GE

საქართველოს ბიზნესის აკადემია –200 ადგილი მეორადი ჩარიცხვებისთვის

საქართველოს ბიზნესის აკადემიას სულ რაღაც 4-წლიანი ისტორია აქვს, თუმცა ეს პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბიზნესის მიმართულებით ერთ–ერთ პრესტიჟულ სასწავლებლად ჩამოყალიბებულიყო. SBA–ს ისტორია პროფესიული სასწავლებლით იწყება – 2014 წელს კი პირველად სასწავლებელმა მიღება უკვე აკადემიურ საფეხურზე, ბაკალავრიატშიც გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ხელმძღვანელობა ამაზე შეჩერებას არ აპირებს – წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები და ჯანსაღი ამბიციებია.

“ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვდებთ სასიამოვნო, უსაფრთხო და ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნაში” – ეს აკადემიის ერთ–ერთი სლოგანია. ის, რომ სასწავლებელში ეფექტური სასწავლო გარემოა, შენობაში შესვლისთანავე რწმუნდებით.

საქართველოს ბიზნესის აკადემიის მიზნებსა და გეგმებზე Aris.ge-განათლებას რექტორი კახაბერ ერაძე დეტალურად ესაუბრა. ინტერვიუ კიაბიტურიენტებისთვის ყველაზე საინტერესო ინფორმაციით გვინდა დავიწყოთ. 18 ნოემბრიდან მეორადი ჩარიცხვები დაიწყო– SBA-ს კი ბიზნესის მიმართულებაზე 200 სტუდენტის მიღება შეუძლია.

– ბატონო კახაბერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეორადი ჩარიცხვების გამოცხადებით სტუდენტის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა აბიტურიენტებს წელსაც მისცა. თქვენ რას სთავაზობთ მათ და რამდენი აბიტურიენტის მიღება შეგიძლიათ?

– წელს მეორად ჩარიცხვებს არ ველოდით. დაახლოებით 200–მდე სტუდენტის მიღება შეგვიძლია. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აკადემია საკმაოდ პოპულარული იყო. განათლების მისაღებად SBA1600–მდე აბიტურიენტმა აირჩია. ეს ციფრი სამჯერ აღემატება ჩვენ მიერ გამოცხადებული ადგილების რაოდენობას. თუმცა მოხდა ისე, რომ ადგილები დაგვრჩა და ახლა, შეგვიძლია, მეორადი ჩარიცხვის გზით 200–მდე პირველკურსელი მივიღოთ. გარდა ამისა, აკადემიას შეუძლია მიიღოს ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს. ჩვენ მათ აკადემიის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვას ვთავაზობთ. ვამართლებთ ჩვენ სლოგანს “ხარისხიანი განათლების შეუზღუდავი შესაძლებლობა”.

– ბატონო კახაბერ რას სთავაზობთ აბიტურიენტებს, რა არის ის ფაქტორი, რის გამოც სტუდენტობის მსურველმა თქვენზე უნდა გააკეთოს არჩევანი?

– SBA უპირატესად ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პროგრამებზეა სპეციალიზებული. შესაბამისად, პირველ რიგში უნდა აგვირჩიონ იმ აბიტურენტებმა ვისაც სურს, ამ სპეციალობას დაეუფლოს. გავცემთ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს. რატომ უნდა აგვირჩიონ?!– იმიტომ, რომ ეს არის სასწავლებელი,სადაც განსაკუთრებული როლი ენიჭებათ სტუდენტებს. ისინი არიან წარმოდგენილი აკადემიის მართვის ორგანოში –სენატში და თავად მონაწილეობენ აკადემიის პრიორიტეტებისა და პრობლემების განსაზღვრაში. წყვეტენ რა სიახლეებია საჭირო და რა შედეგებზე უნდა გავიდეთ. აკადემია, ეს არის ადგილი, სადაც სტუდენტი და დამსაქმებელი ერთმანეთს ხვდება.

– აკადემიის ისტორიაზე გვიამბეთ..

– SBA 2010 წელს დაფუძნდა. დიდი ხნის ისტორია არ გვაქვს, თუმცა ყველა დამფუძნებელს საკმაოდ დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება აქვს იმ სპეციალობის კუთხით რაც ჩვენი ძირითადი მიმართულებაა. ჯერ დავიწყეთ პროფესიული განათლებით, შემდეგ დაგვემატა აკადემიური საფეხური. თავიდანვე აღებული გვქონდა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა. დღესაც ვფიქრობთ, რომ ეს არის მიმართულება, სადაც ძალიან ძლიერები ვართ. ახლახანს კი, ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელების უფლება მოგვენიჭა.

– ანუ აკადემია მხოლოდ ერთ ფაკულტეტზე ახორციელებს სწავლებას?

საბაკალავრო პროგრამის სახელწოდებაა ბიზნესის ადმინისტრირება. თუმცა პროგრამის შიგნით შესაძლებელია სპეციალიზაცია – ფინანსები ან მენეჯმენტის კუთხით. ამასთან, გვაქვს არჩევითი სპეციალობა “საგადასახადო საბაჟო საქმე” ან “ეკონომიკა”. ჩაბარება ერთი პროგრამის ფარგლებში ხდება– არჩევანი კი საკმაოდ ფართოა.

– პროფესიულ პროგრამებზე რას გვეტყვით?

– როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია პროფესიული განათლების განვითარება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პრიორიტეტიც გახდა პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, SBA არის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების ინიციატორი და ამ პროგრამების კურსდამთავრებულებს ბაკალავრიატში ჩარიცხვის შემთხვევაში სასწავლო გრანტსაც აძლევს. ამჟამად, პროფესიულ სტუდენტებს ვთავაზობთ: საბაჟო დეკლარანტის, საბაჟო ბროკერის, ოფისის მენეჯერის, აუდიტორის ასისტენტის, ბანკის ოპერატორისა და სადაზღვევო აგენტის პროფესიებს. სწავლის ხანგრძლივობა პროგრამაზეა დამოკიდებული და 1- წლიდან 3-წლამდე მერყეობს.

– როგორც ვიცი აკადემიაში სასერთიფიკატო კურსებიც არის..

– დიახ, გვაქვს ძალიან ძლიერი IT და უცხოენების სკოლები. ზოგადად, აკადემიაში უცხო ენის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. როგორც ბაკალავრიატში ასევე პროფესიულ საფეხურზეც გვაქვს უცხოენოვანი პროგრამები. სტუდენტების მხრიდანაც არის დაინტერესება. გვყავს უცხოელი სტუდენტებიც.

– აკადემიური პერსონალში თუ გყავთ უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები?

– დიახ, გვყავს მოვწეული უცხოელი ლექტორები. ჩვენი ლექტორებიც გაცვლითი პროგრამებით იმაღლებენ კვალიფიკაციას უცხოეთში. ახლაც ერთ– ერთი პროფესორი წასულია საზღვარგარეთ და კითხულობს ლექციებს მარკეტინგში. ახლო მომავალში დაგვიბრუნდება. ყველა ჩვენი ლექტორი პრაქტიკოსია, მხოლოდ თეორეტიკოსები არ არიან. ბიზნესის აკადემია არ არის ადგილი, სადაც ლექტორი სტუმარივითაა: მოდის ლექციას ატარებს და მიდის, SBA ლექტორებსაც აძლევს თვითგანვითარების შესაძლებლობას.

– დასაქმების მაჩვენებელი როგორია? გასაგებია, რომ აკადემიური საფეხურის სტუდენტები ჯერ არ გაგიშვიათ, მაგრამ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების დასაქმებზე რას იტყვით?

– ჩვენთან ყველა სტუდენტს ეძლევა პრაქტიკის საშუალება. სწორედ პრაქტიკების შედეგად, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების 53 %–მა ბოლო გამოცდაზე მოიტანა მტკიცებულება, რომ დასაქმდნენ იმ კომპანიებში სადაც პრაქტიკა გაიარეს. 53%-იანი დასაქმებით სწავლების პროცესში ბევრი ვერ დაიკვეხნის. თუმცა ეს არ არის სრული მაჩვენებელი, ბევრი სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდა. ჩვენ ვახორციელებთ კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევას. აკადემიის ყოფილი სტუდენტები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ის ცოდნა, რაც აქ მიიღეს, სავსებით საკმარისია მათი უპირობოთ დასაქმებისთვის. აკადემიურ დონეზე ჯერ კურსდამთავრებულები არ გვყავს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ საზოგადოების განწყობას პროფესიულ და აკადემიურ ხარისხზე, ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში დასაქმების პროცენტი უფრო მაღალი იქნება.

– პრაქტიკები ახსენეთ– სად გადიან აკადემიის სტუდენტები პრაქტიკას?

– ჩვენთან პრაქტიკა ფორმალური არ არის, როგორც სხვაგან უმეტეს შემთხვევაში. პრაქტიკა სწავლების აუცილებელი ნაწილია. ამ კუთხით 50–ზე მეტი პარტნიორიდაწესებულება გვყავს.

– სწავლის საფასური რამდენია, როგორც საბაკალავრო, ასევე პროფესიული მიმართულებით?

– თითქმის თანაბარია. სწავლის ღირებულება 2100 ლარიდან 2500 ლარამდე მერყეობს. ერთი შეხედვით, ეს არ არის ის ფასი, რომელმაც მაღალი დონისსწავლება უნდა უზრუნველყოს. თუმცა ჩვენი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კონკურენტუნარიანი ფასი შევინარჩუნოთ.

– სტიპენდიები ან რაიმე სახის სოციალური დახმარებები თუ არის აკადემიაში?

– იქიდან გამომდინარე რომ კერძო სასწავლებელი ვართ არ გვაქვს საკანონმდებლო ვალდებულება, თუმცა ვგრძნობთ ჩვენს სოციალურ ვალდებულებას და იმ სტუდენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან 25%-იან მხარდაჭერას ვთავაზობთ. 1000-ლარიანი გრანტი აქვთ იმ სტუდენტებს, რომელთა დედ–მამიშვილი უკვე ჩვენი სტუდენტია. რაც შეეხება სტიპენდიებს, ეს დამოკიდებული იქნება სწავლის შედეგზე. სტიპენდიის გაცემას სწავლის მეორე წლიდან დავიწყებთ. კრიტერიუმებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სენატი მიიღებს.

– გყავთ თუ არა სტუდენტური თვითმმართველობა და როგორია მათი აქტივობა სასწავლებლის ცხოვრებაში.

– თვითმართველობის არჩვენები გასულ თვეში ჩატარდა. აირჩიეს თავმჯდომარე. სენატის სხდომაზე უკვე წარადგინეს სამოქმედო გეგმა. ადმინისტრაცია მზადაა ფინანსური და მატერიალური თანადგომისთვის. აკადემია საკმაოდ მაღალი აქტივობებით გამოირჩევა. კულტურული ღონისძიებები აქ იშვიათობა არ არის. შარშან სტუდენტურ დღეებს ვუმასპინძლეთ. ხშირად ტარდება შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან, ექსკურსიები, ლაშქრობები. წელს სპექტაკლი დადგმას გეგმავენ. მთავარია, სტუდენტმა მოინდომოს და ჩვენ ყველანაირ საშუალებას ვაძლევთ და ხელს ვუწყობთ. ზოგადად,ჩვენ არ ვართ პასიურები. ბევრ ინიციატივას ვიჩენთ. ჩავატარეთ პედაგოგთა 3 დღიანი ტრენინგი. ასევე, ვორქშოფი უცხო ენის სწავლების პრობლემებზე. თვის ბოლოს კი ინტერაქტიული სწავლების მეთოდებზე ვატარებთ ტრენინგებს.

– და ბოლოს, SBA-ს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, შემდეგი აკადემიური საფეხურის დამატებასაც თუ გეგმავთ?

– 6 წლიანი სამოქმედო გეგმა გვაქვს, აქედან 2 წელი გასულია. გეგმის გადახედვა სისტემატურად ხდება. მომავალი ერთი წლის გეგმა უკვე გაწერილია – ეს იქნება გაცვლითი პროგრამები, ჩვენი სურვილია თავადაც გავიზარდოთ. დავიწყეთ პროფესიული პროგრამებით, შემდეგ გავაკეთეთ განაცხადი ავტორიზაციაზე და დავიმატეთ აკადემიური საფეხური. ბევრი სტუდენტი გადმოგვყვა ბაკალავრიატში. როდესაც გვეყოლებიან კურსდამთავრებულები, მაგისტრატურასაც შევთავაზებთ. ანუ ამ თვალსაზრისით ეტაპობრივად გავიზრდებით. ჩვენ გვყავს მრჩეველთა საბჭო, რომელიც მთლიანად უცხოელი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. სწორედ ისინი გვკარნახობენ თანამედროვე სტანდარტებს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური