GE

„როგორც არ მინდა ჩემს შვილს ჰქონდეს დაზიანებული ფსიქიკა, ისე არ მინდა სხვის შვილებს ჰქონდეთ“ – ინტერვიუ გამოცდაზე გასულ პედაგოგთან

პრაქტიკოს მასწავლებელთა პირველმა ნაკადმა პროფესიული უნარების გამოცდა უკვე დაასრულა. EDU.ARIS.GE-ს მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პედაგოგი ესაუბრა, რმელმაც ძალიან საინტერესო პოზიციები დააფიიქსირა. ნატო ფერიაშვილი თბილისის 213-ე საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის, ამბობს, რომ პროფესიაში ახალ კადრად ითვლება და არა ვალდებულების, არამედ პასუხისმგებლობის გამო გადაწყვიტა გამოცდაზე გასვლა.

ნატოს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით, პირველ რიგში ვკითხეთ, თუ რას ფიქრობს, რატომ არის საჭირო მასწავლებელმა დაადასტუროს პროფესიული კომპეტენცია?

– ჩემი პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე, სულ ვფიქრობ, რომ მეც მყავს შვილები (3 შვილი), მათაც ხომ ჰყავთ და ეყოლებათ მასწავლებლები, მხოლოდ მასწავლებლის კი არა, მშობლის პოზიციიდან ვსაუბრობ ახლა, ამ მასწავლებლებმა ელემენტარული ბავშვის ფსიქოლოგია და ქცევის წესები რომ არ იცოდნენ რა მოხდებოდა? ბავშვებისთვის ყველაფერი სათუთად აღიქმება, როგორც არ მინდა ჩემს შვილს ჰქონდეს დაზიანებული ფსიქიკა, ისე არ მინდა სხვის შვილებს ჰქონდეთ. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტესტი ხომ პირველ რიგში იმაზეა, როგორ მოვექცეთ მოსწავლეებს, როგორ შევაფასოთ, როგორ ვესაუბროთ ისე, რომ პროფესიულად იყოს სწორი, ამიტომ ვარ ახლა ამ გამოცდაზე, ამ პასუხისმგებლობის გამო და არა ვალდებულების და შიშის. ვფიქრობ, ყველა მასწავლებელი ამ მიზეზით უნდა იყოს აქ.

-რატომ უჭირთ მასწავლებლებს პროფესიული უნარების ტესტის ჩაბარება და თქვენ თუ გაქვთ სირთულე ამ კუთხით?

– მეორე წელია რაც ამ გამოცდას ვაბარებ, როცა ახალი შესული ვიყავი სკოლაში იმდენ რამის სწავლა მიწევდა, ნამდვილად არ მქონდა იმდენი დრო, რომ თეორიტიკოსთა ნაშრომები წამეკითხა, თან პანდემიის პერიოდიც დაემთხვა. ოჯახი, ონლაინ გაკვეთილები, დისტანციური მუშაობა რთული იყო, თან საგამოცდო მასალებიც ხომ უნდა მეკითხა. სახლში ერთი კომპიუტერი გვაქვს, შვილებთან ერთად ვიდექი ხოლმე რიგში. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი იყო ამ რეჟიმში სწავლა, ჩემი სირთულეც ამაში გამოიხატა, რომ დრო არ იყო საკმარისი. მასალა კიდევ ბევრი გვქონდა, ძირითადაც უნდა გვეკითხა ელექტრონულ ფორმატში. ზოგს მხედველობის პრობლემები აქვს, ცოტა უფრო ასაკიანებისთვის რთულია.

-რას ფიქრობთ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, რომ თუ პრაქტიკოსი მასწავლებლები ვერ ჩააბარებენ გამოცდას, სკოლის დატოვება მოუწევთ?

– რა თქმა უნდა, ვეთანხმები ამ პოზიციას, რადგან თუ მასწავლებელი არ კითხულობს არ ვითარდება და არ ცდილობს ფეხი აუწყოს სიახლეებს, ის ვერ იქნება ადეკვატური, რადგან თანამედროვე სამყაროში ჩვენს მოსწავლეებს სხვა საჭიროებები აქვთ და იმ უნარ-ჩვევებს როგორ განვუვითარებთ, რომლებსაც ჩვენც ვერ ვფლობთ? თუმცა, მე მაინც მგონია, რომ გაითვალისწინებენ პანდემიის გამოწვევებსაც და ჩვენს სასარგებლოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

– თუ დადგებით იმ რეალობის წინაშე, რომ ვერ ჩააბარეთ გამოცდა და მოგიწევთ პროფესიიდან გასვლა რას აპირებთ?

– ეგ ისეთი თემაა, რომელზე ფიქრიც არ მინდა და წარმომიდგენია იმ მასწავლებელთა ემოციები, რომლებიც წლები არიან ამ პროფესიაში. გამოცდილება პედაგოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება პედაგოგმა არ იცოდეს, რას ფიქრობდა უზნაძე ვთქვათ, ან სხვა მოაზროვნე, მაგრამ შეძლოს იყოს ადეკვატური ზუსტად იმის გამო, რომ გამოცდილება აქვს.

– როგორ ფიქრობთ, თუ მოხდება ჩანაცვლება და პრაქტიკოს მასწავლებლებს ახალგაზრდა, თუმცა სერტიფიცირებული მასწავლებლები ჩაანაცვლებენ, უკეთესს სკოლას მივიღებთ?

– იმ ახალგაზრდებს, რომლებიც შემოვლენ, ნამდვილად ეცოდინებათ პედაგოგიკა თავის თეორიებით და ნაშრომებით, მაგრამ სერიოზული დახმარება დასჭირდებათ, მაგალითად გაუჭირდებათ ადეკვატურად მოქმედება, რადგან ბავშვის ქცევის მართვას მხოლოდ თეორიული ცოდნით ვერ შეძლებ, უამრავი სირთულე იქნება და დარწმუნებული ვარ ეს ყველა სპეციალისტს წარმოდგენილი აქვს.

ნატამ ჩვენთან საუბრისას საჯაროდ უსურვა წარმატება ყველა კოლეგას და მადლობა გადაგვიხადა ინტერვიუსთვის. ჩვენც ასევე ვუხდით მადლობას, რადგან სამწუხაროდ, ის გამოცდიდან გამოსულ პედაგოგთა იმ მცირე ნაწილს წარმოადგენს, რომლებმაც ამ საკითხებზე საუბარი ისურვეს.

2021 წლის ეროვნული გამოცდებისთვის მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.

კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, უცხოური ენები, ესთეტიკური აღზრდა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. პრაქტიკოს მასწავლებლებს ასევე აქვთ საშუალება კომპეტენცია დაადასტურონ პროფესიულ უნარებში.

წელს პირველად ტარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და მის ჩასაბარებლად 2 800-მდე მსურველი დარეგისტრირდა.

ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც იმ პირებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური