GE

შეუძლია თუ არა სტუდენტს, რომელიც ფასიანზე სწავლობს, უფასო სწავლების მოდელით ისარგებლოს – განათლების სამინისტროს პასუხი

უფასოდ სწავლის შესაძლებლობის გამო, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოქმედი სტუდენტებიც არიან დარეგისტრირებული, ამის შესახებ ცნობილი გახდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორისგან, რომელმაც განაცხადა, რომ წელს, 2025 წელთან შედარებით, მეტი ადამიანი დარეგისტრირდა მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მიზნით.

ამ საკითხს 14 მაისს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გამოეხმაურა თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი და განათლების მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას ასეთი კითხვით მიმართა:

“სტუდენტი, რომელიც ამჟამად ფასიანზე სწავლობს, ხომ არ არის რისკი, რომ უფასო სწავლების მიზეზით, თავიდან ჩააბაროს და რა მექანიზმი შეიძლება აქ შევიმუშავოთ?”

ზვიად გაბისონიოამ განმარტა, რომ სახელმწიფო ამ თვალსაზრისით შეზღუდვას არ აწესებს:

„ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ არანაირი შეზღუდვა ამ ნაწილში არ გვაქვს, პირიქით, თუ სტუდენტები ჩათვლიან საჭიროდ, რომ ხელახლა უნდათ ჩაბარება იმისათვის, რომ უფასო დაფინანსების მოდელზე მოხვდნენ (ეს გათვლილი გვაქვს), რა თქმა უნდა, სიამოვნებით. რადგან ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა მიიღოს დაფინანსება, ვგულისხმობთ, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი დაფინანსება. შესაბამისად, სტუდენტს შეუძლია, ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში ხელახლა სცადოს ბედი და ხელახლა ჩააბაროს თუნდაც იმ გაგებით, რომ მან მიიღოს უფასო სწავლების მოდელი. ამ ნაწილზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირ დამატებით შეზღუდვებს არ ვგეგმავთ“, – თქვა საკანონმდებლო ორგანოში ზვიად გაბისონიამ.

ამ კონტექსტში განათლების მინისტრის მოადგილე უმაღლესი განათლების რეფორმას და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის საკითხსაც გამოეხმაურა.

მისი მტკიცებით, მთავარი არის “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის” პრინციპის დაცვა და ფიქრობენ, პირველივე წელს ექნებათ ძალიან წარმატებული შედეგები იმ გათვლებით, რა გათვლებიც მთავრობამ დაგეგმა:

„რეგისტრაციებთან დაკავშირებითაც გეტყვით, რომ ჩვენი რეფორმის მთავარი კომპონენტი იქნება ძალიან წარმატებული. პირველადი მონაცემებით არის წარმოუდგენლად დიდი მოთხოვნა სახელმწიფო უნივერსიტეტების პროგრამებზე, თუმცა გარკვეული ტიპის კვოტები რჩება კერძო უნივერსიტეტებსაც, რაც ასევე ჩვენთვის სასიხარულოა, რადგან აუცილებელია, თანაბრად მოხდეს გადანაწილება“.

ასევე იხილეთ:

დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი და 10 000-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი – სტატისტიკაზე თამარ მემანიშვილი საუბრობს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური