GE

რა შემთხვევაში მიიღებენ დირექტორობის მსურველები კურიკულუმის ანალიზის დავალებაში მაღალ ქულას – სპეციალისტის განმარტებები

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებისთვის ტესტირება 22 იარვარს ჩატარდა და გამოსაცდელები ახლა ქულების მოლოდინში არიან. შედეგები სამი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.

სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პირველი ეტაპის მონაწილეებმა ჩვენთან საუბარშიც დააფიქსირეს, რომ ამ ეტაპზე მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ როგორ გასწორდება ტესტში შესული ღია დავალების ის კონკრეტული ნაწილები, რომელიც მათგან მსჯელობასა და არგუმენტირებას მოითხოვდა.

კურიკულუმის ანალიზი, სწორედ ასეთ დავალებას წარმოადგენს. აღნიშნული დავალების ერთ-ერთი ტესტური დავალების მაგალითი, რომელიც აპლიკანტებს 22 იანვრის ტესტირებაზე დახვდათ, გამოცდიდან გამოსულმა სკოლის დირექტორობის მსურველმა EDU.ARIS.GE – სთან გაიხსენა:

„კურიკულუმის ანალიზისთვის ასეთი დავალება გვქონდა: სამოქალქო განათლების მე-8 კლასის მოქალაქეობის გაკვეთილზე მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალა, დაეწერათ ესე მარტინ ლუთერ კინგის სიტყვების მიხედვით. თემა იყო აქტიური მოქალაქეობა, ადვოკატირება. დავალება ჩვენგან ითხოვდა, შეგვეფასებინა მასწავლებლის სამოქმედო გეგმა, გვეპასუხა მოცემულ კითხვებზე და დაგვესახელებინა არგუმენტები. გარდა ამისა, ჩვენ უნდა დაგვესაბუთებინა, რამდენად იძლეოდა კურიკულუმში აღწერილი აქტივობები კონსტრუქტივისტული პრინციპებით სწავლის შესაძლებლობას, რამდენად იძლეოდა დაგეგმილი პროცესი გლობალურ-ფუნქციური უნარების, მეტაკოგნიციის განვითარების შესაძლებლობას და რამდენად აძლევდა შეფასების რუბრიკა მასწავლებელს მოსწავლის ჰოლისტური შეფასების შესაძლებლობას“.

EDU.ARIS.GE, გამოსაცდელთა ინტერესის გათვალისწინებით, მათ კითხვებზე პასუხების მოძიებას შეეცადა. ვესაუბრეთ სასკოლო განათლების სპეციალისტსა და საჯარო სკოლის მენტორ მასწავლებელს, ნატო ფერიაშვილს, რომელმაც დირექტორობის მსურველების აქტუალურ კითხვებს უპასუხა. ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, არის თუ არა შესაძლებელი, წინასწარ მიხვდეთ რამდენ ქულას მიიღებთ კურიკულუმის ანალიზში და რა შემთხვევაში უნდა ელოდეთ უმაღლეს, საშუალო თუ დაბალ შეფასებას.

– ქალბატონო ნატო, პირველ რიგში, გვითხარით, რა უნდა სცოდნოდათ დირექტორობის მსურველებს, რომ კურიკულუმის ანალიზის დავალება წარმატებით შეესრულებინათ?

– კურიკულუმის ანალიზის შესრულება სულაც არაა ისეთი რთული, როგორც ხშირად წარმოუდგენიათ. იმისთვის, რომ დირექტორობის მსურველმა ამ დავალებას წარმატებით გაართვას თავი, ნამდვილად უნდა ჰქონდეს სხვადასხვა სასკოლო დოკუმენტაციების ცოდნა. პირველ რიგში, უნდა იცოდეს, რა არის კურიკულუმი და როგორია მისი სტრუქტურა. მარტივად რომ ვთქვათ, როგორ გამოიყურება კარგი და ცუდი კურიკულუმები, რომ შემდეგ ანალიზი და არგუმენტირება არ გაუჭირდეს. ასევე, უნდა იცოდეს სტანდარტულ კითხვებში მოცემული ტერმინები: კონსტრუქტივიზმი, მეტაკოგნიცია, ჰოლისტური შეფასება… ამ დავალების შესრულება არც მოქმედ პედაგოგებს გაუჭირდებათ, არც დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლებს და მით უფრო, არც კურიკულუმის განვითარების სპეციალისტებს. ამ კვალიფიკაციის მქონე პირები კი გამოცდაზე მრავლად იყვნენ წარმოდგენილი.

– რა კრიტერიუმებით ფასდებოდა დავალება, უფრო მარტივი ენით რომ აგვიხსნათ, რას ითხოვდა ტესტი გამოსაცდელისგან?

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ დავალების მაქსიმალური ქულა იყო 28. აპლიკანტი უნდა გაცნობოდა კურიკულუმს და მასზე დაყრდნობით გაეცა კითხვებზე პასუხი. თუმცა, აქვე დავკონკრეტდები, რომ პასუხები აუცილებლად არგუმენტირებული უნდა ყოფილიყო და მოპასუხეები არ შემოფარგლულიყვნენ 3-4 წინადადებით. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასუხებში ყველა ქვეკატეგორიის საკითხებზე უნდა ესაუბრათ, მაგალითად:

კითხვა: რამდენად იძლევა დაგეგმილი პროცესი კონსტრუქტივისტული პრინციპებით სწავლის შესაძლებლობას?

ქვეკატეგორიის საკითხები, რომელზეც უნდა ესაუბრათ:

  • გრძელვადიან მიზანზე ორიენტირებულობა;შესასწავლი საკითხისთვის საჭირო წინარე ცოდნის გააქტიურება;
  • საკითხით განსაზღვრული ცოდნის კონსტრუქტივისტულად აგება და გააზრება;
  • ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება;ორიენტირებულობა ცოდნის სამივე კატეგორიაზე.

– ქალბატონო ნატო, რომ აგვიხსნათ, ამ დავალების უმაღლესი ქულით შესრულებისთვის რა იყო აუცილებელი, ვინ უნდა ელოდოს, მაღალ, დაბალ თუ განულებულ შეფასებას?

– გეტყვით, რომ საუკეთესო შემთხვევაში, გამოსაცდელს უნდა შესძლებოდა, მოეპოვებინა მაქსიმალური ქულა, თუკი ის მკაფიოდ და არგუმენტირებულად უპასუხებდა ყველა შეკითხვას, დაასაბუთებდა კომპლექსური დავალების მიმართებას და გაიხსენებდა კითხვის ყველა ქვესაკითხს. ასევე, გამოიყენებდა ტერმინებს და მის ნაშრომში გამოჩნდებოდა, რომ ნამდვილად იცის, რაზეც საუბრობს; მისი საუბარი არ იქნებოდა, როგორც უკვე ვთქვი 3-4 წინადადება, არამედ იქნებოდა ვრცელი და ამომწურავი. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი მიიღებდა მაღალ შეფასებას, 25-დან 28 ქულამდე.

ასევე გეტყვით, რა შემთხვევაში შეფასდებოდა მისი ნაშრომი განახევრებული ქულით: თუ იგი სუსტად, არადამაჯერებლად დაასაბუთებდა კომპლექსური დავალების მიმართებას ქვეკრიტერიუმთან, გამოიყენებდა ყოფით ფრაზებს და არა სისტემურ ცოდნაზე დაფუძნებულს, ყველა კითხვაში არა, მაგრამ 3 კითხვაში მაინც შეეტყობოდა, რომ ქვეკატეგორიის საკითხები კარგად არ იცის.

რადგან დავალების მაქსიმალური ქულა არის 28, მინიმალური ქულის გამოტანა ყველა აპლიკანტს შეუძლია, თუმცა, თუ მის პასუხებში ჩანს, რომ აპლიკანტი საკითხებში საერთოდ არაა გარკვეული, არც არგუმენტები აქვს და გაურკვეველ მსჯელობას ავლენს, შესაძლოა, ნული ქულაც გამოეტანა. ასევე ნულ ქულას გამოიტანდა, თუ საერთოდ არ შეასრულებდა ამ დავალებას.

– რას ეტყოდით ტესტირებაზე გასულ დირექტორობის მსურველებს, რომლებიც ახლა ღელავენ, როგორ შეფასდება მათი ნაშრომი?

– თუ დავალება შეფასების ყველა კრიტერიუმის მიხედვით აქვს შესრულებული, ქულის დაკარგვის რისკი არ არსებობს. მათ კი, ვინც ნაკლებად არგუმენტირებული იყო, ტერმინები თუ ქვეკატეგორიები არ იცოდა, ნამდვილად გაუჭირდება მინიმალური ქულების მოგროვებაც კი.

ამავე თემაზე:

ამ შემთხვევაში, არასერტიფიცირებული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ადგილას კონკურსი გამოცხადდება – მინისტრის მოადგილე

„პოლიტიზირებაა მთავარი ნიშანსვეტი და არა თაობების ცვლისა და განახლების სურვილი“ – სიმონ ჯანაშია სკოლის დირექტორების სერტიფიცირების გამოცხადებაზე

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური