ისევ იზრდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ, განათლების სფეროს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სამუშაო შეითავსონ – ჩამონათვალი
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის საფუძველზეც უკვე მეორედ გაიზრდება განათლების სფეროს იმ წარმომადგენლების რაოდენობა, რომლებსაც შეეძლებათ, რომ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში.
კერძოდ, წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი და მისი დამტკიცების შედეგად, საჯარო მოსამსახურეებს უფლება მიეცემათ შეთავსებით განახორციელონ: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმძღვანელოს შექმნასთან დაკავშირებული, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების/არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესთან დაკავშირებული ანაზღაურებადი საქმიანობები,
შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
როგორ განმარტავს მთავრობა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგახრდობის სამინისტრო კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზებს:
“კანონპროექტი საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან პროექტით წარმოდგენილი ინიციატივები მიზანშეწონილია დარეგულირდეს დროის მოკლე მონაკვეთში. ვინაიდან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების (1353-Vმს-XIმპ; 04/02/2026) საფუძველზე, ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება-დამტკიცების პროცესი უკვე დაწყებულია და აუცილებელია ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ განათლების სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა ნაწილი საჯარო მოსამსახურე ან საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. სახელმძღვანელოების შექმნისათვის განსაზღვრული ვადების (2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე) გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ აღნიშნული სამართლებრივი საკითხი დროულად იქნეს მოწესრიგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხდება, რაც უარყოფითად აისახება ზოგადი განათლების ხარისხზე და სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე”.
კანონპროექტი პირდაპირ დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს შემდეგ პირებზე: (ამონარიდი კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან):
1. საჯარო მოსამსახურეებზე და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე, რომლებიც შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის/უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე ჩაერთვებიან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების შექმნაში – მათ მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ანაზღაურება სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობისათვის ან სარედაქციო-საექსპერტო მომსახურებისათვის;
2. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა კორპუსის წევრ იმ ექსპერტებზე, რომელებიც ძირითადად საქმიანობენ სახელმწიფო უწყებებში/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. აღნიშნულ პირებს, შეეძლებათ შესაბამისი ორგანიზაციების ხელმძღვანელის/უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული თანხმობით, განაგრძონ ცენტრთან თანამშრომლობა და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება. ასევე, სამომავლოდ საჯარო მოსამსახურეებს და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, რომელთაც სურვილი ექნებათ შევიდნენ ცენტრის ექსპერტთა კორპუსში, მიეცემათ შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა;
3. ავტორიზაციის, აკრედიტაციის და სხვა საბჭოების იმ წევრებზე, რომლებიც ამავდროულად დასაქმებულნი არიან საჯარო სამსახურში და აღნიშნული კანონიდან გამომდინარე ეზღუდებოდათ ანაზღაურების მიღება. გასათვალისწინებელია, რომ ხსენებული საბჭოების შემადგენლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. წარმოდგენილი ცვლილებით ისინი შეინარჩუნებენ საბჭოს წევრობისთვის გათვალისწინებულ შესაბამის ანაზღაურებას ძირითადი სამუშაოს პარალელურად.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის, თუ რა პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად ცვლილება: კანონპროექტის დეტალური განმარტება
ამავე თემაზე:
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება