რა ხარვეზები აღმოაჩინეს მე-9 კლასის გეოგრაფიის გრიფირებულ სახელმძღვანელოში – არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა, „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადეს კვლევა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში თანასწორობის პოლიტიკის შესახებ. დოკუმენტში სხვადასხვა ასპექტთან ერთად, კონკრეტული სახელმძღვანელოებიცაა განხილული, მათ შორისაა მე-9 კლასის გეოგრაფიის გრიფირებული სახელმძღვანელო (გვერდი 52).
შენიშვნა: კვლევაში ნახსენები იყო, რომ საუბარია სულაკაურის სახელმზღვანელოზე, თუმცა ამაზე განარტება გააკეთა (12/17/2020) კვლევის ავტორმა გიორგი ჭანტურიამ: “სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ რომ სახელმძღვანელოების ანალიზის ქვე-თავში, სადაც განვიხილავთ საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოს, გამომცემლობა არასწორად გვაქვს მითითებული. რეალურად, განვიხილავთ გამომცემლობა “კლიო”-სა და გამომცემლობა “მერიდიანი”-ს საქართველოს გეოგრაფიის მე-9 კლასის მოსწავლის წიგნს (2012). ავტორები, წელი, შინაარსი, ყველაფერი სწორად არის მითითებული, უბრალოდ, ტექნიკური შეცდომის გამო, ზემოთხსენებული გამომცემლობების ნაცვლად, წერია სულაკაურის გამომცემლობა. რა თქმა უნდა, ეს ხარვეზი ამჟამად უკვე გასწორებულია. პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდით სულაკაურის გამომცემლობას და იმედს გამოვთქვამთ რომ არანაირი ზიანი არ მიადგათ მათ ან ამ განცხადებით გაირკვევა სიტუაცია”.
კვლევის ავტორების აზრით, სახელმძღვანელოს ტექსტი ძირითადად არააკადემიური აღწერითი ხასიათისაა და ფაქტები, მონაცემები და ილუსტრაციები ინტერპრეტირების გარეშე არის მოცემული, თუმცა ასევე არის დადებითი ტენდენციებიც.
გთავაზობთ კვლევაში წარმოდგენილ ძირითად მიგნებებს:
არამეცნიერული და არააკადემიური აღწერა
სახელმძღვანელოში ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებულია ნაციონალიზმით გაჯერებული ემოციური შეფასებები ამა თუ იმ მოვლენის აღწერისთვის, მაგალითად: ძნელია, მოიძებნოს ქართველი კაცი, რომელიც თავისი ფესვებით სოფელთან არ იყოს დაკავშირებული, მაგრამ სოფელი კვლავ ქვეყნის ეკონომიკის საფუძველი, ქართული ხალხური კულტურისა და ეროვნული ტრადიციების უმთავრესი კერაა (გვ. 141);
ტრადიციულად, ქართველები საკუთარი სურვილით იშვიათად ტოვებდნენ სამშობლოს. ძალით გატაცებული და ტყვედ გაყიდული ქართველობა მალევე ითქვიფებოდა ადგილობრივ მოსახლეობაში და კარგავდა ქართულ თვითშეგნებას. იშვიათი და სასიამოვნო გამონაკლისია ფერეიდნელი ქართველები, რომლებმაც კომპაქტური დასახლების საშუალებით დღემდე შეინარჩუნეს ენა და ეროვნული თვითშეგნება (გვ. 145).
ზოგიერთ შემთხვევაში მონაცემები რუკის, ცხრილის, გრაფიკის სახით წარმოდგენილია შეგროვების თარიღის ამხსნელი ან/და კრიტიკული კომენტარის გარეშე: დანაშაულის გეოგრაფიის აღწერისას ნათქვამია, რომ დანაშაულის ზრდას იწვევს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. წარმოდგენილ რუკაზე ჩანს დანაშაულის რაოდენობა ყოველ 100 კაცზე,მაგრამ არ ვიცით მისი შედგენის წელი, არც ის, თუ რა დანაშაულს შეეხება კონკრეტულად, ან ვის მიერაა შეგროვებული მონაცემები. მონაცემების არასრულად წარმოდგენა ამა თუ იმ ქალაქისა და რეგიონის შესახებ მცდარი შეხედულებების ჩამოყალიბების რისკის შემცველია (გვ. 194);
ერთ-ერთ ილუსტრაციაზე წარმოდგენილია ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოში, ასევე მთიანი ყარაბაღი და ნახჭევანი. აღნიშნულ ილუსტრაციას არ ახლავს კრიტიკული კომენტარი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების უმრავლესობას სწორედ სომხები და აზერბაიჯანელები წარმოადგენენ. ეს მხარეები კონფლიქტში არიან ჩართულები და შესაძლოა, მათთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხი იყოს (ნახ. 1.1.7. გვ. 8).
მცდარი ან არასრული განმარტებების გამოყენება
სახელმძღვანელოში რელიგიური ჯგუფების აღნიშვნისთვის გამოყენებულია ტერმინები „სექტა“,„გრიგორიანელები“ (გვ. 154-155). აღნიშნული ტერმინებით შესაბამისი ჯგუფები საკუთარ იდენტობას არ განსაზღვრავენ. ასევე, ასირიელები მოხსენიებულები არიან, როგორც აისორები (გვ. 153). ეს სახელწოდება გავრცელებული იყო მეფის რუსეთში და დამამცირებლად ითვლებოდა.
მრავალფეროვნების, განსხვავებული იდენტობის წარმოდგენის საკითხები
ეთნიკური მრავალფეროვნების განხილვის კონტექსტი ხელს არ უწყობს მასთან დაკავშირებით პოზიტიური მსჯელობისა და წარმოდგენების განვითარების შესაძლებლობას. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ტერიტორიის ცვლილების კონტექსტში აღნიშნულია, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები გამოირჩევიან ეთნიკური და რელიგიური სიჭრელით, რაც ხშირად კონფლიქტების მიზეზი გამხდარა (გვ. 8); ქართველთა ეთნოგენეზის აღწერაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად რთული შიდა ეთნიკური სტრუქტურისა, საერთო ქართული შეგნება ძალიან ადრე ჩამოყალიბდა (გვ. 147-148); XIX საუკუნეში რუსეთის იმპერია დაინტერესებული იყო საქართველოში სხვადასხვა ეროვნების ხალხი დაესახლებინა და ამით განეხორციელებინა „დაყავი და იბატონეს“ ცნობილი პრინციპი. აღწერილია ქვემო ქართლში გერმანელების, სამცხე-ჯავახეთში სომხებისა და თრიალეთში ბერძნების ჩასახლება. აღნიშნულია ოსების მასობრივი მიგრაცია და რუსების, მათ შორის, სექტანტების დასახლებების გაჩენა; განსაკუთრებით ინტენსიური იყო იმიგრაციის პროცესი, ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან,რამაც რესპუბლიკის ეთნიკური სურათი კიდევ უფრო ააჭრელა (გვ. 150);მოსწავლეებს ევალებათ ეთნიკურ რუკაზე ყველაზე რთული ეთნოგრაფიული რეგიონების გამოყოფა(გვ. 150).
ჩვენ და ისინი
ეთნიკური მრავალფეროვნების საკითხებში, მსგავსად ისტორიის სახელმძღვანელოებისა, ჩანს მიმართება: ჩვენ – ქართველები და ისინი – სხვები. „ჩვენი“ და „სხვების“ ურთიერთობა განხილულია, ძირითადად, საქართველოს მოსახლეობის დინამიკის ცვლილების ჭრილში. ეთნიკური უმცირესობები მოხსენიებულები არიან, როგორც არაქართველები, სხვები, რომლებიც სხვადასხვა დროს დასახლდნენ საქართველოში,ჩვენს სამშობლოში და ჩვენი [მკვიდრი ქართველების] ადგილი დაიკავეს. მსჯელობის ამგვარი განვითარება გამოხატულია როგორც საქართველოს ტერიტორიის ფორმირების, ასევე მოსახლეობის დინამიკის და შემდეგ უკვე ეთნიკურ-რელიგიური შემადგენლობის მიმოხილვის დროს.
მოსახლეობის დინამიკაზე საუბრისას ნათქვამია, „რაც შეეხება საკუთრივ ქართველებს, მათი რაოდენობა 1989 წელს 3787 იყო, რაც საერთო მოსახლეობის 70.1%-ს შეადგენდა. საქართველოს მოსახლეობის კლება, ძირითადად, სხვა ეროვნების ხარჯზე მოხდა (გვ. 127).შუა საუკუნეში ხდებოდა ქართველი მოსახლეობის გატაცება, ტყვედ გაყიდვა და ძალდატანებითი გადასახლება, ხოლო მათ ნაცვლად სხვა ხალხების ჩამოსახლება-დამკვიდრება (გვ. 145).
შუა საუკუნეებში ქართველები ქვეყნის მთელი მოსახლეობის 90%-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყვნენ. გვიან შუა საუკუნეებში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოსახლდნენ ოსები, სომხები, აზერბაიჯანელთა წინაპრები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ქართველთა ხვედრითი წილი შემცირდა.
თუმცა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დინამიკის მიმოხილვისას საუბარია რუსეთისა და შემდგომ საბჭოთა იმპერიის ინტერესზე, გამოეწვია კონფლიქტი ეთნოსებს შორის და ამ გზით განემტკიცებინა ძალაუფლება. ეს კარგ ნიადაგს ქმნის კრიტიკული მსჯელობის წარმართვისთვის (გვ. 150).
ეთნიკური უმცირესობების შესახებ თავში აღწერილია აფხაზების, ოსების, რუსების, სომხების, აზერბაიჯანელებისა და სხვა ეთნოსების საქართველოში დაფუძნებისა და განსახლების დინამიკა.
აფხაზებთან დაკავშირებით სახელმძღვანელოში ორაზროვანი ჩანაწერებია, კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც სხვა ერი. ამავე დროს, ვკითხულობთ იმასაც, რომ „ქართველების გარდა, აფხაზები ერთადერთი ხალხია ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ხალხებს შორის, რომელთაც საქართველოს გარეთ სხვა სამშობლო არ გააჩნიათ“; რომ აფხაზეთი ისტორიულად ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო (გვ. 150), ხოლო XVII საუკუნეში მოსწყდნენ [აფხაზები] ქართულ სამყაროს და დაიწყო ამ ორი ხალხის გაუცხოება (გვ. 151).
ეთნიკური უმცირესობების მიმოხილვაში უფრო მცირე რაოდენობით წარმოდგენილი ეთნოსები გაერთიანებულები არიან ჯგუფში „სხვა ეროვნებები“. მათ შორის არიან ქისტები, ასირიელები, დაღესტნელები,ქურთები, საქართველოში გადმოსახლებული პოლონელების შთამომავლები, გერმანელები, ბერძნები,ებრაელები, ესტონელები. სხვა ეროვნებების ქვეშ გაერთიანებული ეთნოსებიდან შედარებით ინფორმაციულია ებრაელების აღწერა. დანარჩენი ეთნოსების შემთხვევაში მოცემულია ერთ ან ორწინადადებიანიაღწერა, ან უბრალოდ მოხსენიებულია მათი სახელი. განსაკუთრებით ბუნდოვანია ასირიელების დახასიათება:„ძველი წარმოშობის ქრისტიანი ხალხი, მათი რიცხვი საქართველოში 4 000-ს არ აღემატება (გვ. 153).
მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის საკითხი განხილულია რეგიონების ჭრილშიც, თემაში „მოსახლეობა“.
თბილისის მოსახლეობის დახასიათებისას აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 84% ქართველია, სომხები – 7%, რუსები – 3%. (გვ. 215).კახეთის შემთხვევაში ნათქვამია, რომ „კახეთის ეროვნული შემადგენლობა დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა“. მათი უმრავლესობა ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, რუსებიდა სომხები (გვ. 219). „ქვემო ქართლის მოსახლეობის 45% ქართველია, ამდენივე – აზერბაიჯანელი. ცხოვრობენ სომხები -6%, ბერძნები და სხვა ეროვნებები (გვ. 222). სამცხე-ჯავახეთის შემთხვევაში აღნიშნულია, რომ მის ეროვნულ შემადგენლობაში კარგადაა გამოხატული ისტორიულ მოვლენათა შედეგები: ქართველები ცხოვრობენ ბორჯომის, ახალციხის, ადიგენისრაიონებში. თურქეთიდან 1829-30 წლებში ჩამოსახლებული სომხებით დასახლებულია ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები (გვ. 236). სხვა რეგიონების დასახასიათებლად, ძირითადად, გამოყენებულია ტერმინები – ერთგვაროვანი ან ერთფეროვანი.
რელიგიური მრავალფეროვნების აღწერის მიზნით, წარმოდგენილია საქართველოში გავრცელებული ძირითადი რელიგიები როგორც რუკაზე, ასევე ილუსტრაციების სახით (2 რუკა, 6 ილუსტრაცია). ჩამოთვლილია საქართველოში ყველა გავრცელებული რელიგიური მიმდინარეობა და ასახულია შესაბამისი ილუსტრაციებით. მუსლიმური აღმსარებლობის შესახებ საუბრისას ვხვდებით განზოგადებული მსჯელობის მაგალითებს, როგორიცაა: ქართველი მოსახლეობის ნაწილი ძალდატანებით გაამუსლიმანეს, რის გამოც ქართველების გარკვეული რაოდენობა ისლამს აღიარებს, აჭარლებისა და ინგილოების ნაწილი მუსლიმანი სუნიტია, ფერეიდნელები – მუსლიმანი შიიტები (გვ. 155).
ზოგიერთ შემთხვევაში რელიგია გაიგივებულია ეთნიკურ ჯგუფთან:
საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის აღწერისას აღნიშნულია, რომ შობადობის მაღალი დონით გამოირჩევა შიდა აჭარა და ქვემო ქართლი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმანია,აგრეთვე ჯავახეთი, სადაც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სომხები შეადგენენ (გვ. 130);
საქართველოში უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ესენი იყვნენ, ძირითადად, აფხაზები, ქართველი ებრაელები, საქართველოს ქალაქებში მცხოვრები სომხები და უფრო მცირე რაოდენობით, მუსლიმანები (გვ. 149); იმ მეზობელთა რიცხვში, რომელიც უშუალოდ არ ემიჯნება საქართველოს, მაგრამ 1000 კმ-ის რადიუსშია, ჩამოთვლილია: რუმინეთი, ბულგარეთი, ნატოს წევრი სახელმწიფოები, ხოლო დანარჩენი მუსლიმანური ან სოციალისტური ქვეყნებია (გვ. 7).
განსხვავებული იდენტობის დაფარვა/გამოტოვებული პერსონაჟები
სახელმძღვანელოში მოხსენიებულები არიან ეთნიკური უმცირესობები, თუმცა ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში მათი როლის შესახებ არაფერია ნახსენები ან წარმოდგენილი ილუსტრაციის/დამატებითი ინფორმაციის სახით. მაგალითად, არაფერია ნათქვამი (არც ილუსტრაციებია წარმოდგენილი) სომხების წვლილზე თბილისის ეკონომიკურ, ურბანულ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში, მათ შორის, არც საიათნოვას, მიქაელ არამიანცის, გავრილ თამაშევის და სხვათა შესახებ. ასევე, გამოტოვებულია ფაქტი, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას წლების განმავლობაში სწორედ სომხები წარმოადგენდნენ. ეთნიკური უმცირესობების ღვაწლი/როლი დაფარულია აზერბაიჯანელებისა და სხვა ეთნოსების შემთხვევაშიც.
კულტურული მრავალფეროვნების აღწერა შემოთავაზებულია ასევე დომინანტი პოზიციით: სახელმძღვანელოს მე-7 ნაწილში აღწერილია მატერიალური კულტურისა და ტრადიციების გეოგრაფია შემდეგ თემებში: ხალხური არქიტექტურა, ხალხური კულტურა, ჩაცმულობის გეოგრაფია, სამზარეულო და სუფრის ტრადიციები, რიტუალების გეოგრაფია. არცერთი თემა არ შეიცავს ტექსტობრივ თუ ვიზუალურ ინფორმაციას საქართველოში კულტურული მრავალფეროვნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ. ქართული სამზარეულო, ფოლკლორი, ტანისამოსი აღწერს და ახასიათებს მხოლოდ ეთნიკურ ქართველებს.
ხალხური ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების აღწერას შორის განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქრისტიანულ რელიგიურ რიტუალებს. ეთნიკური უმცირესობების არცერთი რიტუალი თუ დღესასწაული არ არის მოხსენიებული და ილუსტრირებული, მაგალითად:
საქართველოს თითქმის ყველა სოფელს თავისი რელიგიური დღეობა აქვს: ამ სახალხო რელიგიურ დღესასწაულზე, გარდა საეკლესიო წირვა-ლოცვისა, იმართებოდა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და რელიგიური დღეობები: ლაშარობა, ლომისობა, ათენგენობა, მცხეთობა, ალავერდობა, თელეთობა (გვ. 207).
გენდერული ნიშნით ქალისა და კაცის განსხვავებულად წარმოდგენა
სახელმძღვანელოს ერთ-ერთ სექციაში „პერსონა“ მოცემულია ბიოგრაფიული ცნობები საქართველოში გეოგრაფიის სფეროს განვითარებაში განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პიროვნებების შესახებ. სულ წარმოდგენილია 40 პერსონა, მათგან არცერთი არ არის ქალი. შესაძლოა, ფიზიკური გეოგრაფიის შემსწავლელ სფეროებში 20 ან მეტი გამორჩეული ქალი არც იყოს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სახელმძღვანელოში, გარდა ფიზიკური გეოგრაფიისა, სოციალური, ეკონომიკური და კულტურის გეოგრაფიაც შედის, ამ მიმართულებით მომუშავე და წარმატებული ქალების შესახებ ცნობების მოძიება პრობლემას არუნდა წარმოადგენდეს. გარდა ამისა, სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის სახელმძღვანელოების მსგავსად, ამ შემთხვევაში ავტორები არ იყენებენ შესაძლებლობას გენდერულ ჭრილში განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა: ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობა, განსხვავება შრომის ანაზღაურებაში, ქვეყნის დემოგრაფიული დინამიკა, მათ შორის, სელექციური აბორტის ჭრილში, რაც ახალშობილთა შორის ვაჟების რაოდენობის სიდიდის ერთ-ერთი მიზეზია (გვ. 129), მიგრაციული პროცესები, განათლებაში ჩართულობა.
ადამიანის უფლებების ინტეგრირებული სწავლება
ადამიანის უფლებების ჭრილში განხილული და აღწერილი არ არის სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მნიშვნელოვანი თემები, პრობლემები და ფაქტები, მაგალითად: ზოგადი განათლების შესახებ საუბრისას აღნიშნულია, რომ საქართველოში განათლების მიღება 6 ენაზე ხორციელდება და ასევე, სხვადასხვა სოციალური თუ ეკონომიკური პირობების გამო, სასკოლო ასაკის ბავშვების გარკვეული ნაწილი საერთოდ არ დადის სკოლაში (გვ 195). კარგი იქნებოდა ამ მონაცემების რიცხობრივი წარმოდგენა და განათლების შეზღუდვის შესაძლო მიზეზების განხილვა, როგორიც შეიძლება იყოს: ბავშვთა შრომა, ნაადრევი ქორწინება, სახელმწიფო ენის არცოდნა, ოჯახური ძალადობა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ქონა და სხვ. სასურველია, უმაღლეს განათლებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობა წარმოდგენილი იყოს გენდერულ და ეთნიკურ ჭრილში, რაც მკაფიოდ გამოკვეთდა, მაგალითად, ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ გამოწვევებს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება