GE

როგორ უნდა მოვუწყოთ სასწავლო სივრცე სკოლის მოსწავლეს? – მთავარი შეცდომები და სწორი მიდგომა

სამუშაო ადგილისა და სასწავლო სივრცის მოწყობის, მისი მნიშვნელობის უგულებელყოფით მშობლები საკმაოდ გავრცელებულ შეცდომას უშვებენ. ამასობაში, ბავშვს ესაჭიროება თავისი კუთხე, სადაც სწორად ექნება შერჩეული ავეჯი, შესაბამისი განათება კითხვისა და წერისთვის, მისთვის კომფორტული ფერთა გამა და საყვვარელი წვრილმანები, რომლებიც მყუდროებას შექმნის. მაშინ სწავლისადმი ინტერესი მოსწავლეს არ გაუქრება ,ხოლო დედას არ მოუწევს განაწყენება მისი მოუსვენრობის, ან გაფანტული ყურადღების გამო. მოდით ვნახოთ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსწავლის სამუშაო ადგილი უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ.

გამოვყოთ სამუშაო სივრცე

არასწორია, თუ დავალებების გასაკეთებლად ბავშვი სასადილო მაგიდის კუთხეში იყუჟება,ზის სავარძელში, ან საერთოდ წევს მისაღები ოთახის ხალიჩაზე. შესაძლოა, ასე მისთვის მოსახერხებელია, მაგრამ მისი ტანადობისთვისა და მხედველობისთვის სასარგებლო საერთოდ არაა და ყურადღების კონცენტრაციაც ამგვარ მოუხერხებელ მდგომარეობაში, საკმაოდ დაბალია, ალბათ, ისევე, როგორც ნიშნები სკოლაში. გამოყავით ბავშვისთვის სამეცადინო კუთხე-მაგიდის, სკამისა და რამდენიმე თაროს განთავსება ბავშვის საძინებელ ოთახში, ან მისი გამოყოფა შირმით საერთო ოთახისგან ნამდვილად შესაძლებელია. მოდით, ეს ადგილი იყოს ბავშვის „სამუშაო კაბინეტი“, სადაც შენახული იქნება მისთვის საჭირო წიგნები და რვეულები, და, სადაც ის შეძლებს კომფორტულად გაატაროს დრო კითხვის, წერის, ხატვისა თუ სხვა საქმეების კეთების პროცესში.

ვიძენთ ასაკის შესაბამის ავეჯს

ბავშვის სიმაღლე უფრო ნაკლებია ვიდრე ზრდასრულის, ამიტომ, ჩვეულებრივი მაგიდა და სკამი მისთვის მოუხერხებელი იქნება. აუცილებელია ავეჯის კომპლექტი მოსწავლის შესაბამისი ფიზიკური პარამეტრებისთვის. სკამზე ბავშვი უნდა იჯდეს მხრებში გაშლილი(გამართული), იატაკზე დაშვებული ტერფებით. მაგიდის თავი მუხლებიდან 10 სანტიმეტრით მაღლა უნდა იყოს. მასზე საკმარისი ადგილი უნდა იყოს წიგნებისა და რვეულებისათვის და ამავდროულად, ადგილი უნდა რჩებოდეს იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს მასზე იდაყვების დაყრდნობაც. დღეს ავეჯის მაღაზიებში მოსწავლეებისათვის კარგი კომპლექტები არსებობს, რომლებშიც შედის ყველა აუცილებელი ნივთი. ეს კომპლექტები სიმაღლის შეცვლის შესაძლებლობას იძლევა, ანუ “იზრდება“ ბავშვთან ერთად. ეს კი ძალიან ხელსაყრელი და მოსახერხებელია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვები სწრაფად „იყრიან ტანს“.

ვირჩევთ შესაბამის/კომფორტულ განათებას

კარგი განათების ქვეშ თვალებზე დატვირთვა მცირდება, ბავშვი ნაკლებად იღლება. მაგიდის დასადგამად საუკეთესო ადგილი ფანჯარასთანაა. ოღონთ არა ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს, არამედ ოდნავ გვერდულად, რათა შუქი მარცხნიდან ეცემოდეს, მათთვის ვინც წერს მარჯვენა ხელით და მარჯვნიდან მათთვის, ვინც ცაციაა. საჭიროა მიზანმიმართულად ფანჯრებზე ჟალუზები დავკიდოთ, რათა საშუალება გვქონდეს ვაკონტროლოთ განათება. მაგიდაზე უნდა დავდგათ სანათი, არის ისეთი მოხერხებული ვარიანტებიც, რომლებიც მაგიდის კუთხეში მაგრდება და ბევრ ადგილს არ იკავებს. ამასთანავე, საღამოობით აუცილებლად უნდა აინთოს შუქი-მხოლოდ მაგიდის სანათი ვერ შეძლებს სივრცის საკმარისად კარგად განათებას და შექმნის მხედველობისათვის ძალიან მავნე კონტრასტს შუქსა და ჩრდილს შორის.

სად და როგორ ვინახავთ სასკოლო ნივთებს?

წლიდან წლამდე სახლში სკოლისათვის საჭირო ათასგვარი ნივთი დაგროვდება. ამ „სიკეთეების“ შენახვა უმჯობესია დახურულ უჯრებსა და თაროებზე, რომ მაგიდის ზედაპირი არ გადივსოს. ნივთები, რომლებსაც ბავშვი ყოველდღიურად იყენებს მისაწვდომ ადგილას უნდა იყოს მოთავსებული, რომ მან აუდგომლად შეძლოს ამ ნივთებს მისწვდეს. ასეთ ნივთებს, როგორც წესი, მაგიდის გამოსაწევ უჯრებში, ან ტუმბოში ინახავენ რომელიც მაგიდის გვერდით არის განთავსებული. რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, საჭირო იქნება ავეჯის დამატება, მაგალიტად დასაკიდი თაროების ან კიდევ ერთი ტუმბოსი.

სივრცის მოწყობისას ვიღებთ რჩევებს ბავშვისგან და მასთან ერთად ვთანხმდებით

შეუძლებელია სწავლისათვის კომფორტული ადგილის მოწყობა ბავშვის სურვილების გათვალისწინების გარეშე. საშინაო დავალებების შესრულებისათვის საჭირო ადგილის მოწყობისას რჩევები მიიღეთ ამ სასკოლო კუთხის მომავალი მფლობელისგან, გაითვალისწინეთ მისი ინტერესები და გატაცებები. ავეჯის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ პრაქტიკულ ნიშნებს, არამედ ესთეტიურსაც. მწარმოებლები დღეს გვთავაზობენ საკმაოდ საინტერესოდ აწყობილ ავეჯს სპეციალურად მოსწავლეებისათვის და არა მოსაწყენი დიზაინით -კარადებზე თემატური ნახტებით „Jeans”-ისა თუ “Sport”-ის სტილში. შესაძლოა, ავეჯის სწორედ ასეთი კომპლექტი იყოს მოსაწონი თქვენი ბავშვისთვის.

მოამზადა მარიამ დათაშვილმა

წყარო: hata.by

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური