GE

სამხატვრო აკადემიაში საერთაშორისო ფორუმი ,,მწვანე დღეები საქართველოში’’ გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის და საქართველოს ლანდშაფტის არქიტექტორთა ასოციაცია ‘’გალა’’-ს ორგანიზებითა და ინიციატივით 2015 წლის 8-9 მაისს თბილისში პირველად  საერთაშორისო ფორუმი ,,მწვანე დღეები საქართველოში’’ გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, იტალიის, რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები ლანდშაფტის, გამწვანების, ენერგოეფექტურობის, არქიტექტურის და მონათესავე სფეროებიდან.

როგორც სამხატვრო აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფორუმის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გაუზიარონ გამოცდილება და გააცნონ ერთმანეთს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, სიახლეები აღნიშნულ სფეროებში. ღონისძიება ხელს შეუწყობს უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი სამომავლო გეგმების განვითარებას.

,,თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვევით, ფორუმის ორივე დღეს, დამსწრე საზოგადოებასა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იტალიელი ლანდშაფტის არქიტექტორი – მარიო ბონიჩელი. მას მსოფლიო მასშტაბით უკვე აქვს განხორციელებული 500-მდე პროექტი, არის ავტორი არაერთი სტატიისა და წიგნის. იტალიის ქ. ბერგამოში, 2007 წელს დააარსა არქიტექტორთა ასოციაცია, რომელიც დღეს ატარებს ,,ბონიჩელი და პარტნიორების’’ სახელს.

ფორუმზე ასევე მოწვეულნი არიან:

  • ლანდშაფტის სპეციალისტი – ელენა მარკიტანტოვა. იგი ევროპის მასშტაბით არის ავტორი არაერთი პროექტისა, პეტერბურგის ერთ-ერთი პოპულარული ლანდშაფტის ჟურნალის ჟურნალისტი. აქტიურად არის ჩართული სიახლეებში, ღონისძიებებში და სხვადასხვა მიმდინარე პროექტებში. უკრაინიდან და რუსეთიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ელენა წარუძღვება ერთ-ერთ ყველაზე აქტულური თემის განხილვას – თანამედროვე ტენდენციები ლანდშაფტისა და გამწვანების დარგებში.
  • მაქსიმ ცარევი – უკრაინა – LLC Aquastrum -ის დირექტორი.
  • დმიტრი სტელმახი – უკრაინა – LLC Gulfstream – ის დირექტორი
  • ოლენა კრავეცკა- უკრაინა – GardenLight Studio – უკრაინა/დამაარსებელი, Epstein-Design Outdoorlighting – გერმანია/წარმომადგენელი, Denk-Keramik – გერმანია/წარმომადგენელი, Promosnastka Ltd უკრაინა – წარმომადგენელი,” –  აღნიშნულია განცხადებაში.

აკადემიის ინფორმაციით, ფორუმის პირველი დღე გაიმართება ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის – პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისის საკონფერენციო დარბაზში.მთლიანი დღე დაეთმობა მოწვეული სტუმრების მოხსენებებსა და დისკუსიებს. ხოლო მეორე დღეს – 9 მაისს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მარიო ბონიჩელის ხელმძღვანელობით ჩატრდება მასტერკლასი და დისკუსია. ამავე დღეს მოეწყობა გასვლითი ღონისძიებები თბილისის მასშტაბით.

ფორუმზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი ამ სფეროებით დაინტერესებული პირებისათვის.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური