რას გულისხმობს და რატომ აკრიტიკებენ სკოლის მიერ არაგრიფირებული სახელმძღვანელოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმების წესს
ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სკოლებს სასწავლო პროცესში არაგრიფირებული, მაგრამ განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოების გამოყენების უფლება ექნებათ.
საჯარო და კერძო სკოლები არაგრიფირებული წიგნებით სწავლებას შეძლებენ – სამინისტროს გადაწყვეტილება
განათლების მინისტრის ხელმოწერით უკვე დამტკიცდა შესაბამისი ბრძანებაც, რომელიც სახელმძღვანელოების სამინისტროსთან შეთანხმების წესაა და ვადებს განსაზღვრავს და ის უკვე ძალაშია.
წესში დეტალურად არის განმარტებული სკოლის მიერ სახელმძღვანელოს განათლების სამინისტროსთვის წარდგენის ფორმა და მეთოდი, ასევე ის უფლებები, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ამ პროცესში გააჩნია და შემფასებელთა ჯგუფის მუშაობის წესი.
წესის თანახმად, არაგრიფირებული სახელმძღვანელოს შეფასებას ახორციელებს შემფასებელი ან შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფი, რომელსაც განსაზღვრავს/ქმნის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი. შემფასებელთა საგნობრივ ჯგუფს კი თავმჯდომარეობს წილისყრით შერჩეული ერთ-ერთი შემფასებელი ამავე შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფიდან.
ფლებები და ვალდებულებები წესის თანახმად
1. სკოლა/სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია:
ა) შეთანხმებული სახელმძღვანელო შეცვალოს გრიფმინიჭებული ან მის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებული სხვა სახელმძღვანელოთი;
ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
2. სკოლა/სტატუსის მაძიებელი ვალდებულია:
ა) განაცხადი სამინისტროში წარადგინოს სკოლის/სტატუსის მაძიებლის სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცებამდე არაუგვიანეს 60 დღით ადრე;
ბ) საჯარო სკოლის შემთხვევაში, შეთანხმებული სახელმძღვანელოებით შესაბამისი მოსწავლეების უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები გაიღოს სკოლის ბიუჯეტიდან;
გ) შეთანხმებული სახელმძღვანელო სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად არ გამოიყენოს შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სასწავლო წლამდე;
დ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
3. სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) სახელმძღვანელოზე დამატებითი მოსაზრებების მოპოვების მიზნით, შეფასების ეტაპზე ჩართოს შესაბამისი საგნის/დარგის სპეციალისტ(ებ)ი და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობები;
ბ) ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;
გ) განახორციელოს წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დელეგირება;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
4. სამინისტრო ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს ობიექტური შეფასება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) შესათანხმებლად წარმოდგენილი/შეთანხმებული სახელმძღვანელო გამოიყენოს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის, ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით;
გ) სახელმძღვანელოს შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სკოლას/სტატუსის მაძიებელს, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომ – რესურსცენტრი), სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო), სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – მართვის სისტემა), სტატუსის მაძიებლის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომ -ცენტრი);
დ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
შეთანხმების წესის თანახმად, გრიფმინიჭებული/შეთანხმებული სახელმძღვანელოს ჩანაცვლება შესაბამისი საგნისა და კლასის სხვა გრიფმინიჭებული/შეთანხმებული სახელმძღვანელოთი დაუშვებელია სასწავლო წლის მიმდინარეობისას.
რაც შეეხება ვადებს, როგორც წესშია განმარტებული, სახელმძღვანელოსათვის შეთანხმებული სახელმძღვანელოს სტატუსის მინიჭება ხდება შესაბამისი სკოლის ავტორიზაციის ვადით ან ავტორიზაციის დარჩენილი ვადით. სახელმძღვანელოს შეთანხმების შესახებ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილება კი მიიღება განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, თუმცა შესათანხმებელი სახელმძღვანელოების რაოდენობიდან გამომდინარე, დასაშვებია ვადის გაზრდა განაცხადის წარმოდგენიდან არაუმეტეს 90 დღემდე. შეთანხმებული სახელმძღვანელო სასწავლო პროცესში ინერგება შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სასწავლო წელს.
იხილეთ სრული დოკუმენტი: არაგრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები
ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებული ცვლილებები განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭების სურვილით ახსნა, თუმცა სპეციალისტები ამ მიდგომებში ბიუროკრატიის გაძლიერებას ხედავენ და არა სკოლის რეალური დეცენტრალიზაციის მცდელობას. მათ შორის კრიტიკის ობიექტია სახელმძღვანელოს შეთანხმების საკითხიც. სპეციალისტებს კითხვები აქვთ ფინანსური კუთხითაც, მაგალითად როგორ დაფინანსდება მოსწავლეებისთვის სკოლის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებული არაგრიფირებული სახელმძღვანელოები.
“თუ კარგად დავაკვირდებით, თუ სკოლები დაიწყებენ შეთავაზებული თავისუფლების გამოყენებას, იმ რეგულაციით რაც ახლა მიიღეს, ბიუროკრატიის შესასრულებელი სამუშაო იზრდება. მაგალითად, როგორც გამოაცხადეს, სკოლას ექნება უფლება აირჩიოს არაგრიფირებული სახელმძღვანელოები, მაგრამ ახლა უკვე ბიუროკრატიამ უნდა შეითანხმოს ალტერნატიული ლიტერატურა. ბევრი პრობლემაა ამ წესში. მაგალითად: ამ წესის მიხედვით, ერთი და იგივე სახელმძღვანელო შეიძლება ერთი სკოლისთვის იყოს შეთანხმებული და მეორისთვის არა”, – წერს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია 29 ნოემბერს.
მისი პოზიციით, სახელმძღვანელოების საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ფინანსების საკითხი არ არის პრობლემა და არასწორმა მიდგომამ, შეიძლება, იქამდეც მიიყვანოს სისტემა, რომ მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყოს გრიფირებული თითოეულ საგანში, ან სახელმძღვანელო სამინისტროს დაკვეთით (რეალურად სამინისტროს დაქირავებული ჯგუფების მიერ) იყოს დაწერილი.
“ცვლილებების დიდი ნაწილი, რაც სკოლების თავისუფლებად შემოგვთავაზეს, რეალურად არის იმ პრინციპებთან დაბრუნება, რაც 13 წლის წინ ესგ-ში იყო. ეს არის კუს ნაბიჯებით სიარული, როცა 12 წელი იმის მიხვედრას უნდები, რომ სკოლას სტანდარტიზებული შეფასების კომპონენტები და მათი წონები ცენტრალიზებულად არ უნდა დაუდგინო. თან, ზოგიერთი საკითხი ისევ ზერეგულირებულია. მაგალითად, ხომ გააუქმეს ვალდებულება, რომ დაწყებითში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება იყოს, მაგრამ მაგალითად “ჩათვლა/არჩათვლის” პრინციპით შეფასება შესაძლებელია მხოლოდ სპორტში და არჩევით საგნებში”, – წერს სიმონ ჯანაშია საკუთარ პოზიციაში.
ასევე იხილეთ:
რა შეიცვალა ეროვნულ სასწავლო გეგმაში – ჩამონათვალს განათლების სამინისტრო აქვეყნებს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება