რეგისტრაცია 2019 წლის ეროვნული გამოცდებისთვის დაიწყო – როგორ დავრეგისტრირდეთ
2019 წლისთვის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დღეს 10:00 საათიდან დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge ელექტრონულად უნდა გაიარონ.
დღეს რეგისტრაციის პირველი ეტაპია და ამ ეტაპზე აპლიკანტები შემდეგ პროცედურას ასრულებენ – იმისთვის რომ გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გადაიხადოთ გამოცდაში მონაწილეობის საფასური, რაც ერთი საგნისთვის 10 ლარია. თანხის ჩარიცხვის შემდეგ, პირველ, ძირითად ეტაპზე თქვენ შეგეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა;
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
- ცენტრის ვებგვერდიდან იხ. ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- “საქართველოს ბანკის” ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- “თიბისი ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- PayBox-ის თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
როგორ ვრეგისტრირდებით:
გთავაზობთ გასული წლისთვის მომზადებულ ვიდეოინსტრუქცციას რეგისტრაციისთვის:
- 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს;
- აბიტურიენტს 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა;
- რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება.
მონაწილეები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე.
პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.
უკვე გამოქვეყნდება 2019 წლის საინფორმაციო ცნობარი, რომლითაც აბიტურიენტმა არჩევანის გაკეთებისას უნდა იხელმძღვანელოს. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია, ხშირად დასმული კითხვები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ა. შ. ასევე გამოიცა ცნობარის ბეჭდური ვერსიაც („ცნობარი აბიტურიენტისათვის“).
მნიშვნელოვანი სიახლე: ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის (მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ვერგადალახვის) ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.
შეგახსენებთ რომ, 2019 წელს ცვლილება შეეხო ოთხ გამოცდას – ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს. აღნიშნული საგნებისთვის წელს განსხვავებული საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულები განისაზღვრა. თუმცა მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება