რა კრიტერიუმით გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია უმაღლეს სასწავლებლებში
არაერთი წელია, რაც უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში წარჩინებული სტუდენტები სახელწიფო სტიპენდიას იღებენ, რომელიც სემესტრულად 150 ლარის ოდენობით განისზღვრება. 2014 წლამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ სტუდენტთა დაფინანსებას ე.წ პრეზიდენტის სტიპენდია ერქვა, ახლა კი ის ამ სახელწოდებით – „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ ჩანაცვლდა. თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ სტიპენდიანტთა შერჩევის კრიტერიუმი ფაქტობრივად არ შეცვლილა და კვლავ ძველი სისტემით განისაზღვრება, რაც საერთო ჯამში მაღალ აკადემიურ მოსწრებას, ანუ სტუდენტთა მაღალ შეფასებას გულისხმობს.
თუმცა სტუდენტები პირად საუბრებში ჩივიან, რომ წლიდან წლამდე პრინციპის კონკრეტული დეტალები იცვლება, რაც მათ სტიპენდიის მოპოვებას უძნელებს.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა რა კრიტერიუმით გაიცემა უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო სტიპენდია, ვინ განსაზღვრავს სტუდენტთა რაოდენობას და ხომ არ შეცვლილა მისი მოპოვების პრინციპი სახელწოდების ცვლილებასთან ერთად. ამის გასარკვევად ჩვენ სამი სხვადასხვა უნივერსიტეტი შევარჩიეთ, სადაც სტიპენდიის გაცემის შესახებ მეტი დეტალის მოძიებას შევეცადეთ.
პრინციპში, თუ მცირე განსხვავებებსა და სისტემურ ნაწილს არ ჩავთვლით, საზომი კრიტერიუმი პრაქტიკულად ყველგან ერთნაირია – სტიპენდიის მისაღებად სტუდენტს აქტიურ სტატუსთან ერთად, მაღალი აკადემიური მოსწრება უნდა ჰქონდეს, რაც ამავდროულად მაღალ სარეიტინგო ქულას ნიშნავს.
რეიტინგი კი ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ, სემესტრის მანძილზე მიღებული შეფასებათა ჯამის საგნების რაოდენობაზე გაყოფით, ე.წ. საშუალო არითმეტიკულით გამოითვლება. თუმცა, ამ პრინციპით სტიპენდიას მხოლოდ უნივერსიტეტების ნაწილი გასცემს. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტთა საერთო ქულას უნივერსიტეტის ბაზაში არსებული სპეციალური პროგრამა ავტომატურ რეჟიმში ამუშავებს.
უფრო ზუსტად კი, სახელმწიფო სტიპენდია ილიაუნიში მას შემდეგ გაიცემა, როცა უნივერსიტეტში განათლების სამინისტროს ბრძანებულება შედის, რომლის მიხედვითაც ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტების 4% ფინანსდება. შესაბამისად, სტიპენდიანტი სტუდენტების რაოდენობა ყოველი სემესტრის ბოლოს განსხვავებულია.
„მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტროსგან ვიგებთ თუ რამდენი სტუდენტი ფინანსდება ამა თუ იმ სემესტრში, უნივერსიტეტი უკვე თავად ადგენს სტუდენტთა რეიტინგულ სიას,“ – ამბობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, EDU.ARIS.GE უნივერსიტეტის წარმომადგენელს სარეიტინგო ქულების დეტალებზე გაესაუბრა.
როგორც აგვიხსნეს, იმ შემთხვევაში თუკი სამინისტროს განკარგულებაში წერია, რომ 500 სტუდენტი უნდა დაფინანსდეს, ილიას უნივერსტეტი ადგენს ბაკალავრიატის საფეხურზე მიმდინარე სემესტრში ყველაზე რეიტინგული სტუდენტების სიას. ეს კი საშუალი ქულის მიხედვით განისაზღვრება. ანუ, თუ სტუდენტს 30 კრედიტი აქვს არჩეული (რაც იმას ნიშნავს, რომ მან 5 სასწავლო კურსი აირჩია) და თითოეულ საგანში გარკვეულ ქულებს აგროვებს, შემდეგ ეს ქულები საგნების რაოდენობაზე იყოფა. ამასთან, თუ სტუდენტს არჩეული აქვს 24 ან ნაკლები კრედიტი, ის რეიტინგულ სიაში საერთოდ ვერ მონაწილეობს.
„რეიტინგული სია კი რექტორის მიერ გამოცემული ბრძანებულების კრიტერიუმებით განისაზღვრება, რაც ზუსტად საშუალო ქულებსა და 24-ზე მეტ კრედიტს ნიშნავს. სტიპენდიის ასაღებად ასევე აუცილებელია სტუდენტს უნივერსიტეტში აქტიური სტატუსი ჰქონდეს. ეს კრიტერიუმები არ იცვლება და შესაბამისად, სტიპენდიის გაცემა მუდმივად ერთი და იგივე პრინციპით ხდება,“ – განუცხადეს EDU.ARIS.GE–ის ილიას უნივერსიტეტში.
რაც შეეხება უშუალოდ სარეიტინგო ქულის საშუალო მაჩვენებელს, ამას უნივერსიტეტის ბაზა ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრავს, რომელიც სპეციალური სისტემით – „არგუსით“ მუშავდება.
„მაგალითად, თუ გვყავს 11 ათასი აქტიური სტუდენტი, ვიღებთ მათ მონაცემებსა და საშუალო არითმეტიკულ ქულას. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ მაღალი რეიტინგის მქონე 510 სტუდენტია, გადაჭრა სწორედ ამდენივეზე ხდება. ხოლო თუ აღმოჩნდა, რომ ხუთას მეთერთმეტეს ან მეთორმეტეს ერთი და იგივე ქულა აქვს, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი სტიპენდიას თავისი ბიუჯეტიდან აფინანსებს.
„როგორც კი განათლების სამინისტროს განკარგულება მოგვდის და ამასთანავე, რექტორის ბრძანებულებაც გაიცემა, ჩვენი უნივერსიტეტის სისტემაში სახელობითი სია იტვირთება, რომლითაც სტუდენტს საკუთარი თავის იდენტიფიკაცია შეუძლია.
„ეს სისტემა მთელი საუნივესტიტეტო სივრცისთვისაც ღიაა და ამდენად, პროცესი სრულიად გამჭირვალეა,“- აღნიშნავს EDU.ARIS.GE – სთან საუბრისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილე და ელექტონული სისტემა -„არგუსის“ მთავარი ადმინისტრატორი ირინა ბაზღაძე.
რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, იქ სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა ბაკალავრიატის ან/და დიპლომატიური მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებზე წინა სემესტრების შედეგების გათვალისწინებით ხდება. ამის შესახებ EDU.ARIS.GE–ის თსუ–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
თსუ–ში დაფინანსება ასევე გაიცემა იმ სტუდენტზეც, რომელთაც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტების – ერასმუს მუნდუსის, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების, თსუ-სა და უცხო ქვეყნებს (პარტნიორ უნივერსტიტეტებს) შორის გაფორმებული მემორანდუმის/ხელშეკრულების ფარგლებში, უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო წინა კალენდარულ სემესტრში სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ჰქონდა.
როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, სტიპენდიის დაფინანსებისთვის შესარჩევ კანდიდატთა სია 100 ქულით განისაზღვრება. მათ შორის, 80 ქულა მაღალ აკადემიურ მოსწრებაში, რომელიც სტუდენტების მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით გამოიანგარიშება.
10 ქულა სამეცნიერო ნაშრომებში, ხოლო 10 ქულა საუნივესტიტეტო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობისთვის. სტიპენდიით დაფინანსებისთვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასებას თსუ-ში უშუალოდ შესაბამისი ფაკულტეტი ახორციელებს, ხოლო სტუდენტთა ერთიანი სია რექტორის სამართლებრივი აქტით მტკიცდება.
თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ლიკა გოდერძიშვილი უკვე 4 წელია თავადაა სტიპენდიანტი.
„სტიპენდიიც მისაღებად უპირველეს ყოვლისა მაღალი აკადემიური მოსწრებაა საჭირო, შემდეგ კი ამას მოჰყვება უნივერსიტეტში მიმდინარე კონფერენციებსა და სხვა ამ ტიპის აქტივობებში მონაწილეობის მიღება. მთავარი მაინც საგნების ქულების მაღალი მაჩვენებელი უნდა იყოს, რაც სტიპენდიის მიღების მთავარი წინაპირობაა. მე პირადად მე-4 წელია სტიპენდიანტი ვარ და არ მახსენდება შემთხვევა, ეს კრიტერიუმები შეცვლილიყო.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქულები სტუდენტებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ თავისი აქტივობებისა და ცოდნის დონით. აუცილებელია, რომ 24 კრედიტზე ნაკლები არ გქონდეს სემესტრში აღებული. გარდა ამისა, სემესტრის ბოლოს მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენთა სია უნივერსიტეტშიც გამოკრულია და შესაბამისად, იცი კიდევაც გახდები თუ არა სტიპენდიანტი. სტიპენდია თსუ-ში საერთო ჯამში სემესტრულად 750 ლარს შეადგენს და ამავე პერიოდულობით – სემესტრში ერთხელ ვიღებთ,“ – უთხრა EDU.ARIS.GE სტუდენტმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კი სტიპენდიები მხოლოდ და მხოლოდ ერთი პრინციპით გაიცემა – ეს არის მაღალი აკადემიური განათლება. ანუ, ამ უნივესრსიტეტის შემთხვევაში გამოცდებისა და ნებისმიერი სასწავლო ბარიერების გადალახვისას მიღებული ქულები ყოველი სემესტრის ბოლოს ჯიპიაი რეიტინგის სახით (რაც ქულათა მეშვეობით სემეტრულდ ან იკლებს ან იმატებს) შედგება. ხოლო ჯიპიაი რეიტინგი უნივერსიტეტში ყველა სტიპენდიას განსაზღვრავს.
თუკი ერთ სემესტრში რომელიმე სტუდენტი ჯიპიაი ქულებით სხვას აჯობებს, ბუნებრივია, რომ მას ჩაანაცვლებს. ანუ, ყოველი სემესტრის ბოლოს სტიპენდიანთა მონაცემები შესაძლოა იყოს მონაცვლეობითი.
„ეს პროცესი აბსოლუტურად გამჭირვალეა და შესაბამისად, სტუდენტებში რაიმე უკმაყოფილებას ვერ გამოიწვევს. გარდა ამისა, ეს აბსოლუტურად ობიექტური შეფასებაა, ვინაიდან სტუდენტის ჯიპიაი ქულას საგამოცდო შეფასება განსაზღვრავს, ხოლო ინფორმაცია ყველასთვის ღიაა. ერთადერთი, რასაც შესაძლოა სტუდენტთა უკმაყოფილება უკავშირდებოდეს, ესაა მათივე მოუთმენლობა, ვინაიდან საგამოცდო შეფასება ერთ წამში ვერ ხდება.
ჯერ ქულა იწერება, შემდეგ ეს განათლების სამინსტროში იგზავნება, იქიდან კი ჩვენ დამოწმებული სახით მოგვდის, რის შემდეგაც ეს ყველაფერი ვებ-გვერდზე იდება. ცხადია, ამ პროცესს თავისი ლოგიკური დრო სჭირდება, რა დროსაც სტუდენტები ვერ ითმენენ და გარკვეულ ემოციურ უკმაყოფილებას გამოხატავენ, თორემ სხვა მხრივ ყველა ინფორმაცია ღიაა. თავადვე ამოწმებენ დეკანატში და შემდეგ ხვდებიან, რომ უკმაყოფილება უსაფუძვლოა,“ – გვითხრეს სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
გიორგი მარგველაშვილის სახელით პრეზიდენტის სტიპენდიები აღარ გაიცემა
მოამზადა სალომე სარიშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება