განათლების მინისტრის დაპირებები – რეალობისგან აცდენა თუ 2030 წლისთვის მიღწევადი რეფორმები
მაშინ, როცა ფაქტობრივად მთელი ქვეყნის მოსახლეობა თანხმდება, რომ განათლების სფეროში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, რასაც გარკვეულწილად ხელი კოვიდპანდემიამ შეუწყო, ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მაინც ამაყია საგანმანათლებლო სფეროში მიღწეული შედეგებით. ჩხენკელმა 1-ელ დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა მიღწეულ წარმატებებზე და ბევრი დაპირებაც გასცა.
EDU.ARIS.GE-ს მიერ, მინისტრის გამოსვლიდან ამოკრებილი დაპირებები, რომელიც ჩხენკელმა გულიხვად გასცა, ასე ჟღერს:
1. 7 უნივერსიტეტში იწყება პროგრამა, რომელიც მოამზადებს საბავშვო ბაღის აღმზრდელ მასწავლებლებს. დაგეგმილია სკოლამდელი აღზრდის პედაგოგების სახელფასო პოლიტიკისა და პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება. ახალი თაობის აღმზრდელ პედაგოგებს დახვდებათ განახლებული სახელფასო პოლიტიკა და პროფესიული განვითარების მოქნილი სისტემა. ვითარდება ბაღიდან სკოლაში ბავშვების ტრანზიციის პროგრამები. პირველად სისტემაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით, განახორციელებს ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების თვითშეფასებას და მათ ეტაპობრივ ავტორიზაციას 2022- 2030 წლებში.
2. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად შეიქმნება აკადემიური პროგრამები უმაღლესი განათლების სამივე საფეხურისათვის კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების მიზნით დაგეგმილია ვიზიტი გერმანიაში, სადაც შეხვედრები გაიმართება აკადემიური წრეებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, გაგრძელდება მუშაობა კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახალი აკადემიური პროგრამების შესაქმნელად.
3. 2022 წლიდან შეიცვლება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მოქმედი სისტემა. კერძოდ, დაინერგება სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული კლასტერული აკრედიტაცია, კლასტერული აკრედიტაციის ამოქმედებით, უნივერსიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოახდინონ საკუთარი ფინანსური და ადამიანური რესურსების კონსოლიდაცია კონკრეტული დარგის პროგრამებზე, რადგან ყოველ წელს მათ აკრედიტაციის პროცესის გავლა მოუწევთ არა ყველა დარგის, არამედ მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული დარგის საგანმანათლებლო პროგრამებზე. კლასტერული აკრედიტაციის დროს უნივერსიტეტის ფარგლებში ერთი კონკრეტული სფეროს სხვადასხვა საფეხურის პროგრამები შეფასდება ერთიანად, ერთი ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რაც ხელს შეუწყობს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურას შორის კავშირისა განსხვავებების უკეთ დანახვასა და შეფასებას.
4. გაიზრდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსების მოცულობა და გაფართოვდება გრძელვადიანი მიზნობრივი სამეცნიერო კვლევების პროგრამები, იგეგმება მაქს პლანკის ინსტიტუტების მოდელის გათვალისწინებით სამეცნიერო დარგების კლასტერულად განვითარება. ამ მოდელის განხორციელებაში სამინისტროსთან ერთად აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
5. ყოველწლიურად გაიზრდება სახელმწიფო სასერტიფიკატო მომზადება და გადამზადების პროგრამების მიწოდების მასშტაბიც. გარდა ამისა, მჭიდროდ დაუკავშირდება ერთმანეთს პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებიც. ექვს წელიწადში ყველა სასწავლებელი იფუნქციონირებს ახალ სტანდარტთან სრულ შესაბამისობაში.
6. წახალისდება გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელება უცხოურ სასწავლებლებთან ერთად. იგეგმება Erasmus პროგრამის ამოქმედება უკვე პროფესიული განათლების საფეხურზე. განვითარდება ექსელენს-ცენტრები (CoE) და საერთაშორისო სასწავლებლები, რომლებიც შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მოზიდვას.
7. 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორც სამედიცინო კაბინეტით, ასევე ექიმისა და ექთნის მომსახურებით. სკოლის ექიმის ფუნქციას საგანმანათლებლო კომპონენტი დამატება.
8. 2030 წლისთვის ზოგადი განათლების სფეროს განვითარებისთვის 2 მილიარდ 230 მილიონ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი.
9. დაინერგება რესურსცენტრების ახალი კონცეფცია. საგანმანათლებლო რესურსცენტრები ხდებიან რეგიონულ დონეზე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები. ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც. საბოლოოდ, სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელები და რაიონული რგოლების გაძლიერება გაზრდის სკოლების მხარდაჭერასა და მათ ავტონომიას.
10. გაუმჯობესდება სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი.
11. ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერებად და ცოდნის გამავრცელებლებად მოგვევლინებიან.
12. 2030 წლისთვის მეცნიერებისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 243 მილიონი ლარი იქნება, პროფესიული განათლების – 730 მილიონი, ზოგადი განათლების სფეროს განვითარებისთვის 2 მილიარდ 230 მილიონ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი.
„აცდენილი ხართ რეალობას“, „რთულია სერიოზულად აღვიქვათ ბატონი მინისტრის გამოსვლა“, თქვენ ხართ მთავარი სკოლის დირექტორი და ყველა დანარჩენი სკოლის დირექტორი თქვენი ფილიალი სკოლის მოადგილეა“, „თქვენს გამოსვლას, სამწუხაროდ, უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების ინფორმაცია“ – ეს იყო შეფასებები, რაც კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციონერებისაგან მინისტრმა მიიღო. განათლების მინისტრი კი თვლის, რომ „ახლა რა ცვლილებაც მოხდა პირველი კლასელებისთვის, ამის ეფექტს 10-12 წლის შემდეგ დავინახავთ, როდესაც გაიზომება ახლანდელი პირველკლასელის მთელი სასკოლო განათლება“.
ასევე იხილეთ:
განათლების მინისტრმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებები დააანონსა – განცხადება
როგორი იქნება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ახალი პასუხისმგებლობა – მინისტრის განმარტება
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება