გიორგი მარგველაშვილის სახელით პრეზიდენტის სტიპენდიები აღარ გაიცემა
უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული სტუდენტები პრეზიდენტის სტიპენდიებს აღარ მიიღებენ.
ჯერ კიდევ 1996 წელს, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაარსებული სტიპენდიები გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას აღარ გაიცემა.
Aris.ge- განათლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დეტალების დასაზუსტებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა. თამარ სანიკიძის უწყებაში ადასტურებენ, რომ წარჩინებული სტუდენტები “პრეზიდენტის სტიპენდიანტები” აღარ არიან.
“იმ ფინანსურ წახალისებას რასაც ადრე “პრეზიდენტის სტიპენდიები” ერქვა, ახლა “სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ეწოდება. 2013 წლიდან პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდა და ჯამში 3 500 000 ლარი შეადგინა. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, სახელმწიფო სტიპენდიებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სტუდენტთა საერთო რაოდენობის 4% იღებს. ადრე მხოლოდ 2% იღებდა, რაც შეეხება თანხას 3 500 000 ლარს, ის მთლიანად სამინისტროს ბიუჯეტშია გათვლილი, ” – განუცხადეს aris.ge- განათლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
მისივე ინფორმაციით, არ შეცვლილა თანხის ოდენობა. “პრეზიდენტის სტიპენდიების” მსგავსად, “სახელმწიფო სტიპენდიების” ოდენობა კვლავ 150 ლარით განისაზღვა.
იგივე რჩება სტიპენდიანტების შერჩევის კრიტერიუმიც. კარგი სწავლისთვის ყოველთვიური ფინანსური ანაზღაურებას საუკეთესო რეიტინგის მქონე ბაკალავრები მიიღებენ. რეიტინგი ყოველი სემესტრის დასრულების შემდეგ, სემესტრის მანძილზე მიღებული შეფასებათა ჯამის საგნების რაოდენობაზე გაყოფით, ე.წ. საშუალო არითმეტიკულით გამოითვლება.
“სიმართლე გითხრათ გული დამწყდა. მართალია ყოველთვიურად ისევ 150 ლარს ვიღებ, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ამბობ, რომ პრეზიდენტის სტიპენდიანტი ხარ. რაღაცნაირად უფრო ამაყი ხარ და მშობლებსაც უფრო უხარიათ,” -განუცხადა aris.ge-განათლებას ერთ-ერთმა სტიპენდიანტმა რუსუდან წიკლაურმა.
“პრეზიდენტის სტიპენდია” საქართველოში პირველად 1996 წელს – ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს გაიცა. წარჩინებული სტუდენტები 18 წლის წინაც კარგი სწავლისთვის ყოველთვიურად 150 ლარს იღებდნენ. აღნიშნულ საკითხზე aris.ge-განათლებას შევარდნაძის დროინდელი სახელმწიფო კანცელარიის – კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განყოფილების გამგის მოადგილეს მანანა ნაჭყებია ესაუბრა.
“მივაწოდეთ თუ არა იდეა ედუარდ შევარდნაძეს მან მოიწონა და მხარდაჭერა აღგვითქვა. მაშინ სტუდენტებს ორი მიმართულებით ვაფინანსებდით. ყოველთვიურად, წარჩინებულებს 150 ლარს ვუხდიდით და ასევე გვქონდა გრანტები 3000 ლარის ოდენობით. “პრეზიდენტის სტიპენდიანტი” სტუდენტიც შეიძლება გამხდარიყო და სკოლის მოსწავლეც. ვამაყობ, რომ ჩვენ დროს “პრეზიდენტის სტიპენდიანტები” იყვნენ ნიკა მემანიშვილი, ლაშა ბუღაძე, პიანისტი დები-ბერაიები, სოფო ნიჟარაძე, სოფო ალთუნაშვილი და კიდევ ბევრი ახალგაზრდა ვისაც დღეს ქართული კულტურა აბარია. პრეზიდენტის სტიპენდიები და გრანტები ენიჭებოდათ ახალგაზრდა მეცნიერებსაც. ყოველი წლის 7 იანვარს კი ხდებოდა პრეზიდენტის სტიპენდიანტების საანგარიშო ღონისძიება. გიორგი მარგველაშვილს არ ვურჩევდი ამ სტიპენდიის გაუქმებას. ნიჭს წახალისება სჭირდება ,”-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ “პრეზიდენტის სტიპენდიების” გაცემა გარკვეული პერიოდით შეწყდა, თუმცა მიხეილ საკააშვილის 2007 წლის 14 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე -“პრეზიდენტის სტიპენდიები ბაკალავრიატის წარჩინებულ სტუდენტებს” კვლავ აღდგა.
რატომ აღარ აგრძელებს თითქმის 20 წლიან ტრადიციას გიორგი მარგველაშვილი?- აღნიშნულ საკითხზე aris.ge-განათლება პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა. თუმცა ადმინისტრაციაში რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლნენ – “საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მიმდინარეობს მუშაობა”.
ეკა არის© წივწივაძე
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება