GE

როგორ შევაყვაროთ მოსწავლეებს კითხვა? – რჩევები პედაგოგებს

“წიგნი არასდროს ტოვებს მკითხველს ისეთს, როგორიც მის წაკითხვამდე იყო.ყოველი კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო უკეთესი ხდები, ვიდრე იყავი…“, გარდა იმისა, რომ წიგნების კითხვა ცნობიერების გაზრდაში და აზროვნების განვითარებაში გვეხმარება. მიჩნეულია, რომ კითხვა ანტისტრესულია და თავდაჯერებულობასაც გვმატებს, ასევე, იზრდება სასაუბრო ლექსიკა, უმჯობესდება კონცენტრაციის უნარი, გვხდის უფრო შემოქმედებითს… საბოლოოდ, წიგნის სიყვარული მოსწავლეს პიროვნების სწორად ჩამოყალიბებაში ეხმარება. ამაში კი თავად ბავშვებს უფროსების, პედაგოგების დახმარება სჭირდებათ.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, როგორ გავუღვიძოთ მოსწავლეებს წიგნის მიმართ ინტერესი და შევაყვაროთ კითხვა:

1. კლასის ბიბლიოთეკა
შექმენით თბილი, მყუდრო ატმოსფერო და მოაწყვეთ წიგნების კუთხე საკლასო ოთახში. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ხალიჩები, პუფები, მცენარეები… კარგი აურა მოსწავლეებს გაუჩენს სურვილს მეტი დრო გაატარონ სასიამოვნოდ. მთავარია, გაითვალისწინოთ მოსწავლეთა გემოვნება და შეარჩიოთ მრავალფეროვანი წიგნები, რათა წიგნი ყველასთვის მოიძებნოს. კარგი იქნება, თუ ბიბლიოთეკის შექმნაში თავად ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას.

2. წაუკითხეთ წიგნები
დაიწყეთ ნაწარმოების კითხვა ან თხრობა, გაუღვიძეთ ბავშვებს ინტერესი კონკრეტული წიგნის მიმართ და შემდეგ საჭირო აღარ იქნება დაავალოთ წაკითხვა, ისინი ამას საკუთარი სურვილით გააკეთებენ.

3. წიგნის განხილვა 
სთხოვეთ ბავშვებს დაწერონ ან კლასში იმსჯელონ კონკრეტული წიგნის შინაარსისა თუ პერსონაჟების შესახებ. საჯარო განხილვა უვითარებთ კრიტიკული აზროვნების უნარს, იხვეწება მეტყველება და რაც მთავარია, განხილვაში ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, ვისაც წიგნი წაკითხული აქვს.

თუ ერთ-ერთმა მოსწავლემ განსხვავებული წიგნი წაიკითხა, დაავალეთ მას მოხსენების მომზადება და კლასისთვის შთაბეჭდილებების გაზიარება. ეს მას თავის მნიშვნელობას აგრძნობინებს და მაგალითი იქნება სხვებისთვისაც.

შეგიძლიათ მოსწავლეებისთვის შექმნათ გვერდი ვორდპერსზე, სადაც საკუთარ პრეზენტაციებსა თუ მოხსენებებს განათავსებენ.

4. წიგნებით „თამაში“

ა) წიგნის სახელი, წესები:

  • ამოწერთ ფრაზებს, საკვანძო სიტყვებს, საგნებს, პერსონაჟების სახელებს წიგნიდან
  • კლასს დაყოფთ ჯგუფებად
  • გაანაწილებთ დავალებებს
  • და ბავშვებმა უნდა გამოიცნონ რომელი წიგნიდან იხელმძღვანელეთ თქვენ

ბ) ჩემი საყვარელი წიგნი – კლასიდან ირჩევთ ერთ ბავშვს, რომელიც მოამზადებს პრეზენტაციას თემაზე  – ჩემი საყვარელი წიგნი, ოღონდ ისე რომ რაც შეიძლება ნაკლები ისაუბროს უშუალოდ შინაარსზე. შემდეგ მათ უსვამთ კითხვებს, რითია განსაკუთრებული ეს წიგნი, ყველაზე მეტად რომელი ნაწილი მოეწონა, რომელი პერსონაჟი და ა.შ. თამაშის მიზანია დანარჩენ მოსწავლეებს გაუჩნდეთ ამ წიგნის წაკითხვის სურვილი.

წყარო: scholastic

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური