GE

რატომ არის ხელსაყრელი დამსაქმებლისთვის უმუშევართა დასაქმება?

მრავალი დამსაქმებელი დარწმუნებულია, რომ უმჯობესია ისეთი ადამიანების დასაქმება, რომლებიც არ იყვნენ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უმუშევრები. მომუშავე კანდიდატს მეტი შანსი აქვს, წარმატებით გაიაროს გასაუბრება, ვიდრე ყველა საჭირო უნარ-ჩვევის მქონე კანდიდატს, რომელიც უმუშევარი იყო, თუნდაც, ექვსი თვის განმავლობაში. ამას მოწმობს გამოკვლევები, რომელიც ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ უნივერსიტეტმა ჩაატარა.

ხელმძღვანელები ამბობენ: “თუ ეს ნამდვილად კარგი კანდიდატია, მაშინ დამსაქმებლები დიდი ხანია აიყვანდნენ მას სამუშაოდ”.

ამავე დროს, კომპანია “Business Talent Group”-ის გენერალური დირექტორი, ჯოდი გრინსტონ მილლერი პერსონალის დაქირავების ამგვარ მეთოდს არასწორად მიიჩნევს.

“თანამშრომელთა შერჩევისას აუცილებელია, აგრეთვე, უმუშევართა და შტატგარეშე მომუშავეთა კანდიდატურების განხილვა.
კომპანია “Business Talent Group”-ის უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელთა უმეტესობა იყო უმუშევარი, ან დამოუკიდებელი კონსულტანტი მანამ, სანამ ჩვენ არ მოვიწვიეთ სამუშაოდ. აღსანიშნავია, რომ კომპანიები ასაქმებენ ადამიანებს, რომლებთანაც მანამდე უმუშავიათ ერთობლივ პროექტებზე. ამიტომაც, დამსაქმებელთათვის უმნიშვნელოვანესია ადამიანის გაცნობა”, – ამბობს იგი.

ადამიანური რესურსების მენეჯერები უნდა აცნობიერებდნენ, რომ ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ, ან სხვადასხვა მიზეზის გამო ისინი თავად მიდიან. ყოველთვის არ ხდება, რომ ხანგრძლივი დროით უმუშევარი კანდიდატი – ეს აუცილებლად დაბალკვალიფიციური სპეციალისტია. ხშირად ისინი ნიჭიერი ადამიანები არიან, გააჩნიათ მუშაობის გამოცდილება, საჭირო უნარ-ჩვევები და საკუთარი კონტაქტების ბაზა.
არც ერთ დამსაქმებელს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს რამდენად წარმატებულად იმუშავებს ახალი თანამშრომელი. საუკეთესო გზა გაიცნო ადამიანი არის – მისცე შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი თავი. უფრო მეტიც, ის კანდიდატები, რომლებიც დიდი ხანია სამსახურს ეძებენ, მზად არიან გააკეთონ მაქსიმუმი.

ჯოდი გრინსტონ მილლერმა მოგვცა სამი რჩევა, როგორ დავიქირავოთ ადამიანი კომპანიისთვის სასარგებლოდ:

• ხალხი, რომლებიც ბრუნდებიან შრომის ბაზარზე, შეუძლიათ შემოიტანონ ახალი იდეები და შეაფასონ კომპანიის მუშაობა სხვა კუთხით. როგორც წესი, ასეთი კანდიდატები დიდი ენთუზიაზმითა და მუშაობის სურვილით გამოირჩევიან. ასევე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათ აქვთ სამუშაო გამოცდილება და სასარგებლო კონტაქტები.
• არ არის საჭირო, ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ პოტენციური კანდიდატების სიაზე. დაქირავების პროცესი შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, ზოგიერთი კომპანია კი ვერ შეძლებს ნორმალურ ფუნქციონირებას, მაგალითად ტოპ-მენეჯერის გარეშე. ამიტომაც, სამუშაოდ აჰყავთ უმუშევარი კანდიდატი, რომელიც იკავებდა ანალოგიურ პოზიციას წინა სამსახურში. ამასთან, ეს კანდიდატი მზად არის დაუყოვნებლივ შეუდგეს სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას.
• შტატგარეშე მუშაკები მეტად მოთხოვნადი კანდიდატები არიან. ასეთი სპეციალისტები მუშაობენ სხვადასხვა კომპანიებში განსხვავებულ პროექტებზე, ამიტომაც, მათ გამოცდილება მეტი აქვთ, ვიდრე იმათ, ვინც კომპანიაში მუშაობს. მაგრამ, შტატგარეშეების დაქირავება უფრო რთულია, რადგანაც ისინი თავად ირჩევენ რომელ პროექტზე იმუშავონ და როგორ კოლექტივში.

როგორ ავხსნათ “თეთრი ლაქები”

უმუშევრობის ხანგრძლივი პერიოდი შეიძლება აიხსნას როგორც ოჯახური გარემოებებით, ასევე სამსახურის ძიების სირთულეებით. მთავარია ის, რომ სამსახურის მაძიებლისათვის დრომ ფუჭად არ ჩაიაროს, ამიტომაც, შესაძლებელია სხვადასხვა კურსების გავლა, დისტანციურად მუშაობა და კონტაქტების ქსელის შემუშავება.

უმუშევრობის მიზეზის შესახებ კითხვისას დამსაქმებელს სურს დარწმუნდეს, რომ კანდიდატი არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან შრომის დისციპლინის დარღვევისათვის და მას შეუძლია პროდუქტიულად მუშაობა კომპანიაში.

• ისაუბრეთ გულახდილად. უმუშევრობის მიზეზი შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს, დამსაქმებლისათვის მნიშვნელოვანია, გაიგოს მუშაობისადმი მოტივირებულობა. გულახდილობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც ტყუილი მალევე გამოაშკარავდება, იმის გათვალისწინებით, რომ პერსონალის მენეჯერები ერთმანეთს ეკონტაქტებიან.
• ნუ აბრალებთ გარეშე გარემოებებს. ფრაზები “არ იყო სამსახური” ან “არ მიწვევდნენ გასაუბრებაზე” თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. მიზეზები ეძიეთ თქვენში, თუ რას აკეთებდით არასწორად.
• პირადული გარემოებები. თუ თქვენ საუბრობთ პირადულ გარემოებებზე, აუცილებელია დაარწმუნოთ დამსაქმებელი, რომ თქვენ გაართვით თავი ყველა პრობლემას.
• მოყევით, როგორ ეძებდით სამსახურს. დაუმტკიცეთ დამსაქმებელს, რომ თქვენ არ იჯექით უქმად. შესაძლებელია კონკრეტული მაგალითების მოყვანაც.

წყარო: ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური