GE

„ქართულში მხოლოდ ეს აბიტურიენტები იღებენ მაღალ შეფასებას“ – ნანა ლოლაძის გაფრთხილება 2024 წლის აპლიკანტებს

„დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ქართულის ტესტში არასაპროგრამო ტექსტის არჩევის შემთხვევაშიც მხოლოდ ის აბიტურიენტები იღებენ მაღალ შეფასებას, რომლებსაც ძალიან კარგად აქვთ შესწავლილი საპროგრამო ტექსტები“, – ამის შესახებ 2024 წლის აბიტურიენტების საყურადღებოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ლოლაძემ დღეს, 8 დეკემბერს გამართული ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში ისაუბრა.

მისი თქმით, ზოგ აბიტურიენტს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ უცნობი ტექსტის ანალიზს დაწერს და საპროგრამო ნაწარმოებების სწავლას ურჩევნია, უცნობი ტექსტი დაწეროს, რაც არასწორია, რადგან არასაპროგრამო ნაწარმოებებიც თემატიკითაც, და სირთულის თვალსაზრისითაც, საპროგრამო ნაწარმოებების ანალოგიურია.

ის შეხვედრაზე ისეთ საკითხებს შეეხო, რომლებიც აბიტურიენტებმა ამ ეტაპისთვის, მოსამზადებელ პერიოდში უნდა გაითვალისწინონ და უმთავრეს საკითხად სწორედ პროგრამული ნაწარმოებებისა და ტექსტების შესწავლა დაასახელა.

“აუცილებლად, ძალიან გულდასმით გაიხსენეთ, ახლებურად გაიაზრეთ და თუ სადმე ხარვეზი გაქვთ ცოდნის, რომელიმე ტექსტს კარგად არ იცნობთ, აუცილებლად შეისწავლეთ. ეს გახლავთ საგამოცდო პროგრამაში მითითებული მხატვრული ნაწარმოებები”, – განაცხადა ნანა ლოლაძემ.

გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ბოლო წლებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესრულებული აბიტურიენტების ნაშრომები უჩვენებს, რომ მათი ლექსიკა მწირია. ამიტომ, მან გამოსაცდელებს ურჩია იკითხონ საგამოცდო პროგრამაში შესული ტექსტები, რომლებიც მისცემთ ლექსიკის მარაგით გამდიდრების შესაძლებლობას.

ნანა ლოლაძემ, აბიტურიენტებს ასევე ურჩია, დაიცვან ზომიერება, როცა საქმე ეხება სხვისი სიტყვების ციტირებასა და პარალელებით საკუთარი აზრის არგუმენტირებას.

„ზოგადი განათლება არ ნიშნავს სხვისი ფრაზების დიდი რაოდენობით გამოყენებას. ჩვენ უმაღლესი შეფასება მიგვიცია ნაწერისთვის, რომელშიც არც ერთი პარალელი და არც ერთი გამონათქვამი არ იყო მოხმობილი, მაგრამ ძალიან კარგად იყო ის საკითხი გაშლილი და აბიტურიენტის აზროვნება, მისი ხედვა, თანამედროვეობის მისი დამოკიდებულება მშვენივრად იყო ჩამოყალიბებული“, – თქვა ნანა ლოლაძემ.

რაც შეეხება, ესეში სიტყვების რაოდენობას, სპეციალისტი განმარტავს, რომ:

„ერთი რაც მკაფიოდ წერია, 4-5 წინადადება თუ არის მხოლოდ, ნაწერი საერთოდ არ შეფასდება. თუ თხზულებაში 150 სიტყვაზე ნაკლებია, მაშინ ენობრივი თვალსაზრისით, ანუ ლექსიკაში, გრამატიკასა და პუნქტუაციაში დაიწერება ნულები და არ შეფასდება. დანარჩენი კრიტერიუმებით, რა თქმა უნდა, შეფასდება. რაც შეეხება თხზულებაში სიტყვების მაქსიმალურ რაოდენობას, ჩვენ გასულ წელსაც გამოვაქვეყნეთ, როგორ გამოიყურება პასუხების ფურცელი და თქვენ შეგიძლიათ ამის მიხედვით ივარჯიშოთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენსიტყვიან თხზულებას წერთ, რომ დაგეტიოთ, რათა მერე არ აღმოჩნდეს, რომ ორჯერ მეტი დაწეროთ და შემოკლება მოგიწიოთ, გვერდები შეზღუდულია და პრაქტიკულად, ორი გვერდი სრული ორი გვერდი არ არის. ე.წ A3-ის ფურცელია, რომელსაც 2 გვერდის მოცულობა აქვს მეტს ვერ დაწერთ”, – აღნიშნა სპეციალისტმა.

2024 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში რედაქტირების დავალების შეცდომათა რაოდენობის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად, გამოცდების ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ  რაოდენობა დაკონკრეტებული ისევ არ იქნება.

„თქვენ მშვიდად შეასრულეთ ის სამუშაო, რაც გაქვთ. რამდენი შეცდომა იქნება და რამდენი აისახება შეფასების დროს როგორც მცდარი, ეს უკვე გასწორების პროცესში გამოჩნდება“, – აღნიშნა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:

გამოქვეყნდა აბიტურიენტთა 2024 წლის საგამოცდო პროგრამები და ინფორმაცია ტესტური დავალებების შესახებ

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური