GE

როგორ დავრეგისტრირდეთ ეროვნულ, საგრანტო, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა 2018 წლის გამოცდებზე

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია დღეს, 5 მარტიდან 15:00 საათზე დაიწყება და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

პ რ ო ც ე დ უ რ ე ბ ი:

აბიტურიენტებს პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ – რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, სადაც განთავსდება ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

  • აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ – 30 მარტის ჩათვლით.
  • 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.
  • ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

როგორც საგამოცდო ცენტრში გვითხრეს, ელექტრონული სარეგისტრაციო ბაზა არ გაიხსნება ვიდრე აპლიკანტი საგნის ჩაბარებისთვის განკუთვნილ ზემოთ მითითებულ თანხას არ გადაიხდის. შესაბამისად, ჯერ იხდით თანხას ქვემოთ მითითებული შესაძლო საშუალებებით, შემდეგ რეგისტრირდებით ელექტრონულად.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;
    “საქართველოს ბანკის” სერვის ცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • “საქართველოს ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • “თიბისი ბანკის” თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.

აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს მოგვიანებით პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც რეგისტრირდებიან აპლიკანტები) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე.

ამავე თემაზე: 

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის

2018 წლის აბიტურიენტებისთვის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დღეს 3 საათზე დაიწყება

ცნობარი აბიტურიენტებისთვის 2018

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური