GE

სანგუ-ში სტუდენტური დასაქმების ტრადიციული ფორუმი გაიმართა – დასაქმების უმოკლესი გზა სამუშაოს მაძიებელი სტუდენტისთვის

წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ) სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელზეც სამუშაოს მაძიებელ, ან სამსახურის ცვლილებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, 30-მდე კომპანიამ, სხვადასხვა მიმართულებით არსებული ვაკანტური პოზიციები შესთავაზა.

დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში არსებული ორგანიზაციები. მათ შორის ისეთი მსხვილი დამსაქმებლები, როგორებიც არიან: შემოსავლების სამსახური, იუსტიციის სახლი, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, სამედიცინო კომპანია ევექსი, პალიტრა მედია ჰოლდინგი, სასტუმროთა ქსელი Inn Hospitality, სადაზღვევო კომპანია უნისონი, PSP დაზღვევა, საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი, GWP და ა.შ.

ფორუმის მიზანი, უნივერსიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დამსაქმებლებთან დაკავშირება და მათი დასაქმების ხელშეწყობაა. წელს ორგანიზატორების მთავარი ამოცანა ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად მრავალფეროვანი ვაკანსიების შეთავაზება იყო, რათა სასურველი პოზიციის პოვნის შესაძლებლობა ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანს მისცემოდა.

SANGU-ს დასაქმებისა და კარიერული განვითარების სამმართველოს უფროსი მარიამ ქვარიანი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფორუმების შემდგომ, დამსაქმებლებთან კომუნიკაციის გზით ადგენენ ერთგვარ სტატისტიკას იმის გასარკვევად, თუ რამდენად ნაყოფიერად ჩაიარა ღონისძიებამ. აღნიშნულ სტატისტიკაზე დაყრდნობით იგი გვეუბნება, რომ თითოეული ფორუმის შემდეგ, მინიმუმ, 20-30 სტუდენტი საქმდება. თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა კომპანიები მოგვიანებით უკავშირდებიან სტუდენტებს, მას შემდეგ, რაც მათთვის ხელსაყრელი და მისაღებ პოზიციაზე გამოცხადდება ვაკანსია.

„თავდაპირველად, როცა ფორუმების ჩატარება დავიწყეთ, აქცენტს ვაკეთებდით ისეთი კომპანიების მოწვევაზე, რომელთაც კადრები ნახევარ განაკვეთზე სჭირდებოდათ – ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებზე, სუპერმარკეტებზე, რადგან ჩვენს შრომით ბაზარზე ახალგაზრდებს ნახევარგანაკვეთიან სამუშაოს, ძირითადად, ისინი სთავაზობენ. ახლა უკვე კურსდამთავრებულებიც აქტიურად მონაწილეობენ, ამიტომაც ადგილზე წარმოდგენილ კომპანიებს შეთავაზება აქვთ როგორც ნახევარ, ისე სრულ განაკვეთზე. ფორუმში საჯარო სექტორიც ჩავრთეთ. სახელმწიფო უწყებების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, სამომავლოდ მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, – ამბობს მარიამი.

სტუდენტური დასაქმების ფორუმებში საჯარო უწყებების აქტიურად ჩართულობის იმედი გამოთქვეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმაც, რომლებიც ფორუმზე საერთაშორისო და ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ ორ ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისთვის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს ეძებდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორც აღმოჩნდა, ფორუმზე წარმოდგენილი ერთადერთი სამინისტრო იყო, რომლის თანამშრომლებმაც გვითხრეს, რომ სტუდენტური დასაქმების ფორუმებში, ბოლო პერიოდში, ხშირად მონაწილეობენ. იმედი გამოთქვეს, რომ მათ მალე სხვა საჯარო უწყებებიც მიბაძავენ, რადგან ამით დაიმსხვრევა მითი იმის თაობაზე, თითქოს სტუდენტებისთვის იქ დასაქმება შეუძლებელია.

დასაქმების ფორუმების ხშირი სტუმარი აღმოჩნდა კომპანია „მეიჯერელ საქართველო“, რომლის მთავარ მოტივადაც, კომპანიის შერჩევის სპეციალისტმა, ანა რობაქიძემ, ცნობადობის გაზრდა და ახალგაზრდების დაინტერესდება დაასახელა. მისი თქმით, ფორუმების მეშვეობით ისინი დეტალურ ინფორმაციას იღებენ კომპანიის საქმიანობის, მოთხოვნების შესახებ, რაც გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებათ. დასძენს, რომ ამ გზით ბევრად მეტი აპლიკაცია შედის.

„შერჩევის პროცესი, ჩვენთან, სულ აქტიურია, რადგან ვაკანსიები სულ გვაქვს. დღესაც ინგლისურენოვან ვაკანსიებს ვთავაზობთ. ჩვენი კომპანია ბიზნეს პროცესების აუთსორსინგზე მუშაობს. შესაბამისად, ძირითადად, გვაქვს კლიენტთა მომსახურების სერვისი, თუმცა გვაქვს კონტენტ-მოდერატორის პოზიციაც. კადრებს გრძელვადიანი პერსპექტივით, სრულ განაკვეთზე სამუშაოდ ვეძებთ, თუმცა გვაქვს ხოლმე მოკლევადიანი, საზაფხულო დასაქმებაც, მოსწავლეებისთვის. რაც შეეხება გრაფიკს, პოზიციების მიხედვით განსხვავებულია და სტუდენტებს შეუძლიათ ერთმანეთში გადაცვლა, ან დღე-ღამის ნებისმიერი მონაკვეთის არჩევა. ანაზღაურება კი, საქართველოს ბაზრისთვის, საკმაოდ მიმზიდველი და კონკურენტუნარიანია. არის ზრდის პერსპექტივაც და დამატებით, ბონუსებიც. ესეც ერთგვარი მოტივაცია“, – ამბობს ანა რობაქიძე.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო თი ბი სი ბანკიც, რომლის ადამიანური კაპიტალის მართვის განყოფილების თანამშრომელმა, ნანა რამიშვილმა გვითხრა, რომ სტუდენტებს ვაკანსიებს სთავაზობენ როგორც ნახევარ, ისე სრულ განაკვეთზე, ფილიალში თუ დისტანციურ რეჟიმზე. პირველ რიგში, არკვევენ რითია დაინტერესებული ახალგაზრდა და პოზიციას ამის მიხედვით ურჩევენ. შემდეგ უკვე ინდივიდუალურ, მასზე მორგებულ გრაფიკსაც უდგენენ და ტრენინგ-კურსების მეშვეობით გადამზადებასაც უტარებენ. დასაქმების შემდეგ პოზიციის ცვლილებაც და დაწინაურებაც შესაძლებელია. ნანა რამიშვილის თქმით, თი ბი სი-ში მსგავსი გზით ბევრი ახალგაზრდაა დასაქმებული, რომლებიც იქ უკვე წლებია მუშაობენ – „მთავარია მოტივაციას ვხედავდეთ და ჩვენგან ყველანაირი წინაპირობა ექნებათ, ყველაფერი სწავლებადია“, – გვეუბნება ის.

რამდენიმე ვაკანსიით იყო წარმოდგენილი კომპანია „ამბოლიც“, რომელიც სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებასაც სთავაზობდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ აერჩიათ დღის პირველ ნახევარში, ან დღის მეორე ნახევარში მუშაობა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ ხელს გამოცდების პერიოდშიც შეუწყობენ. „ამბოლის“ მაგალითზე დაყრდნობით, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი მარიამ ჩოქური ამბობს, რომ ფორუმები, მათთვის, ნაყოფიერი შედეგის მომტანია ხოლმე.

„სტაჟირების პროგრამები ხშირად გვაქვს და ამ პოზიციებზე სწორედ გამოუცდელ თანამშრომლებს განვიხილავთ, რომელთაც გამოცდილების მიღებასა და განვითარებაში ვუწყობთ ხელს. სტაჟირება, რა თქმა უნდა, ანაზღაურებადია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვცდილობთ, რომ იგი სამ თვეზე მეტ ხანს არ გაგრძელდეს. სტუდენტური დასაქმების ფორუმები, ჩვენთვის, დასაქმების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. მთავარი კრიტერიუმი კი მოტივაციაა“, – აცხადებს მარიამ ჩოქური.

ქეთევან კაცელაშვილი კი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. დასაქმების ფორუმზეც იმ იმედით მოვიდა, რომ საკუთარი პროფესიით სამსახურს იპოვის. ამბობს, რომ ერთ ადგილას ამდენი კომპანიის ნახვა და მათ წარმომადგენლებთან გასაუბრება, სამუშაოს მაძიებელი სტუდენტისთვის, ფუფუნებაა, რადგან ყველა კითხვაზე პასუხს უშუალოდ დამსაქმებლებისგან ისმენს. ესაუბრა ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელს, რომელსაც მისი სპეციალობის კადრის ასაყვანად ვაკანსია აქვს გამოცხადებული. ფიქრობს, რომ ეს საუბარი ნაყოფიერი იყო და ელის, რომ უახლოეს მომავალში სასურველი კომპანიებიდან გამოეხმაურებიან.

„ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ანაზღაურებაც და გამოცდილების მიღებაც. გარდა ანაზღაურებისა, ასევე მნიშვნელოვანია გარემო. სამსახურში სასიამოვნო სამუშაო სივრცე უნდა იყოს და არა სტრესული. ანაზღაურება კი ერთგვარი მოტივაციაა და კომპანიის მოთხოვნები ანაზღაურებასთან შესაბამისი უნდა იყოს. ასეთი ფორუმები, ძალიან გვეხმარება, რადგან ჩემს გარშემო ბევრი სწორედ ასე დასაქმდა სხვადასხვა კომპანიაში და დღემდე იქ მუშაობენ“, – ამბობს ქეთევანი.

დასაქმების ფორუმი, ქართულ უნივერსიტეტში, 2019 წლიდან, ყოველწლიურად იმართება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური