GE

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის განათლების სამინისტრო ვიდეორგოლების კონკურსს აცხადებს

ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებისთვის აცხადებს ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს – “გაცოცხლებული სურათები”.

კონკურსის პირობების თანახმად, ვიდეორგოლების კონკურსი – “გაცოცხლებული სურათები” საჯარო და კერძო სკოლების ორი ასაკობრივი კატეგორიისთვის – VII-IX და X-XII კლასების მოსწავლეებისთვის –  ჩატარდება. მოსწავლეებმა უნდა შექმნან ანიმაციური ვიდეორგოლი, რომელშიც გააცოცხლებენ ნიკო ფიროსმანის ნახატებს.

საკონკურსო ვიდეორგოლები უნდა იყოს გაფორმებული/გახმოვანებული მუსიკალურად და ვიდეორგოლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.

განათლების სამინისტრო განიხილავს საკონკურსო ნაშრომებს და გამოავლენს გამარჯვებულებს მოსწავლეთა ორივე ასაკობრივ კატეგორიაში. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან 700, 600 და 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით.

კონკურსისთვის შედგენილი სპეციალური ჟიური ასევე გამოავლენს გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში: ჟიურის რჩეული; ორიგინალური იდეა; ახალგაზრდა ანიმატორი და საუკეთესო სიუჟეტი. აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ვაუჩერებით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და ვადების იხილეთ ბრძანებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური