2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცვლილება 4 საგანის ტესტს შეეხება – დეტალები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის განცახდებაშია ნათქვამი, წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებების მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა:
ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15 ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70 ქულიანი და არა 80 ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო;
ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.
უცხოური ენების გამოცდა:
ტესტიდან ამოღებულია ერთ-ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით.
საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო;
შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).
უცხოური ენების დავალებების ნიმუში:
ლიტერატურის გამოცდა:
ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი (მაქსიმალური ქულაა 40 ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30 ნაცვლად 25-ისა.
საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70 და არა 80, როგორც ეს წინა წლებში იყო;
ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც – 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.
გეოგრაფიის გამოცდა:
- ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე;
- შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4 ქულიანი ღია დავალებების ბლოკი;
- ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი;
- ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა;
აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლე არ იგეგმება.
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება