GE

რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას დღევანდელი ქართული სკოლა?

დღევანდელი ქართული სკოლის წინაშე იმდენი პრობლემა დგას, რომ მის განხილვას სქელტანიანი ტომები არ ეყოფა. საბჭოური სისტემის ნგრევის შემდეგ, ჩვენში ახალი თამაშის წესები მტკივნეულად მკვიდრდებოდა. ე.წ. გარდამავალი პერიოდი დიდხანს გაგრძელდა და ეს უპირველესად მომავალ თობაზე აისახა.

არ გვაქვს პრეტენზია, რომ სკოლაში არსებულ სრულ სურათს შემოგთავაზებთ. უბრალოდ, მოვუსმინოთ ადამიანებს, პირველ რიგში მშობლებს, ვისაც გული შესტიკავთ საკუთარ შვილების ხვალინდელ დღეზე. მომავალი განათლებულ თაობას ეკუთვნის და კარგი ნიადაგის გარეშე წინ პრობლემები გველოდება.

მაშ ასე, გთავაზობთ მოსაზრებებს(მათ შორის სოციალური ქსელიდან) ზედმეტი კომენტარების გარეშე, რომელზეც შეფასება–გამოხმაურება თქვენთვის მოგვინდვია:

ლია ბერიძე: “ვთხოვ საზოგადოებას, რომ აქტიურად იმსჯელოს სასკოლო რეფორმის აუცილებლობაზე. სკოლას ვერ უშველის ვერც მაღალხელფასიანი მასწავლებელი და ვერც თანამედროვე აღჭურვილობა. აუცილებელია, ახალი პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დანერგვა”.

ნათელა მესტვირიშვილი: “ჩემი აზრით, უნდა გაუქმდეს ტესტებით მოსწავლის ცოდნის შემოწმება. საგნები უფრო ღრმად და ვრცლად უნდა ისწავლებოდეს. ასევე აუცილებელია, რომ სპეციალური საბუნებისმეტყველო განხრის სკოლები შეიქმნას”.

გიორგი მაკალათია: “პირველ რიგში, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება უნდა გაუმჯობესდეს. ახლანდელი სწავლების ფორმა ხელს არ უწყობს მშობლიური ენის კარგად შესწავლას. ბავშვისთვის ის მხოლოდ საურთიერთობო საშუალებად რჩება და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, საკრალურობას ვერ გრძნობს. სათანადოდ არ ისწავლება ქართული ენის გრამატიკა და ბავშვს შესაბამისი აზროვნება არ უვითარდება. ქართული ლიტერატურის კურსი გადაახალისეს სრულიად უცნობი ავტორების, მდარე ხარისხის ნაწარმოებებით, რაც ბავშვებს გემოვნებას უფუჭებს”.

ნანა პირველი: “ჩვენი ლიტერატურა, ჩვენივე ტრაგიკული ისტორიის ანარეკლია. დღეს ლიტერატურა უფრო მრავალმხრივი უნდა გახდეს, რათა მან ქართული ტრადიციული ფასეულობების გარდა, თანამედროვე ღირებულებებიც დანერგოს. ის ღირებულებები, რომელთაც მავანნი ყალბს უწოდებენ, არის ჩვენი იდენტობის ქვაკუთხედი. მცირერიცხოვანი ერი ვართ და ისტორიისა და გეოპოლიტიკის გამოწვევებში დავმარცხდებით თუ ჩვენ ისტორიულ ფასეულობებზე და ეროვნულ ღირებულებებზე უარს ვიტყვით. უხეშმა მეთოდებმა, უცხო ცნობიერებაზე დაყრდნობამ, საკუთარის უგულვებელყოფამ, ზედაპირულმა განათლებამ, უნიჭობამ და ცუდმა გემოვნებამ განაპირობა ქართული საგანმანათლებლო რეფორმის კრახი”.

მერაბ გეგეჭკორი: “თბილისის მოსწავლეთა სასახლე ფასიანი გამხდარა. თვეში ხუთი ლარი სიმბოლური გადასახადია, მაგრამ ერთი არ მესმის, როდის მიხვდებიან სასახლის მესვეურები, რომ საჭიროა სასწავლო პროგრამის შეცვლა. სასახლის მასწავლებლები რეპეტიტორის ფუნქციას არ უნდა ასრულებდნენ, მხედველობაში მაქვს საბუნებისმეტყველო საგნების წრეები. ადრე ამ წრეებში მათემატიკას, ფიზიკას, შემოქმედებით დისციპლინებს, შესაბამისი აზროვნების განვითარებისთვის ასწავლიდნენ და არა უბადრუკი სასკოლო ტესტების გასაკეთებლად და ნიშნების მისაღებად”.

ნიკო გიორგაძე: “9 კლასი ბაღდათის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში დავამთავრე. ვთვლი, რომ იმ დროისთვის საკმაოდ მაღალი დონის სწავლება იყო. მართალია, თითქმის იმ პროგრამით ვსწავლობდით, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო, მაგრამ ვისწავლეთ მთავარი: ზრდილობა, პატივისცემა და განათლების ფასი. დღეს კი იგივე სკოლაში, იმავე მასწავლებლების კონტიგენტით მსგავსი აღარაფერი ხდება. ისეთი სიტუაციაა, ხანდახან მგონია, სჯობს საერთოდ არ იაროს ბავშვმა. არ ვიცი, ეს რამ გამოიწვია. მასწავლებლის ხელფასის გაზრდამ? ახალმა სახელმძღვანელოებმა? მანდატურის სამსახურმა? ფაქტი კი ერთია: ახალი თაობა ზრდილობას მოკლებული, უცოდინარი და აგრესიით სავსეა”.

მაკა მენაბდე: “ოჯახებში პრიორიტეტები შეიცვალა. დღეს ზნეობა არ დგას ყველაფერზე მაღლა. საზოგადოებაში გამეფდა კონფორმისტული მისწრაფებები. ჩვენს იდეოლოგიაში არ მოხდა დასავლურისა და ქართულის ორგანული შერწყმა, არ მოინახა ის დუღაბი, რაც ამ ორი ფენომენის შესისხლხორცებას ხელს შეუწყობდა. გამაერთიანებელ საფუძვლად აირჩიეს ის, რასაც დღევანდელი დასავლეთი ცდილობს გაემიჯნოს”.

გივი ბელთაძე: “მყავს მეგობარი, რომელიც შესანიშნავი ადამიანი და კარგი პედაგოგია. შარშან კლასში ჩაურიცხეს ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვი. ახალი წესი შემოუღიათ, რომლის თანახმად, ასეთმა ბავშვებმა დანარჩენებთან ერთად უნდა ისწავლონ, ადაპტაციის გასაადვილებლად. ეს ბავშვი კი გაკვეთილზე ხმაურობდა, მერხზე წვებოდა და ა.შ. წარმოიდგინეთ, ამ დროს სხვები რას აკეთებდნენ ან მასწავლებელი რა მდგომარეობაში იყო. ასეთი ბავშვებისათვის მასწავლებელი ვალდებულია ინდივიდუალური პროგრამა შეადგინოს, ამას ავალდებულებს განათლების სამინისტრო. საინტერესოა, როგორ უნდა განახორციელოს პედაგოგმა ეს პროგრამა, როდესაც მთელი კლასი ამ ბავშვის “პერფორმანსში” აქტიურად იღებს მონაწილობას? რა ქნას საწყალმა ამ დროს, რომელი პროგრამა განახორციელოს?”

ნუგზარ სხირტლაძე: “მე თუ მკითხავ საბჭოეთში ბევრი კარგი ჰქონდათ, მათ შორის განათლებაშიც. ელემენტარულად, მჩატე, პატარა და ჯიგრული წიგნები იყო. მერე, ამდენი ავტორი კი არ ჰყავდა სახელმძღვანელოებს. უნდა იყოს განათლების სამინისტროს სტამბა ან რომელიმესთან გააფორმონ ხელშეკრულება და რამდენიმე პროფესიონალის მიერ დამუშავებული წიგნებით ასწავლონ და არ ცვალონ ყოველ 3-4 წელიწადში. თან უაზროდ ცვლიან, ამატებენ სურათებს, რაღაცას ახლებურად გადაწერენ და ეგ არის”.

მეგი სულამანიძე: “განათლების რეფორმა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია. როგორი ინვესტიციაც უნდა ჩადონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოელებმა, თუ აქ კარგად მომზადებული სპეციალისტები არ დახვდნენ, პროგრესულ კანონმდებლობასთან ერთად, ჩვენი შთამომავლობა ვერ იხეირებს. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია აგრეთვე კერძო სკოლებისთვის მეტი თავისუფლების მიცემა. მათ უნდა ჰქონდეთ უფლება, ასწავლონ საკუთარი პროგრამით, ეს დარგს განავითარებს. დღეს რა ხდება? ყველა კერძო სკოლაში, ვეკუას და კომაროვის სახელობის სკოლების გარდა, ასწავლიან საჯარო სკოლის პროგრამით. რაში იხდიან მშობლები ფულს? მხოლოდ უკეთესად გარემინტებულ კედლებში და მცირერიცხოვან კლასებში? ეს ტრაგიკომედიაა თავისი არსით და შედეგებით”.

ვიქტორ არსოშვილი: “შესაცვლელია სასკოლო წიგნების ფორმატი, წონა. ასევე, ბავშვებისგან ითხოვენ კომპიუტერული პროგრამით მომზადებულ პროექტებს და საერთოდ არ აინტერესებთ, აქვს თუ არა სახლში მოსწავლეს კომპიუტერი ან თუ ფლობს ამა თუ იმ პროგრამას. ხშირად მიწევს ხოლმე ახლობლების ბავშვებისთვის ისეთი მარტივი თემების ახსნა, რაც ადრე სასკოლო წიგნებში ეწერა ხოლმე, ახლა რატომღაც ან ამოღებულია, ან შემცირებული და შედეგად, ბავშვი ვერ იღებს სრულფასოვან განათლებას. ბიბლიოთეკაში მეც ვყოფილვარ და მიმუშავია საჭირო მასალაზე, მაგრამ ეს იყო დამატებითი, კლასგარეშე განათლება – სკოლის გაკვეთილები ბიბლიოთეკის და ენციკლოპედიის დახმარებით არ გვიკეთებია”.

ლია გარდაფხაძე: “პრობლემა ძალიან მრავალმხრივია, მხოლოდ მასწავლებლის პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული ვერ გამოასწორებს მდგომარეობას. ოჯახიდან ყველა ვერ იღებს საწყის უნარ-ჩვევებსა და სწორ აღზრდას, ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს სკოლამდელ აღზრდას, სკოლაში მისული ბავშვი მზად უნდა იყოს. ბავშვებს მასობრივად აქვთ ყურადღების დეფიციტი, საჭიროა ასკობრივი ფსიქოლოგების აქტიური ჩართვა. საჭიროა ზრუნვა, რომ სკოლის გარეთაც ბავშვის ცხოვრება უფრო საინტერესო იყოს, დაკავებული იყოს სასურველი სპორტით ან შემოქმედებით. 9 კლასის შემდეგ კი, სასურველია არჩევითი დიფერენცირება – საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, ზუსტი, ზოგადი სწავლება… ყველა მცდელობა უშედეგო იქნება, სანამ უმუშევრობა არ შემცირდება, ბაზარი თავად გაზრდის მოტივაციას სწავლისას და სპეციალობის დაუფლებისას”.

ჰენრი გიორგობიანი: “სასკოლო რეფორმა რომ საქართველოში გატარდეს, ამისათვის ბაზაა საჭირო. სამწუხაროდ, ჩვენ არა გვყავს კარგი პედაგოგები. 10 წელია სკოლაში ვასწავლი და ამ სფეროში რაც ხდება, ძალიან საშიში პროცესია. რა არის ძირითადი პრობლემა?

1) არა გვყავს საჭირო რაოდენობის სერთიფიცირებული პედაგოგი.
2) სკოლაში საგნები ისწავლება ისე, როგორც 100 წლის წინ, ახალ მეთოდებს არავინ იყენებს სწავლებაში, თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების განვითარება მიღებული პრაქტიკა არ არის. აქ გაკვეთილი უნდა ახსნას პედაგოგმა, შემდეგ მიცემს მოსწავლეებს რაიმე ტექსტს, რომელიც უნდა დაიზეპირონ და დაწერონ ან გადაიწერონ საშინაო დავალება…
3) სკოლას არ გააჩნია ახალი ტექნოლოგიები, არის მხოლოდ რამოდენიმე კომპიუტერი, რომელიც ან ჩაკეტილია ოთახებში ან იქ მხოლოდ ინფორმატიკის გაკვეთილები ტარდება.
4) პედაგოგის ანაზღაურება დაბალია, რაც მოტივაციას უკარგავს პედაგოგს.
5) არ არსებობს ან არ მუშაობს სასწავლო დისციპლინა.

და რაც ყველაზე მთავარია, სახეზეა და პირდაპირ ყვირის საბჭოთა აზროვნება, რომელიც ყველგან გაბატონებულია. ვფიქრობ, უიმედო მდგომარეობაა ამ სფეროში და იმედი მაქვს, თაობათა ცვლა მაინც შეცვლის არსებულ სტატუს–ქვოს სკოლებში!”

როგორც ვხედავთ, საზოგადოებაში სასკოლო პრობლემებთან და გამოსავლის გზებთან დაკავშირებით არცთუ ოპტიმისტური განწყობებია. მაგრამ გამოვდივართ ცნობილი პრინციპით – ცუდს თუ ცუდი არ ვუწოდეთ, მაშინ კარგს რაღა დავარქვათ?

აქტიური მკითხველი რას ფიქრობს ქვეყნისთვის ამ სტრატეგიულ დარგში არსებულ რთულ მდგომარეობაზე?

გელა არის© მამულაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური