„მრავალ ახალ წელს! მერე რა, რომ ჩვენ ივლისში ვიზეიმებთ“ – ყველაფერი, რისთვისაც განათლებაში 2023 წლის „მადლიერი“ ვარ
„ქეთი ცირეკიძე, ჩხოროწყუს რაიონიდან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. ჯერ-ჯერობით უფროსის სტატუსით, გაუქმებამდე წამყვანის გამოცდაჩაბარებული, თუმცა სამინისტროსგან წინსვლის პერსპექტივით შეჩერებული, კაცმა არ იცის რა დროითა და ვადით. ასჯერ რომ დავიბადო, ასჯერვე მასწავლებლობას ავირჩევ პროფესიად. მიყვარს და ძალიან დიდ იმედს ვხედავ მომავალ თაობაში. ხშირად აღვნიშნავ ჩემს მოსწავლეებთან, რომ ბედნიერი ვარ ამ თაობასთან ურთიერთობით და ვეუბნები თუ არ შეიცვლებით და ამ პრინციპებს ბოლომდე შეინარჩუნებთ, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს -მეთქი. უცნაური ბედის ადამიანი ვარ, არ მახსოვს ჩემს ცხოვრებაში მშვიდი, წყნარი პერიოდი. მებრძვის ცხოვრება და ვებრძვი მეც. მერწმუნეთ, არ არის მარტივი, მაგრამ მოთხოვნილებად მექცა უკვე და ვერც წარმომიდგენია ჩემი თავის მშვიდი ვარიანტი“.
ქეთი ცირეკითძეს ვთხოვეთ, 2023 წლის ბოლოს, სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველთან შეეჯამებინა გასული წელი და დაესახელებინა სამი რამ, რისთვისაც 2023 წლის მადლიერია განათლებაში, თუმცა უნდა გითხრათ, რომ მის შემთხვევაში სიტყვას – “მადლიერება” ბრჭყალებში მოქცევა მოუწია. თუ რატომ, თავად წაიკითხავთ:
2023 წელს ჩვენს სფეროში ბევრი სიახლის დაანონსებისა და მათი ფასადური განხორციელების წელი აღმოჩნდა. იმედით შევხვდით ახალგაზრდა მინისტრის დანიშვნას. აჰა, ახლა ნამდვილად გვეშველა- მეთქი. რა არის ისე კაცის გული, სულ რაღაცას ეპოტინება, უკეთესს, რა თქმა უნდა. ამ პოტინში დაგვავიწყდა, რომ ეს მინისტრი ისევ სისტემამ დანიშნა თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად, მაგრამ მაინც დავიბრმავეთ ეჭვის თვალები და გავაგრძელეთ ლოდინი, მგონი ეს ყველზე კარგად მასწავლებლებს გვეხერხება. გადავწყვიტე, განათლების სამინისტროს მადლობა გადავუხადო იმ ერთი წლისთვის, იმ დაანონსებული ბუნდოვანი სიახლეებისთვის, რომელსაც მჩხიბავებივით განვიხილავთ , ჯერ კიდევ ვერ მივხვდით (მგონი არც თვითონ იციან ) რა სიურპრიზს გვიმზადებენ. ვფიქრობ, ალ-ხორეზმმა უფრო სწრაფად შეადგინა და ამოხსნა კვადრატული განტოლების ფორმულა, ვიდრე ჩვენმა სამინისტრომ ხელფასების ზრდისა და მატება-კლების ფორმულა. იმდენად რთული აღმოჩნდა ეს ამბავი, რომ იანვარში დაანონსებული მატება ივლისამდე გადაიდო. ჩვენც რა უმადური ხალხი ვართ რა, მთავარია, გვემატება და რაღა გვაწუწუნებს?! მერე რა, რომ ახალი წელი ორ ერთ კვირაშია, ივლისშიც ხომ შეიძლება აღვნიშნოთ?! თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი მადლიერი ვარ, რომ იზრუნეს ჩემზე და ჩემნაირებზე, გაითვალისწინეს ჩვენი ნერვული სისტემის შესაძლებლობები და დაგვასვენეს. ძალიან წინ წახვედით, სამი წლის ნაფიქრი გამოცდაც კი ჩააბარეთო და დაისვენეთ ახლა, ყოველგვარი წინსვლის გარეშე გიმატებთ ხელფასსო… რა სტატუსი, რის სტატუსი, რა საჭიროაო?!
ერთი წელი გაგრძელდა დირექტორთა შესარჩევი კონკურსი. დიდი მონდომებით ჩავერთე ამ ფერხულში. ახლა ნამდვილად ეშველა სკოლებს- მეთქი და თეორიული გამოცდის გარდა, მოთმინებისა და ამტანობის გამოცდაც მოგვიწყვეს. რეკორდული ბუნდოვანებით გააგრძელეს პროცესი და როგორც იქნა, ბევრი ფიქრის შემდეგ, თითო კანდიდატი წარადგინეს სკოლებში. არ ვენდობით თქვენს არჩევანს, სჯობს თქვენ ენდოთ ჩვენს არჩევანს და დანიშნული კანდიდატისთვის ფორმალურად ჩაატარეთ არჩევნებიო. ყველაფერი ფორმალურია და დიდი ამბავი, ახლა, დირექტორებსაც ასე თუ ავირჩევთო.
მადლიერი ვარ, რომ აქაც გამიფრთხილდნენ. კი ხარ კარგი კადრი, მაგრამ არ ხარ გადმოცემულ სიაში და ვერ წარგადგენთო. რამხელა ტვირთი მომხსნეს მე ხომ ვიცი, თქვენც ხომ მეთანხმებით?! მადლიერი ვარ, აბა რა, საარჩევნოდ სიებით ხელში რომ არ მომიწევს უბან-უბან სიარული. მადლიერი ვარ, რომ მომცეს შესაძლებლობა შეულამაზებლად მესაუბრა სიმართლე, მადლიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლე განათლების სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ არის, მადლიერი ვარ, რომ ბიძაჩემი პარლამენტარი არ არის, მადლიერი ვარ, რომ მაღლაჩინოსნის მეზობლად არ ვცხოვრობ… ბატონმა მინისტრმა ბრძანა, მე რომ დავინიშნე, დირექტორთა შესარჩევი კონკურსი დაწყებული იყოო და ალბათ, ამით პასუხისმგებლობას აარიდა თავი. გამიკვირდა, ვინ შეუშალა ხელი პროცესი რომ გადაებარებინა?! დისკრეციას არ გამოვიყენებ, ჩემს გემოვნებას და შეხედულებებს სკოლას არ მოვახვევო, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს ამბავია. ეს თითო კანდიდატი ჩემი გემოვნებით წარადგინეს სკოლებში?
რა ვიცი! რა ვიცი!
მადლიერი ვარ, რომ დაუსრულებლად ვმონაწილეობთ ექსპერიმენტებში, რომლებშიც საცდელი ობიექტები ისევ მასწავლებლები ვართ. 12 წლის შემდეგ რომ მივხვდებით, თურმე, არსებული სქემა არ ვარგოდა და ახლა ახალია საჭირო, არაა სამადლობელი?! დიდი ამბავი, ახლა მასწავლებელმა საგანი 10 კრედიტზე ჩააბარა თუ 1-ზე , არ იყო ეს სწორი და აწი რამე ახალს მოვიფიქრებთო. მართალია, მერე რაა თუ მასწავლებელი საკუთარ საგანში 60%-ს ვერ გადალახავს. კი გვიყვარს მასწავლებლებს ვარაუდების გამოთქმა და დღეში რამდენ ვარაუდს „ვპოსტავთ“ საჯაროდ და ვის რა გვაწუხებს, მასწავლებლის ხელფასის ზრდასავით ბუნდოვანია. რა სჯობს ლაბირინთებში სიარულს, მთავარია, გვირაბის ბოლოს ოდესმე შუქი გამოჩნდეს და სეთურის მონა ზებოსავით არ დაგვემართოს.
მთავარია, ადამიანი ქართველი გავზარდოთო, კი იცით ვინც თქვა. ახლა მე გეკითხებით, რამე სხვას ვაკეთებდით? ან ეთნიკურ უმცირესობას და სხვა აღმსარებლობის ადამიანებს არ განვიხილავთ? მე აქ დავიბენი.
მადლიერი ვარ, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ ანერვიულეს, რომლებსაც მასწავლებლების ხელფასის გამოთვლა-დაანგარიშებაში ბადალი არ ჰყავთ და ამ წინასაახალწლოდ განწყობა არ გაუფუჭეს. თქვენ იზეიმეთ, მასწავლებლები ხმის ამომღები არ არიან, დაგველოდებიან და მანამდე ხურჯინებს შეკერავენ, „უპრეცედენტოდ“ მომატებული ხელფასი რომ ჩაატიონო.
და ბოლოს, ყველა სკოლის მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, მთელ საქართველოს, გილოცავთ დამდეგს! ერთი ცხადია, ვიბრძვი უკეთესი მომავლისთვის და ერთ დღესაც გათენდება. ახლა, როცა კანდიდატის სტატუსი გვაქვს, ამას უფრო იმედიანად და თავდაჯერებულად ვამბობ.
მრავალ ახალ წელს!
მერე რა, რომ ჩვენ ივლისში ვიზეიმებთ.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება