GE

რატომ გვჭირდება სკოლა?

ავტორი: შოთა მარანელი, კარიერული კონსულტანტი, მენტორი და ახალგაზრდული მუშაკი არაფორმალური განათლების სფეროში. სტატია მომზადებულია EDU.ARIS.GE-ს პროექტის – „ჩემი სათქმელი განათლებაზე“ ფარგლებში.

რატომ გვჭირდება სკოლა? ალბათ, ბევრს ამ შეკითხვის წაკითხვაზე გაეცინება კიდეც, მაგრამ არა მგონია, ყველას გააზრებული ჰქონდეს სკოლის ნამდვილი არსი და დანიშნულება.

სანამ ავხსნი, თუ რატომ გვჭირდება სკოლა, აუცილებელია ვახსენოთ, რომ განათლება იწყება სახლში. რა თქმა უნდა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ამ პროცესს წინ უძღვის გარკვეული ლიმიტი და მიზეზები იმის, თუ როგორ არ და ვერ გვასწავლის ჩვენი სახლი ყველაფერს. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანია სხვა ბავშვებთან ან თქვენი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობა. სკოლა კი სახლის შემდგომ, პასუხისმგებელი პიროვნების მომწიფების და განვითარების მეორე საფეხურია.

ფორმალურად, სკოლა არის ცოდნის ტაძარი, სადაც ბავშვი უნდა აღიზარდოს, ჩამოყალიბდეს პიროვნებად და ამასთანავე, მიიღოს სათანადო განათლება. ეს დებულება იდეალურია, მაგრამ ნუთუ სკოლაში მხოლოდ განათლების მიღებით შემოვიფარგლებით?

შეიძლება, არ დამიჯეროთ, როცა ვამბობ რომ სკოლის პირველ კლასში მეც ერთი მორცხვი ბავშვი ვიყავი, მაგრამ სკოლის მეშვეობით ვისწავლე თუ როგორ მუშაობს მთელი მსოფლიო და როგორ ურთიერთობენ სრულიად განსხვავებული ადამიანები ერთმანეთთან. სწორედ სკოლაში ხვდებით თქვენ მეორე მშობლებს, მასწავლებლებს. ისინი არიან თქვენი სახელმძღვანელო იმისთვის, რომ ისწავლოთ და გახდეთ უკეთესი ადამიანი სოციუმისთვის და სახელმწიფოსთვის.

შეიძლება, ასე არ ჩანდეს, რომ სკოლა ცხოვრებისთვის გამზადებს, მაგრამ კი, ნამდვილად ასეა.

არა, შეიძლება ცხოვრებაში სულაც არ დაგჭირდეს პი (π — ირაციონალური რიცხვი), რომელიც დაახლოებით 3.14159-ს უდრის ან სამი ტიპის ქანების (ნალექი, მეტამორფოზული და ცეცხლოვანი) ზუსტი გამოთვლების ცოდნა, ან თუნდაც მეტყველების რვა ნაწილის (ზმნა, არსებითი სახელი, ნაცვალსახელი, ზედსართავი სახელი, ზმნიზედა, წინადადება, კავშირი და შუამავალი) დაზეპირება, მაგრამ შენ სწავლობ როგორ დამკვიდრდე შრომით ბაზარზე, იმუშაო და გამოიყენო შემოსავლის წყაროდ ქცევაში ის, რაც ისწავლე. ეს ნამდვილად ის უნარებია, რომლებიც საზოგადოებაში და სამსახურებრივ გარემოში გამოგადგება.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ცხოვრებისეული უნარების საბოლოო სია, აქ მოცემულია რამდენიმე მაგალითი რაშიც სკოლა „გვწვრთნის“, რათა მზად ვიყოთ ცხოვრებისთვის:

  • დროის მენეჯმენტი
  • კომუნიკაცია
  • პოზიტიური თვითშეფასების განვითარება
  • კრიტიკული აზროვნება და თვითგანვითარება
  • გუნდური მუშაობა
  • აღმოჩენების გაკეთება

ჩემი 5 წლიანი საქმიანობიდან და გამოცდილებიდან მივხვდი, რომ კიდევ ერთ-ერთი მთავარი „რაღაც“, რასაც სკოლა გვაძლევს ესაა პასუხისმგებლობის გააზრება და შეცნობა.

პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი სავარაუდო გადაწყვეტილების ყველა შესაძლო ალტერნატივას, მის შედეგებს, გავლენას სხვა ადამიანებზე-ოჯახის წევრებზე, თანაკლასელებზე, სკოლაზე საზოგადოებაზე; ვითვალისწინებთ, რომ ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილების მინიჭების უფლება, თუმცა ამავე დროს, მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ უნდა მოახდინოს უარყოფითი გავლენა სხვაზე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები ისე, რომ პატივი ვცეთ სხვის უფლებებსაც.

ზოგადად, პასუხისმგებლობაზე საუბრისას უნდა განვიხილოთ მისი სამი ტიპი:

  • იურიდიული პასუხისმგებლობა არის კანონმდებლობით და სხვადასხვა ნორმატიული დოკუმენტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის მოქალაქის პასუხისმგებლობა, იზრუნოს საკუთარი და სხვების უფლებების დაცვასა და კეთილდღეობაზე.
  • მორალური პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა, რომელსაც პირადი დამოკიდებულებები, სოციალური, მოლარული და ეთიკური ღირებულებები განსაზღვრავს.

ეჭვგარეშეა, რომ სკოლა და განათლება დადებითი გავლენების მქონე ცვლილებების მნიშვნელოვანი გარანტია. სკოლაში შეძენილი ცოდნა, უნარები და ინფორმაცია ხელს უწყობს საარსებო წყაროს გაუმჯობესებას, აძლიერებს ჩვენს სოციალურ უნარებს, ხელს უწყობს სოციალურ სტაბილურობას, ხელს უწყობს ბავშვების განვითარებას, ჩვენი საზოგადოებების გაუმჯობესებას და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას.

=

რა არის თქვენი სათქმელი განათლებაზე? – თქვენც შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები/სტატია. დეტალები იხილეთ ბმულზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური