GE

როცა ქულას არ ეთანხმები – რა უნდა იცოდეს 2022 წლის აბიტურიენტმა ტესტის ან ტესტების შეფასების გასაჩივრების შესახებ

2022 წლის აბიტურიენტებს უკვე გავუზიარეთ არაერთი საინტერესო ინფორმაცია, რომელიც ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებამდე და ასევე მისი მიმდინარეობის დროს უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ. ამ პოსტში კი, EDU.ARIS.GE აბიტურიენტის ცნობარზე დაყრდნობით მოგიყვებათ როგორ უნდა მოიქცეს აბიტურიენტი, რომელიც კონკრეტულ გამოცდაში მიღებულ ქულას არ ეთანხმება. აგიხსნით როგორ ხდება ტესტის/ტესტების შეფასების გასაჩივრება.

როგორ ხდება ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადების შეტანა?

თუ აბიტურიენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია გააპროტესტოს ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებული ქულა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში, რომელიც გამოქვეყნდება ქულების გაგების შემდეგ. ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა ელექტრონულად უნდა შეავსოს ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი. საპრეტენზიო განაცხადის ელექტრონულად (ინტერნეტით) შევსებისათვის საჭირო პროცედურები და ვადები განთავსდება შემდეგ ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge.

საპრეტენზიო განაცხადის საფასური და მისი გადახდის პრინციპი:

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური განისაზღვრება 50 ლარის ოდენობით (ერთი საგნისათვის).

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დანიშნულებაში საქართველოს მოქალაქე უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელსა და პირად ნომერს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიას და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

  • „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • ცენტრის ვებგვერდიდან – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება. გასწორებისას შემოწმდება მონიშნული ტესტური დავალება მთლიანად. თუ დავალება არ არის მონიშნული, სწორდება მთლიანი ნაშრომი და EDU.ARIS.GE გირჩევთ, აქ ფრთხილად იყავით, როცა დავალება მონიშნული არ გექნებათ და ნაშრომი მთლიანად გასწორდება, შესაძლოა, სხვა შეცდომა აღმოგიჩინონ და მომატების ნაცვლად, ქულა დაგაკლდეთ.

როდის გაიგებთ რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენს საჩივარზე კომისიამ:

საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის დასრულებიდან 20 დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება აისახება გამოსაცდელის პირად სარეგისტრაციო გვერდზე და შედეგის ნახვა მხოლოდ მისთვის იქნება შესაძლებელი.

რა შემთხვევაში დაგიბრუნდებათ გასაჩივრებისთვის გადახდილი 50 ლარი:

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ქულა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში აბიტურიენტს შეუძლია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინოს განცხადება (ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით) ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე. თანხა დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, გამოსაცდელის მიერ განაცხადზე დართულ საბანკო რეკვიზიტებზე.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური