიკა წულაიამ, ანა საცერაძემ, მელანო ჩანქსელიანმა დამსწრეთა წინაშე წარმოადგინეს საკუთარი შემოქმედება (ესსები, ლექსი…), რომელშიც ჩანდა თითოეული მათგანის თვალით დანახული 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები.

მოგონებებით გამოვიდნენ: რექტორი ასოც. პროფ. შ. კირთაძე, რექტორის მოადგილე ასოც. პროფ. ე. გაჩეჩილაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფ. ს. კუპრაშვილი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი პროფ. ნ. კუტივაძე, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფ. ა. ნიკოლეიშვილი, ქართული ენის მიმართულების ხელმძღვანელი პროფ. რ. საღინაძე, მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურის უფროსი ასოც. პროფ. ნ. ფხაკაძე; ემოციური და ამაღელვებელი იყო 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების უშუალო მონაწილის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლის ქალბატონი მანანა ნუცუბიძის გამოსვლა.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ესსეების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები. მონაწილეებმა ერთი საათის განმავლობაში შექმნეს ესეები. სტუდენტების ნაშრომებს ჟიური შეაფასებს და გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან სიგელებითა და პრიზებით.

დასასრულ, ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და აწსუ სტუდენტებისათვის გაიმართა მასტერკლასი კალიგრაფიულ ხელოვნებაში, რომელსაც უძღვებოდა კალიგრაფი ფიქრია ჭაბუკიანი. მასტერკლასი საკმაოდ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული როგორც კალიგრაფიული, ასევე, შემეცნებითი თვალსაზრისით.

კვირეულის ფარგლებში პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის წევრებმა ყვავილებით შეამკეს უნივერსიტეტის ეზოში არსებული „დედა ენის“ ძეგლი და ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის გიორგი ახვლედიანის ბიუსტი.

კვირეულის დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არ გამქრალა 1978 წლის 14 აპრილის სულისკვეთება, რომ თაობებში გრძელდება „უწყვეტი დიალოგი ისტორიასთან“.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური