„საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15%-ს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა“ – რა წერია Unicef-ისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალ ანგარიშში
გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალი ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა.
ანგარიშის “რამდენ ბავშვს და ახალგაზრდას აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა?” მიხედვით, მსოფლიოში სასკოლო ასაკის ბავშვების ორ მესამედს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ეს მაჩვენებელი ანალოგიურია 15-დან 25-წლამდე ასაკის ახალგაზრდებშიც – 759 მილიონ ახალგაზრდას, ანუ 63 პროცენტს, არ აქვს სახლში ინტერნეტკავშირი.
”ინტერნეტზე წვდომის არარსებობა ხელს უშლის ბავშვებს და ახალგაზრდებს იყვნენ კონკურენტუნარიანები თანამედროვე ეკონომიკაში. ისინი იზოლირებულნი არიან დანარჩენი სამყაროსგან. ხოლო სკოლების დახურვის შემთხვევაში, რაც ახლა ხდება COVID-19–ის გამო, ინტერნეტის არქონა ბავშვებს განათლებაზე ხელმისწავდომობას უზღუდავს”, – თქვა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფრომაციით, საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვა შეეხო დაახლოებით 661 500 ბავშვს, რომლებსაც მოუწიათ გადასვლა ვირტუალურ რეჟიმში სწავლაზე.
“ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, შესაძლოა განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩნენ. ჯერ კიდევ პანდემიამდე, მზარდი იყო იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც ესაჭიროებოდათ საბაზისო, ციფრული, დასაქმების შესაბამისი და სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესწავლა, 21-ე საუკუნის ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მისაღწევად”, – ვკითხულობთ გაეროს ბავშვთა ფონდის გვერდზე.
ახალი ანგარიშის თანახმად, ციფრული უთანასწორობა კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნებსა და თემებს შორის არსებულ უთანასწორობას. შესაბამისად, ყველაზე ხელმოკლე ოჯახებში, სოფლად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები კიდევ უფრო ჩამორჩებიან საკუთარ თანატოლებს; ამასთან ერთად, მცირდება ამ გამოწვევის გადაჭრის შესაძლებლობები.
მსოფლიო მონაცემების მიხედვით, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში სასკოლო ასაკის ბავშვების 58 პროცენტს აქვს სახლში ინტერნეტკავშირი, ეს მაჩვენებელი უღარიბესი ოჯახების ბავშვების შემთხვევაში მხოლოდ 16 პროცენტს შეადგენს. ანალოგიური უთანასწორობაა ქვეყნების შემოსავლიანობის მიხედვითაც. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სასკოლო ასაკის ბავშვებიდან 20-დან 1-ზე ნაკლებს აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში კი – დაახლოებით ყოველ მეცხრეს.
აღსანიშნავია ასევე გეოგრაფიული უთანასწორობა ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით. მსოფლიოში, ურბანულ დასახლებებში სასკოლო ასაკის ბავშვების დაახლოებით 60 პროცენტს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა სახლში, სოფლად კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით სამი მეოთხედია. განსაკუთრებით დაბალია სახლში ინტერნეტზე წვდომის მაჩვენებელი სუბსაჰარის აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, სასკოლო ასაკის ბავშვებში, სადაც 10 ბავშვიდან დაახლოებით 9-ს არ აქვს ინტერნეტკავშირი.
“გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ანგარიშში მოცემული ციფრები შემაშფოთებელია. თუმცა, ვითარება, სავარაუდოდ უფრო მძიმეა, სხვა დამატებითი ფაქტორების გამო, როგორიცაა ფინანსური ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და ციფრული უნარ-ჩვევების ნაკლებობა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის უახლესი მონაცემების თანახმად, ციფრული უნარ-ჩვევების ნაკლებობა რჩება ბარიერად ციფრულ საზოგადოებაში სათანადო მონაწილეობისათვის, ხოლო მობილური ტელეფონები და ინტერნეტზე წვდომა კვლავ ძალიან ძვირია მრავალი ადამიანისათვის განვითარებად ქვეყნებში, რაც გამოწვეულია მსყიდველობით უნარში უთანასწორობით.
ბავშვებმა, მიუხედავად სახლში ინტერნეტ კავშირის არსებობისა, შესაძლოა ვერ მოახერხონ მისი გამოყენება, სახლში სხვადასხვა საქმეების შესრულების ან მუშაობის გამო, ან სახლში არასაკმარისი რაოდენობის ელექტრონული ხელსაწყოების გამო; ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა გოგონებს უფრო ნაკლებად ეძლევათ, ან საერთოდ არ ეძლევათ, ან მათ არ იციან, როგორ გამოიყენონ ინტერნეტ რესურსი. გარდა ამისა, არსებობს ონლაინ უსაფრთხოებასან დაკავშირებული საკითხებიც, რაც განპირობებულია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მშობლების არასათანადო ინფორმირებულობით”, – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ გვერდზე.
ანგარიშის სრული ვერსიის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება