როგორ გეგმავს განათლების სამინისტრო „უდიპლომო სასიძოს სინდრომთან ბრძოლას“ – ცვლილებების გეგმა პარლამენტშია
საქართველოს მთავრობა უმაღლესი და ზოგადი განათლების შემდეგ, რეფორმის გატარებას პროფესიულ განათლებაშიც აპირებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებით, რომელიც უკვე ცნობილია, პროფესიული სწავლებისას მიღებული კრედიტები სტუდენტს უნდა უღიარდეს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში.
EDU.ARIS.GE-მ ამ ცვლილების თაობაზე ჩანაწერი განათლების სამინისტროს მიერ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ გეგმაშიც ამოიკითხა. კერძოდ, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული ეს საკანონმდებლო ინიციატივა ერთ-ერთია იმ ოთხი კანონპროექტიდან, რომელიც მთავრობამ კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში შეიტანა და პარლამენტს წარუდგინა საშემოდგომო სესიის ფარგლებში განსახილვევლად.
აი, როგორ განმარტავს განათლების სამინისტრო პარლამენტისთვის მიწოდებულ დოკუმენტში პრობლემის გადაჭრის გზას, რომელსაც მინისტრი გივი მიქანაძე “უდიპლომო სასიძოს სინდრომთან ბრძოლას” უწოდებს:
რა წერია სამინისტროს კანონშემოქმედებით გეგმაში
„მიმდინარე ეტაპზე, პროფესიული განათლების სისტემა არ იძლევა უმაღლესი განათლების საფეხურზე, პროფესიული განათლების ფარგლებში მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას. კანონის მოქმედი რედაქციით აღნიშნულის ერთადერთ გზას წარმოადგენს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, თუმცა რიგი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელების რეალიზება ვერ მოხერხდა.
პროფესიული განათლების ფარგლებში მიღებული განათლების აღიარების მექანიზმის დანერგვა უმაღლესი განათლების საფეხურზე (ბაკალავრი) შექმნის განათლების უწყვეტ გზას პროფესიული კოლეჯიდან უნივერსიტეტამდე, შეამცირებს დუბლირებულ სწავლებას და გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას.
მიზანი, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის ეფექტიანი და გამჭვირვალე გადასვლის სისტემის შექმნაა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული პროგრამების ფარგლებში მიღებული განათლების, უმაღლესი განათლების საფეხურზე აღიარებას, რაც თავისთავად გამოიწვევს სტუდენტებისთვის განათლების მიღების ხარჯების შემცირებას, სწავლის ხანგრძლივობის ოპტიმიზაციას და განათლების სისტემაში მოქნილობის გაზრდას“.
რას აცხადებს განათლების მინისტრი
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა, პროფესიულ განათლებაში „მასშტაბური რეფორმის“ დოკუმენტის პირველადი სამუშაო ვერსია უკვე არსებობს, დეტალების დღის სინათლეზე გამოტანა კი უახლოეს პერიოდში მოხდება.
სანამ საზოგადოება უმაღლესი და ზოგადი განათლების რეფორმის კვალდაკვალ პროფესიული განათლების რეფორმის სხვა მთავარ სიახლეებს გაიცნობს, იქამდე საზოგადოებას უთხრეს, რომ მთავრობისთვის პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, გივი მიქანაძისთვის კი „უდიპლომო სასიძოს სინდრომთან ბრძოლის“ საშუალებააცაა.
„ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ამირჩიეს, პირველი, რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადე, იყო, რომ ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს, რომ დიპლომის თემა არ არის იმდენად აქტუალური, რამდენადაც, პირველ რიგში, ადამიანობა, შემდგომში – პროფესიონალიზმი. ეს იქნება პროფესიული სასწავლებლის მეშვეობით მოპოვებული პროფესიონალიზმი თუ უმაღლესით, ეს უკვე ადამიანის არჩევანზე უნდა იყოს და არანაირად არ შეიძლება დავაკნინოთ, მეორე ან მეათეხარისხოვანად მოვიხსენიოთ პროფესიული სასწავლებლები…
ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ანუ, ამით ჩვენ პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა.
მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პროფესიულ განათლებამიღებული ადამიანი, არ შეიძლება, იყოს უმაღლესზე რაღაცით დაბალხარისხოვანი. ეს წარმოუდგენელია და ეს სტერეოტიპი არსებობს, რომლის წინააღმდეგაც აქტიურად ვიბრძვით“, – განაცხადა მინისტრმა სატელევიზიო ეთერში, 12 სექტემბერს.
კიდევ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ პროფესიულ განათლებაში გეგმის თანახმად
საქართველოს პარლამენტისთვის უკვე წარდგენილი გეგმის თანახმად კი, „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში კიდევ სამი ცვლილება იგეგმება და თითოეული ასეა დახასიათებული:
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შემოსავლების შესახებ:
1. „სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის/გაწეული ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №3 დადგენილების სახელწოდება, რომლის საფუძველიც „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის ჩანაწერია, ვიწროა და მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზების შედეგად მიღებული შემოსავლის განკარგვის შესაძლებლობას განსაზღვრავს, რაც დამაბნეველია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
კანონში აქტის სახელწოდების ცვლილების და უფრო ფართო შინაარსის სახელწოდების გაჩენის შემთხვევაში, როგორიცაა „სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების წესი და პირობები”, გაჩნდება შესაძლებლობა, მომავალში ცვლილებები განხორციელდეს ზემოაღნიშნულ დადგენილებაში და განიმარტოს ეკონომიკური საქმიანობა, როგორც საგანმანათლებლო პროცესში ან საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი საქმიანობის პროფილის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია ან/და ანაზღაურებადი მომსახურების გაწევა; სადაც, ზოგადი საქმიანობის პროფილის ფარგლებში შექმნილი პროდუქციის რეალიზაცია ან/და ანაზღაურებადი მომსახურება მოიცავს საგანმანათლებლო პროცესს მიღმა განხორციელებულ ეკონომიკურ საქმიანობასაც.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შესახებ:
2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, პროფესიული განათლების სფეროში კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მის მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორს, სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს. რეგულირების მიღმაა შემთხვევა, როდესაც კონკურსის წესით ვერ მოხდა ახალი დირექტორის შერჩევა, ან დირექტორის უფლებამოსილება შეწყვეტილია, ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია, მინისტრს მიენიჭოს უფლებამოსილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნოს მის მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების ავტორიზაციასთან მიბმის შესახებ:
3. შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთა პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების მექანიზმის გადახედვის საჭიროება. აღნიშნული პროცედურა კერძო სექტორისათვის ხშირად წარმოადგენს დამატებით ბიუროკრატიულ მექანიზმს და დუალური სწავლების ფორმით პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზაციის, ან/და პროგრამის დამატების პროცესში ისედაც ხდება დაწესებულების შესაბამისობის შემოწმება დადგენილ სტანდარტებთან, მიზანშეწონილია, სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების საკითხიც გახდეს ავტორიზაციის განუყოფელი ნაწილი. აღნიშნული გაამარტივებს სტატუსის მოპოვების პროცედურას, დაიზოგება ადამიანური რესურსი, ასევე გამოირიცხება სტანდარტების შემოწმების/შეფასების დუბლირება. შესაბამისად, ავტორიზაციის პროცესშივე დაწესებულება ერთის მხრივ ავტორიზაციას, ხოლო მეორეს მხრივ იურიდიული პირი მოიპოვებს სასწავლო საწარმოს სტატუსს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა
ასევე იხილეთ:
რა ცვლილებები იგეგმება უმაღლეს განათლებაში – მთავრობამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი გეგმა წარუდგინა
-
„დაუშვებელია შორტი, ბრიჯი, გამჭვირვალე სამოსი“ – გაფრთხილება სკოლებიდან იმ მშობლებს, რომელთა შვილების კლასებშიც ფორმა ჯერ არ არის
by ARIS.GE-განათლება
-
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
ავარიულობის მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემდეგ, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა აქცია გამართეს
by ARIS.GE-განათლება