GE

როგორ დავაკონსპექტოთ სასწავლი მასალა შედეგიანად – მეთოდები, რომლებიც აბიტურიენტებმაც უნდა იცოდნენ

საგამოცდოდ თუ სხვა მიზნებისთვის, საკითხის შესწავლის, გამეორებისა და დამახსოვრებისთვის ყველაზე გავრცელებული მეთოდი კონსპექტის წარმოებაა.
როგორც წესი, კონსპექტს ძირითადად ვაწარმოებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის, კონკრეტული პროფესიის დაუფლებისთვის, ანგარიშის, ნაშრომის წერისთვის, ზოგად მაშინ, როცა კონკრეტული საკითხის სწავლას ვგეგმავთ.

სწორად დაკონსპექტების მეთოდიკის სწავლა ყველას თანაბრად გვჭირდება, განსაკუთრებით მათ, ვინც გამოცდებზე გასვლას გეგმავს. საკითხით დაინტერესებულთა სიაში მოსწავლეები, აბიტურიენტები, სტუდენტები, პედაგოგები და სკოლის დირექტორობის მსურველები წინა რიგებს იკავებენ, რადგან საგამოცდოდ ემზადებიან. EDU.ARIS.GE -მ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რესპონდენტებისგან მოესმინა, როგორ უნდა დავაკონსპექტოთ მასალა სწორად და რა მეთოდიკის ან რესურსის გამოყენება გვჭირდება, როდესაც საგამოცდო მასალას ვამუშავებთ.

ჩვენი პირველი რესპონდენტი, დიანა მამულაძე, წელს გახდა სტუდენტი, ის სამედიცინო სასწავლებლის პირველ კურსზე სწავლობს. ამბობს, რომ კონსპექტების წარმოებას დამამთავრებელ კლასში შეეჩვია და უკვე დღესაც, სტუდენტობის პერიოდში, ყველა საგანში აწარმოებს. მისი თქმით, კონსპექტების წარმოება დამატებით დროს მოითხოვს, თუმცა ვინც დროში არაა შეზღუდული და საგამოცდო პროგრამას წერით უფრო ითვისებს, მათთვის განსაკუთრებით საჭირო მეთოდია მასალის დასამუშავებლად:

„აბიტურიენტობის დროს კონსპექტებს ყველა საგანში ვაწარმოებდი და დღესაც ასეა. ჩემი მეგობრები ბეჭდავდნენ ხოლმე მასალას და იქვე, მარკერებით მუშაობდნენ. მე ეს მეთოდი უფრო მომწონს, ვაკეთებ ხელნაწერი სახით და ვამატებ ჩანახატებსაც, ასე უფრო მიმარტივდება დამახსოვრება. ჩემი ხელწერა ეტყობა და ვიზუალურადაც უფრო მომწონს. კონსპექტების წერა ინდივიდუალურია, ზოგს სჭირდება მასალის დასამახსოვრებლად და გადასამეორებლად, ზოგს არა. საგანზეა დამოკიდებული და იმაზე, კონკრეტულად რის კონსპექტს წერ. იმ გამოსაცდელებს, რომლებსაც ინფორმაციის დამახსოვრება წერით უადვილდებათ, ვურჩევ, რომ კონსპექტები აწარმოონ. დროთა განმავლობაში ეს მეთოდი უკეთესი მახსოვრობის განვითარებაში გეხმარება, ხოლო ვისაც წიგნში მოცემული მასალიდან მნიშვნელოვანი ნაწილის დამახსოვრება ავტომატურად შეუძლია, ვფიქრობ, კოსნპექტების სისტემატიური წერა არ სჭირდება”.

EDU.ARIS.GE-სთან კონსპექტის სწორად აგებასა და დანიშნულებაზე დეტალურად საუბრობს ფილოლოგი, ირმა გრიგალაშვილი. ის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა და ასევე, არის მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში. თავადაც აქტიურად აწარმოებს კონსპექტებს და მიიჩნევს, რომ სწორად გაკეთებული კონსპექტი ყველაზე მოკლე გზაა გამოცდაზე წარმატებისთვის.

– გვითხარით, რატომ უნდა გამოიყენონ გამოსაცდელებმა კონსპექტი, ხედავთ ამის საჭიროებას?

– კონსპექტის წარმოება სწავლა-სწავლების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მრავალნაცადი მეთოდია. ერთი შეხედვით, კონსპექტი საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ შევამოკლოთ დიდი მოცულობის ინფორმაცია და ყურადღება მივმართოთ ყველაზე მნიშვნელოვანისაკენ. თუმცა, არამარტო მზა კონსპექტი, არამედ მისი შექმნის პროცესიც, გვიადვილებს ინფორმაციის გააზრებასა და დამახსოვრებას. კონსპექტი განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს მათთვის, ვისაც დიდი მოცულობის წერილობითი მასალის დამუშავება უწევს და მათთვის, ვისთვისაც ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ზეპირსიტყვიერია. მაგალითად სტუდენტებისათვის ლექციის პროცესში, რადგან “სიტყვები ფრენენ, ნაწერი რჩება”.

– სანამ კონსპექტების გაკეთებას შევუდგებით, რა არის აუცილებელი რესურსი, რაც უნდა გვქონდეს?

– ვფიქრობ, კარგი კონსპექტის გაკეთებას არ სჭირდება განსაკუთრებული მატერიალური რესურსი. მთავარია, ხელთ გვქონდეს დასამუშავებელი წყაროები. თუკი ჩანაწერს ხელით ვასრულებთ, სასურველია, ორი განსხვავებული ფერის კალამი ვიქონიოთ. თუ ესეც არ გვაქვს, ერთი ფერის კალმით შესრულებულ ნაწერშიც შეიძლება, გამოიკვეთოს ტექსტში არსებული საკვანძო სიტყვები და ტერმინები სიტყვის გამუქებით, გაშლილად ჩაწერის ან ხაზგასმის მეთოდით. თუ კონსპექტს ბეჭდური სახით ვასრულებთ, მუშაობა გაცილებით იოლია. აქ შეგვიძლია, სამუშაო ფაილში დავაკოპიროთ ტექსტი და სწრაფად მოვშალოთ ნაკლებად საჭირო ინფორმაცია, ხოლო მთავარი ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით დავამუშაოთ.

– ახლა კი გვინდა, ნაბიჯ-ნაბიჯ აუხსნათ ჩვენს მკითხველს, როგორ დავაკონსპექტოთ მასალა სწორად?

– კონსპექტის წერის პროცედურებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი მიზანი, ფორმატი და სამუშაო წყაროები. შევეცდები, კონსპექტის წერის პროცედურებზე ჩვენი სამიზნე აუდიტორიის ინტერესებიდან გამომდინარე ვისაუბრო. ძირითადად, მათ კონსპექტი საგამოცდო საკითხების მოსამზადებლად სჭირდებათ.

წერის დაწყებამდე:

  • განვსაზღვროთ თემა. საგამოცდო საკითხთაგან უნდა ავირჩიოთ თემა, რომლის დამუშავებასაც ვაპირებთ. ამოვწეროთ ეს თემა ხაზგასმულად, განცალკევებით ან გამოვიტანოთ სათაურად, რათა ყურადღება მივმართოთ ერთი კონკრეტული საკითხისაკენ;
  • დავახარისხოთ სამუშაო წყაროები. ძირითად და დამხმარე მასალებად წყაროების დახარისხება წერის პროცესსაც გვიადვილებს და საბოლოო პროდუქტის ეფექტურობაზეც აისახება;
  • სათანადოდ გავეცნოთ წყაროებს და სამუშაო მასალებს. ზოგიერთი წყარო დეტალურად წაკითხვას და შესწავლას მოითხოვს, ზოგისთვის კი, თვალის გადავლება, გაცნობითი კითხვის მეთოდით დამუშავებაც კმარა. ტექსტი, რომელიც შერჩეული საკითხისათვის ძირითად წყაროს წარმოადგენს, კარგად უნდა დამუშავდეს. მკითხველმა ის უნდა გააანალიზოს აბზაც-აბზაც. მონიშნოს მასში ახალი ინფორმაცია, მისთვის უცხო ტერმინები.

წერის პროცესი:

  • დავიწყოთ შერჩეული საკითხის ზოგადი მიმოხილვით;
  • წაკითხული მასალა დავანაწევროთ ქვეთემებად, დავასათაუროთ ეს ქვეთემები და მათ გასწვრივ დავწეროთ წაკითხული ტექსტის ჩვენეული ვერსია. კონსპექტის სპეციფიკა ისაა, რომ ის ხშირად არ ითვალისწინებს დედნისეულ თანმიმდევრობას. ერთი ქვეთემის (ქვესათაურის) ფარგლებში შეიძლება მოექცეს ის ინფორმაცია, რომელიც საყრდენ წყაროებში გაფანტულად იყო წარმოდგენილი, ან ერთი წიგნის სხვადასხვა ნაწილში ეწერა;
  • მაქსიმალურად მოვერიდოთ ინფორმაციის მექანიკურად გადმოწერას. უნდა გვესმოდეს მნიშვნელობა თითოეული წინადადებისა, რომელსაც ჩავწერთ.

– რა ტექნიკის გამოყენებას ურჩევდით გამოსაცდელებს და როგორია კარგი კონსპექტის კრიტერიუმები, რაც მიახვედრებთ, რომ სწორ გზას ადგანან?

– წერის დასრულებისას ყურადღებით გადაიკითხეთ თქვენი ჩანაწერი და შეადარეთ დამუშავებულ წყაროებს. ჩავრთოთ მასში სპეციალური სიმბოლოები და აღნიშვნები ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, მივაწეროთ კომენტარები. სასურველია, თუკი არ დაგვავიწყდება გამოყენებული წყაროების მითითება, რათა მომავალში, საჭიროებიდან გამომდინარე, ადვილად მივაგნოთ მათ. თუკი ჩანაწერი გვიადვილებს შესასწავლი მასალის დამახსოვრებას, შემდეგ კი გვეხმარება შესწავლილი მასალის სრულყოფილად გახსენებაში, ეს ნიშნავს, რომ კონსპექტი თავის ძირითად ფუნქციას ასრულებს.

ასევე იხილეთ:

„როგორ შევამციროთ შეცდომების რაოდენობა თხზულების წერის დროს“ – სპეციალისტი აბიტურიენტებისთვის აქტუალურ თემაზე

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური