GE

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 364 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 423 ლარია – საქსტატის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.9%-ით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ 16 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საშუალო თვიური ანაზღაურების ზრდა დაფიქსირდა განათლების სექტორშიც. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის I კვარტალში განათლებაში საშუალო თვიური ხელფასი 1 423, ხოლო 2025 წლის I კვარტალში 1 341 ლარი იყო.

ამ პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქსტატის მონაცემები, სადაც განათლება შესაბამის დიაგრამაზე „P“ ნიშნით არის გამოსახული, ცხადყოფს, რომ აღნიშნული სფერო, ხელფასის ოდენობის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის სახეებს შორის ერთ-ერთი ბოლო დარგია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 952.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან
    შედარებით გაიზარდა 7.9%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 290.7 ლარი (გაიზარდა 3.1%-ით);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 230.4 ლარი (გაიზარდა 11.8%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 186.0 ლარი (გაიზარდა 7.1%-ით).

2026 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების – 2 836.0
ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.7 ლარი (9.0%) შეადგინა, ხოლო კაცებში –
234.7 ლარი (9.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ქალების ხელფასს თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქსტატის ანგარიში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური