რა შემთხვევაში უბრუნებს მოსწავლე სკოლას საჩუქრად გადაცემულ ბუკს
საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლების ნაწილი ხშირად მოგვმართავს კითხვებით, უნდა დაუბრუნოს თუ არა პირველკლასელის ბუკი სკოლას? ან ვის უნდა მიმართოს ბუკის გაფუჭების შემთხვევაში?
EDU.ARIS.GE გთავაზობთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ესიდას) რეკომენდაციებს სასკოლო ბუკებთან დაკავშირებით.
რა უნდა იცოდნენ პროგრამით მოსარგებლე პირებმა:
პროგრამის ბენეფიციარები არიან საქართველოს საჯარო სკოლის I-III კლასის მოსწავლეები. ბუკებზე დატანილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ჰოლოგრამა. ბენეფიციარი ბუკს იღებს ერთჯერადად იმ საჯარო სკოლაში, სადაც მისი პირველადი დარეგისტრირება მოხდა. კომპლექტაციაში შედის ბუკი და შესაბამისი დამტენი.
საგარანტიო მომსახურების ვადა 1 წელია; საგარანტიო მომსახურებას ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული, ბუკების მომწოდებელი კომპანია (იუ ჯი თი). გარანტიით უფასო შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება ხდება ქარხნული წუნის ან ნაწილობრივი გაუმართაობის დროს. კომპიუტერის მექანიკური დაზიანება ან/და თვითნებური შეკეთება საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება.
ბუკს მოყვება აქტივაციის კოდი, რომლის გარეშე ბუკში პროგრამების ჩატვირთვა შეუძლებელია; ბუკის მიღებისას მასში ჩატვირთული უნდა იყოს სასწავლო პროგრამა, რომლის წაშლის ან დაზიანების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სკოლის აიტი თანამშრომელს ან სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (ემისი);
ბუკის მიღებისას მშობელს უფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია ბუკის საკუთრების პირობები და ვადები; იმ შემთხევაში თუ ბენეფიციარი აღარ წარმოადგენს მოსწავლის სტატუსის მქონე პირს, შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი, ან I-III კლასის განმავლობაში გადავა კერძო სკოლაში, სადაც არ ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ვალდებულია, რომ ბუკი შესაბამის სკოლას დაუბრუნოს.
ბუკის ნებისმიერი მიზეზით დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში სხვა (ახალი) ბუკით ჩანაცვლება პროგრამით გათვალისწინებული არ არის.
I-III კლასის განმავლობაში საჯარო სკოლაში ჩარიცხვის ან მოსწავლის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სკოლა წერილობით მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრს მოსწავლისთვის ბუკის გადაცემის მოთხოვნით; ბუკის გამოყოფა ხდება სააგენტოში შემოსული წერილის საფუძველზე, რომელსაც შესაბამისი საქმისწარმოებითი ღონისძიებების განსახორციელებლად სჭირდება გარკვეული ვადა; ასეთ შემთხვევაში მოსწავლეს შესაძლებელია გადაეცეს სკოლაში ნაშთად არსებული მეორადი ბუკი დაზიანებების გარეშე.
თუკი მოსწავლე მობილობით გადადის ერთი საჯარო სკოლიდან მეორეში ბუკი მას თან მიაქვს ახალ საჯარო სკოლაში. III კლასის დასრულების შემდეგ ბუკი რჩება მოსწავლის კუთვნილებაში და მასზე ზემოთ მოყვანილი ვალდებულებები აღარ ვრცელდება.
პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში რამდენიმე წელია ხორციელდება, რაც I-III კლასის მოსწავლეებს კომპიუტერებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება