GE

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს 3 მილიონი ლარი გადაეცემა – საჭიროება კი 7 მილიონამდე იყო

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების მიზნით, 3 მილიონი ლარი გადაეცემა. ინფორმაცია ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დღეს, 18 ივნისს გაავრცელა.

სამი მილიონი იმ თანხის მხოლოდ ნაწილია, რა საჭიროებაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნია. კერძოდ კი, 2024 წელს, პარლამენტის განათლების კომიტეტის მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, აჩვენა, რომ 2007 წელს დაარსებული შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და სახელმწიფოსგან 6 800 000 ლარს საჭიროებს.

მოკვლევის ავტორები წერდნენ, რომ უნივერსიტეტს მეტნაკლებად მოწესრიგებულია მატერიალურ – ტექნიკური და ინფრასტრუქტურა, თუმცა, საჭიროებს განახლებას ორივე მიმართულებით. გამოწვევების კონტექსტში რამდენიმე ძირითადი საკითხიი იყო დასახელებული, რომელიც საჭიროებდა დროულ და ადეკვატურ გადაწყვეტას, რათა უნივერსიტეტმა უზრუნველყოს სრულფასოვანი ფუნქციონირება და უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

3 გაცემული რეკომენდაციის ადრესატები განათლებისა და ფინანსთა სამინისტროები იყვნენ. ყველაზე დიდ ბიუჯეტი კი უნივერსიტეტი მულტიფუნქციური სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობისთვის სჭირდება – 5 000 000 ლარი. საჭირო თანხის შინაარსობრივი დასაბუთება უნივერსიტეტს წარმოდგენილი აქვს, თუმცა რა პრინციპით უნდა განაწილდეს და აითვისონ თანხები – არა.

“მრავალფუნქციური საერთო საცხოვრებელი/სასწავლო და საგანმანათლებლო ფართებით უნდა იყოს წარმოდგენილი და დაახლოებით 100 ადგილზე გათვლილი. სულ შენობის ფართი 3000 კვადრატული მეტრი (აქედან 1700 საცხოვრებელი დანიშნულებით, 1300 საგანმანათლებლო არაფორმალური გარემოს სივრცეები)”, – განმარტავდა უნივერსიტეტი განათლების კომიტეტისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

უნივერსიტეტს 1 500 000 ლარი სჭირდება სენაკში სტუდენტური საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციის დასრულებისთვის, რომელიც 50 სტუდენტზე იქნება გათვლილი.

300 000 ლარი კი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვეტერინარიის კლინიკის ორგანიზებისთვის სჭირდება, რომლის არსებობასაც, როგორც თავად ხსნიან, რეგიონისთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც დარგის განვითარების, ისე იმ გამოწვევებისათვის, რომელიც რეგიონში ამ მიმართულებით არსებობს. რეგიონში 2021-2023წწ. გამოვლენილია არაერთი დაავადება – ცოფი, ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვ. კლინიკა კი უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადებას.

ასევე იხილეთ:

საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა – რა ფინანსებს ითხოვს სახელმწიფოსგან აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი

რა დახმარება ესაჭიროება სახელმწიფოსგან ბათუმის უნივერსიტეტს, რომლის დაფინანსებაც 2023 წელს თითქმის 33 მლნ ლარი იყო

რა არსებითი გამოწვევები აქვს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს – განათლების კომიტეტის რეკომენდაციები და საჭირო თანხის ოდენობა

რა საჭიროებებისთვის ითხოვს თელავის უნივერსიტეტი თითქმის შვიდ მილიონ ლარს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური