21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს მშობლიურ სკოლაში დაასრულებენ – ახალი გადაწყვეტილება
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლიურ სკოლაში რამდენიმე კვირაში დაბრუნდებიან.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 24 სექტემბრის ინფორმაციით, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ.
კომისიის წევრებმა განიხილეს იმ სკოლების საკითხი, რომელთა შენობების მდგომარეობის შესახებ დასკვნები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. აღინიშნა, რომ სამინისტრო თითოეულ ასეთ სკოლასთან მიმართებით, შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასების მოთხოვნით, მიმართავს ექსპერტიზას და მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებებს.
როგორც გივი მიქანაძის უწყება წერს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე.
21-ე სკოლასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნის დამაზუსტებელი შეფასების მიხედვით, შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში. სასწავლო პროცესის გაგრძელების პარალელურად, სკოლაში განხორციელდება არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში დაიწყებენ აღნიშნულ სამუშაოებს, რომლებიც ექსპერტების ზედამხედველობით განხორციელდება.
რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, ექსპერტიზის მიერ შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელი შეფასების თანახმად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არსებული დაზიანებების პირობებში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, მისაქციელში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს.
„შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელმა შეფასებამ აჩვენა, რომ 21-ე საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად არის ჩასატარებელი, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამის შემდეგ მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდებიან, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, შენობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგის პირობებში, გაგრძელდება. ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება.
რაც შეეხება მისაქციელის საჯარო სკოლას, შენობის დაზიანების კატეგორიიდან გამომდინარე, არსებულ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია. განათლების სამინისტრომ მოსწავლეებს სწავლის ალტერნატიულ სკოლაში გაგრძელება შესთავაზა. პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდი მისაქციელში ახალი სკოლის მშენებლობას განახორციელებს,“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XI კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა
by ARIS.GE-განათლება