როგორი იქნება სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტი – პარლამენტი კანონპროექტს 2022 წელს დაამტკიცებს
განათლების მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე „უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვით და აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხის უზრუნველყოფის მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას“.
საქართველოს პარლამენტისთვის უკვე წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, მინისტრის მიერ ხსენებულ ვადებში ავტორიზაცია უნდა გაიროს 2100-მდე საჯარო სკოლამ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საშუალო საფასური შედაგენს 9 000 ლარს, 2023 წლიდან-2026 წლამდე საშუალოდ ყოველწლიურად 500-დან 550-მდე საჯარო სკოლის საავტორიზაციო შეფასება უნდა განხორციელდეს და როგორც დოკუმენტშია განმარტებული, საჭირო გახდება საჯარო სკოლებისთვის საშუალოდ წელიწადში 4,500,000-4,950,000-მდე დამატებით სახსრების გამოყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ბოლო რედაქციაში „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინტიტუციური თვითშეფასების განვითარების” ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის კი 944,000.00 ათასი ლარია განსაზღვრული.
ახალ სტანდარტზე მუშაობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაწყებული აქვს და როგორც EDU.ARIS.GE-მ 8 დეკემბერს გაარკვია, პარლამენტი მთავრობის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს 2022 წელს დაამტკიცებს.
„დღეის მდგომარეობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები აღარ იძლევა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სრულფასოვანი შეფასების შესაძლებლობას. ავტორიზაციის პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ მოქმედი სტანდარტებით შეფასება აღარ არის სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული. მოქმედი სტანდარტები არ ითვალისწინებს სკოლის სპეციფიკასა და თავისებურებებს. სტანდარტები აღწერს სკოლის მდგომარეობას და არ არის ორიენტირებული რეალური პროცესების შეფასებაზე“ – წერია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 1-ელ დეკემბერს დაარეგისტრირა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობამ გადაწყვიტა, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე არსებული ჩანაწერების ამოღება. ამჟამად, აკრედიტაციის გავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნებაყოფლობითია. საქართველოში კი აკრედიტებულია მხოლოდ ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 2 საგანმანათლებლო პროგრამა. სხვა დაწესებულებების პროგრამების ხარისხი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტით ფასდება მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე. მთავრობა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე არსებული ჩანაწერების ამოღება.
ავტორიზაციის საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სახეებს ემატება ორი სახის გადაწყვეტილება: კერძო სკოლებთან მიმართებით, ცალკეული პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით და საჯარო სკოლების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე სამინისტროსთვის შუამდგომლობით მიმართვის შესახებ გადაწვეტილება.
გარდა ამისა, დღეს არსებულ კანონს ემატება ახალი პუნქტი (მე-11 მუხლის 2 (3) პუნქტი), რომელიც კერძო სკოლებისგან განსხვავებულად დაარეგულირებს საჯარო სკოლების ფუნქციონირების საკითხს და დაადგენს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/უარის თქმის გარემოებების დადგომის შემთხვევაში დააყენოს შუამდგომლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე.
კანონს დაემატება ჩანაწერი, რომელიც გაითვალისწინებს გამონაკლისს საჯარო სკოლებთან მიმართებით, კერძოდ, ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, გარდა აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 2 (3) პუნქტით გათვალისიწინებული შემთხვევისა.
ცვლილების თანახმად, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მსგავსად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ექნებათ საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესაძლებლობა. პროგრამის/საფეხურის დამატება კი ხელახალ ავტორიზაციას იწვევს.
„აღნიშნული მექანიზმი მეტ შესაძლებლობას მისცემს სკოლას და მოქნილს გახდის პროცესს. ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დამატების თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლება ექნება მხოლოდ ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. კანონპროექტის მიღების შედეგად, გაუქმდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია. კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების მოწესრიგება ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას“, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.
ახალი კანონის ამოქმედების შესაბამისად, უნდა შეიქმნეს განათლების ხარისხის მოქნილი, შინაარსზე ორიენტირებული, თანამედროვე ავტორიზაციის ინსტიტუტი.
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესის გაერთიანებით ავტორიზაციის სტანდარტებში, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ საგნობრივ დონეზე შეფასდება სასკოლო კურიკულუმის ხარისხი.
მთავრობას მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ სრულფასოვნად შეფასდეს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ მხოლოდ ავტორიზაციის გავლას, ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამები აისახება სტანდარტის შინაარსში, უცხოური პრაქტიკის გათვალისწინების საფუძველზე.
მოქმედი რეგულაციით, სკოლის მიერ პროგრამის დამატება წარმოადგენს ხელახალ ავტორიზაციას. ცვლილების შემდეგ, სკოლას ექნება შესაძლებლობა დაიმატოს ცალკეული პროგრამა დამოუკიდებლად.
ახალი სტანდარტის მიღების შემდეგ, ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი იქნებიან, რომ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღონ გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით, გარდა ზემოთ ახსნილი აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის 2 3 პუნქტით გათვალისიწინებული შემთხვევისა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, გაჩნდება ახალი ჩანაწერი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებითაც, რომელიც არ გავრცელდება საჯარო სკოლებზე.
„კერძოდ, მე-15 მუხლს დაემატება 3 2 პუნქტი, რომელიც დაადგენს, რომ თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ორი ან ორზე მეტი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამიდან რომელიმე არ შეესაბამება ამ კანონის მე-7 მუხლის 2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 2 (3) პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამასთან, საჯარო სკოლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ფორმის დამატების მიზნით, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგნაირად, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და ამ კანონის მე-11 მუხლის 2 3 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში“, – წერია კანონპროექტში.
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, საპარლამენტო კომიტეტები -განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – აღნიშნული კანონპროექტის განხილვას 2022 წლის 22 თებერვლამდე დაასრულებენ, პარლამენტმა კი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 2022 წლის 4 მარტამდე უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი 2015 წლიდან დაწყებული, დღემდე გადავადების პროცესშია. მთავრობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები აღნიშნულს სკოლების მხრიდან საჭირო სტანდარტების შეუსაბამობას ასახელებდნენ, რაც ცალსახად, მთავრობის გადასაჭრელი იყო და არის.
ასევე იხილეთ:
განათლების მინისტრის დაპირებები – რეალობისგან აცდენა თუ 2030 წლისთვის მიღწევადი რეფორმები
როგორი იქნება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ახალი პასუხისმგებლობა – მინისტრის განმარტება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება