რა შესაძლებლობები აქვთ უკვე დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს 15 აპრილის ჩათვლით – NAEC-ის განმარტება
2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პირველი და მთავარი ეტაპი დასრულებულია, თუმცა აბიტურიენტებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზეც რჩებათ გარკვეული ცვლილებების შესაძლებლობა, რომელიც არ უკავშირდება მხოლოდ პრიორიტეტული ჩამონათვალის შედგენას.
ერთ-ერთმა აბიტურიენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს სამ აპრილს გამართულ ონლაინ ღია კარის დღეზე ასეთი კითხვით მიმართა: “4 საგანი არჩეული მაქვს და მეხუთე რომ დავამატო შემიძლია?”
ცენტრის განმარტებით, საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
“საგნის დამატება აბიტურიენტებს 15 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. როგორც იცით, რეგისტრაცია სამ ეტაპს მოიცავს და პირველი ძირითადი ეტაპია. მეორე ეტაპი ეს არის პერიოდი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ საგანთა ჩამონათვალი და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის ჩათვლით შეგიძლიათ საგნის დამატება. ეს მხოლოდ იმ აბიტურიენტებს ეხებათ, ვინც 4 აპრილის ჩათვლით უკვე დარეგისტრირებულია”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში.
გარდა ამისა, როგორც გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშიც წერია, რეგისტრაციის მეორე ეტაპის დასრულებამდე აბიტურიენტების ნაწილს კიდევ ერთი ვალდებულება აქვთ:
“თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი ველი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე. განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში”.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია როგორია 2024 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- ცნობილია 2024 წლის აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების არჩევანი პრიორიტეტების მიხედვით by შედეგები 2024