GE

„საბავშვო ბაღებში პედაგოგების ნაკლებობა ხელს უშლის სასწავლო პროცესის სათანადოდ წარმართვას“ – სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეფორმის მიმდინარეობის პროცესი შეისწავლა და დაასკვნა, რომ საბავშვო ბაღების ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში არის ნაკლოვანებები და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს. სხვადასხვა დარღვევებთან ერთად, სამსახური საკადრო სფეროში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს.

ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვის მთავარმა მაკონტროლებელმა დაწესებულებამ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა, აუდიტის დრო 2014-დან 2019 წლამდე პერიოდია, შესაბამისი დასკვნა 4 ივნისს გამოქვეყნდა.

აუდიტის დასკვნაში, ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური საკითხების გარდა, აქცენტი გაკეთებულია საბავშვო ბაღებში პერსონალის რაოდენობასა და მათი გადამზადების კუთხით არსებულ პრობლემებზე.

„მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა საბავშვო ბაღების საქმიანობა შეუსაბამონ მოქმედ სტანდარტებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღმზრდელთა არასაკმარისი რაოდენობა აისახება სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზე, რაც შესაძლებელია აღსაზრდელთა სათანადო ხარისხით სასკოლოდ მზაობისთვის მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს.

„ასევე, პედაგოგების ნაკლებობა ხელს უშლის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის სათანადოდ წარმართვას. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები არსებული საკითხის გადასაჭრელად. არ არსებობს დროში გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვით პედაგოგების და აღსაზრდელების რაოდენობა კანონთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი. საკითხის გადაჭრა მნიშვნელოვანია სკოლამდელი აღზრდის სერვისის გასაუმჯობესებლად.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაციის მქონე საკმარისი ადამიანური რესურსი, რათა საბავშვო ბაღების საქმიანობა შეუსაბამონ მოქმედ სტანდარტებს. აღნიშნული აისახება სწავლების მეთოდოლოგიურ მხარეზე, რადგან პედაგოგთა კვალიფიკაცია არსებითი კომპონენტია ბავშვთა სასკოლო მზაობისათვის.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს არ აქვთ შემუშავებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს იმ პედაგოგების გადამზადებას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ბაღებში დაცული არ არის პედაგოგების უწყვეტი განათლების ორგანიზების პრინციპი, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს სერვისის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობებს“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

დოკუმენტში ასევე საუბარია საბავშო ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პროცესზე, რომელიც რამდენჯერმე გადავადდა.

„თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები, რათა ბაღების საქმიანობა ყოფილიყო დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არ არსებობს ერთიანი ხედვა, თუ როდის უნდა უზრუნველყონ მერიებმა საბავშვო ბაღების სტანდარტებთან შესაბამისობა. პასუხისმგებელი ორგანოების საქმიანობა ბაღების განახლებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით არ არის თანმიმდევრული. მენეჯმენტი ძირითადად მიმართულია ყოველდღიური ოპერატიული ამოცანების გადაჭრისკენ და არ მოიცავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც გრძელვადიანად არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე საზოგადოების მხრიდან მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით აღნიშნული პრობლემების აქტუალობა მომავალში კიდევ გაიზრდება. ასევე წინსვლა არ არის ბაღების ავტორიზაციის კუთხითაც, სათანადო ღონისძიებების განუხორციელებლობის გამო. ავტორიზაციის პროცესი, რომელიც 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო, თუმცა მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა და ვადა კიდევ ერთხელ 2021 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 11 ივნისს დაიწყება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური