საშინაო დავალებამ სწავლა რომ არ შეაძულოთ – რისი უნდა გვეშინოდეს მასწავლებლებს
ნინო მამუჩიშვილი
რა არის საშინაო დავალება? რა როლი აკისრია მას სწავლების პროცესში? საჭიროა თუ არა ყოველდღიურად საშინაო დავალების მიცემა? რა დოზით და რა სახის დავალებები მივცეთ მოსწავლეებს?
დავიწყებ იმით, რომ ვარ დაწყებითი კლასების მასწავლებელი და სწორედ ამ ჭრილში განვიხილავ საკითხს. მიმაჩნია, რომ საშინაო დავალება უნდა იყოს სახალისო, ბავშვის ინტერესზე მორგებული, მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული. დავალების მეშვეობით მოსწავლეები უნდა განიმტკიცებდნენ გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას, ეჩვეოდნენ დამოუკიდებლად მუშაობას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, ხედავდნენ ახლის ძიებისა და შეძენის შესაძლებლობას, ხვდებოდნენ, რომ ამ საკითხებზე დაყრდნობით ახალ-ახალი სიმაღლეების დაპყრობის საშუალება მიეცემათ.
სწორად მიცემულმა დავალებამ ბავშვში ინტერესი უნდა აღძრას, მას უნდა ეჩქარებოდეს დავალების შესრულება, ერთი სული უნდა ჰქონდეს მივიდეს სახლში, ისადილოს და დავალება შეასრულოს. საშინაო დავალებამ ბავშვს განწყობა უნდა შეუქმნას, რომ მოიძიოს ახალი და საინტერესო ინფორმაცია, გამოთქვას საკუთარი აზრი, იპოვოს კავშირი ცხოვრებასთან. დავალებამ ბავშვს ძიების სურვილი უნდა გაუღვიძოს, თავისი აღმოჩენილი კმაყოფილებასაც მიანიჭებს და კარგადაც დაამახსოვრდება.
ხშირად მსმენია, რომ საზაფხულო დავალებად 100 ამოცანა მისცეს ბავშვს და სექტემბერში მასწავლებელს უნდა გადასცენ რვეული, სადაც ეს ამოცანები იქნება გაფორმებული და ამოხსნილი. ისიც კარგად ვიცით, რომ ზაფხულში ბავშვებს გართობა და თამაში უფრო იტაცებს, ვიდრე მეცადინეობა, შესაბამისად თამაშობენ, ერთობიან, მაგრამ შფოთი, რომ 100 ამოცანა აქვთ ამოსახსნელი, თან სდევთ. ბოლო კვირებში კი მშობლის შეუვალი მოთხოვნით იძულებული ხდებიან დღე და ღამე გაასწორონ, დაწერონ ეს ამოცანები და მიუტანონ მასწავლებელს. მასწავლებელი გამოართმევს რვეულს, დიდი ალბათობით ზედაპირულად გადახედავს და დააარქივებს.
მოდით, გავაანალიზოთ, რა მისცა ამ დავალებამ ბავშვს? რა მიზანს ემსახურებოდა და რა შედეგზე გაგვიყვანა?
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს იყო მოვალეობის მიზნით შესრულებული დავალება, რომელსაც არ ახლდა არანაირი განვითარების პერსპექტივა. მაპატიეთ, თუ ვიტყვი, რომ ეს იყო ბავშვის საწვალებლად მიცემული დავალება. აქ მთავარია რომ ბავშვმა რაღაც დაწერა, დრო გაიყვანა, მაგრამ რა დაწერა, როგორ დაწერა, რისთვის დაწერა, ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. არავინ იცის სწორად იყო თუ არა ამოხსნილი ამოცანები, გააზრებული იყო თუ არა. შესაბამისად ბავშვისთვის ეს დავალება არაფრის მიმცემი, მოსაწყენი და დამღლელია. ამ ყველაფერმა კი შეიძლება საგნის სიძულვილი გააღვიძოს ბავშვში. ეს კი ის საკითხია, რისიც ყველაზე მეტად უნდა გვეშინოდეს მასწავლებლებს.
ახლა განვიხილოთ ახალი ტიპის, 21-ე საუკუნეზე მორგებული დავალებები და დავფიქრდეთ რა შედეგებზე შეიძლება გაგვიყვანოს მან. დავალებების საინტერესოდ ფორმულირებაში დიდი დახმარება შეიძლება გაგვიწიოს ტექნოლოგიებმა.
ინტერნეტი და კომპიუტერი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. თანამედროვე ბავშვი ხშირად უფროსებზე უკეთაც ფლობს კომპიუტერს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს კომპიუტერთან გატარებული დროის სწორად ხარჯვა, კომპიუტერული შესაძლებლობების სწორად გამოყენება.
1. დიდ ინტერესს იწვევს ბავშვებში ფერად და ლამაზად გაფორმებულ ფონზე WORD–ში შესრულებული სავარჯიშოები, რომლებსაც ბავშვები თამაშად უფრო აღიქვამენ ვიდრე დავალებად, შესაბამისად შესრულებაც ეხალისებათ. უკვე პირველი კლასიდან ვაძლევ ასეთ სავარჯიშოებს და დიდი ხალისით ასრულებენ.
2. კარგად მოქმედებს ვიდეორგოლებზე დამყარებული დავალებები. მოისმენენ სახლში და მერე კითხვებზე გასცემენ პასუხებს. გააკეთებენ მასთან დაკავშირებულ პრეზენტაციებს ჩანახატებითა და წარწერებით.
3. სიამოვნებით ქმნიან კომიქსებს პერსონაჟების მონაწილეობით.
4. საყოფაცხოვრებო ნივთებში მოიძიებენ გეომეტრიულ ფორმებს, გადააქვთ ქაღალდზე, აკეთებენ მუყაოს გამოყენებით მაკეტებს, ზომავენ და პოულობენ ამ ფიგურების პერიმეტრს.
5. სიამოვნებით იძიებენ გარკვეულ საკითხთან დაკავშირებულ სურათებს საძიებო პროგრამაში, ჩამოტვირთავენ კომპიუტერში და ქმნიან სლაიდ-შოუებს. იძიებენ ინფორმაციას და ურთავენ სლაიდებს.
6. უყვართ თავისი ხელით წიგნების დამზადება. ჯგუფის წევრები ინაწილებენ გარკვეულ საკითხთან დაკავშირებულ დავალებებს და ყველა აფორმებს ერთ თაბახის ფურცელს ნახატით და ტექსტით, შემდეგ აკინძავენ და აკეთებენ პრეზენტაციას.
7. საათის ცნობა შეიძლება ისწავლონ თავისივე დამზადებულ მაკეტზე, კალენდარი შეიძლება თვითონ დაამზადონ და მერე იმის მიხედვით შეავსონ ცხრილები. გამრავლება-გაყოფის შესასწავლად შეიძლება დაამზადონ ჯერადების პლაკატები და გამოიყენონ მაგალითების ამოსახსნელად. ამოცანებისთვის შეიძლება შექმნან თვალსაჩინოებები, დახატონ, გამოძერწონ, გამოჭრან პირობის შესაბამისი საგნები და ისე მოახდინონ მოქმედებები.
ალბათ მეტყვით, რომ ამ ყველაფერს უამრავი დრო დასჭირდება, გეთანხმებით, მაგრამ ამ აქტივობებში სწავლა დაბალანსებულია თამაშთან, სახალისოა და დავალებაც არ წარმოადგენს რაღაც რიცხვების ან სიტყვების გაუგებარ გროვას, იგი ადვილად გასაგები და აღქმადი ხდება. კეთებით ნასწავლი ძნელად თუ დაავიწყდება ბავშვს. ის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მასზე და გარანტირებულად ილექება გონებაში.
თუმცა ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ დავალებების მოცულობა იყოს მცირე. ასეთ შემთხვევაში ერთი ამოცანა იქნება სრულიად საკმარისი შედეგის მისაღწევად. ამავე დროს იქნება სახალისო და საინტერესო.
შესრულებული დავალების პრეზენტაცია აუცილებლად უნდა მოხდეს კლასში და მასწავლებელმა უკუკავშირი უნდა მისცეს მოსწავლეს. რადგან დავალება მცირეა, დრო გვაძლევს საშუალებას, განვიხილოთ მთელი კლასის მიერ შესრულებული დავალებები, შევადაროთ ისინი და ყველა მათგანის ღირსება აღვნიშნოთ. შევაქოთ ზოგი სწორად შესრულებული და ამოხსნილი ამოცანისთვის, ზოგი იმისთვის, რომ კარგად წარმოადგინა პირობა, შესაშური ფანტაზია გამოავლინა და ასე შემდეგ.
წახალისება გადამწყვეტი ელემენტია მოტივაციისთვის. ამავე დროს, თუ ვინმეს არა აქვს სწორად ამოხსნილი უნდა მივუთითოთ და გავასწორებინოთ შეცდომა. ბავშვმა თვითონ უნდა თქვას, რომ არ უწერია სწორად, არ უნდა ეშინოდეს შეცდომის აღიარების და არ უნდა მალავდეს მას. მან უნდა იცოდეს, რომ მთელი ეს პროცესი ამ შეცდომების გამოსწორებას უკავშირდება. ყოველდღიურად გასწორებული დავალება ამაღლებს მოტივაციასა და ეფექტიანობას. შესაძლებელია, საშინაო დავალება იყოს ინდივიდუალური, მოსწავლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ზუსტი და მკაფიო ინსტრუქციით.
თანამედროვე დავალებები ხელს უნდა უწყობდეს ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა კომუნიკაბელურობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; სისხარტე და ადაპტაციის უნარი; ინიციატივის გამოჩენის, ეფექტური წერისა და კომუნიკაციის უნარი; საჭირო ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი; ცნობისმოყვარეობა და წარმოდგენის უნარი. ამისთვის კი აუცილებელია პატარებს მივცეთ სახალისო, მათთვის ხელმისაწვდომი, მათ ინტერესზე მორგებული დავალებები, რომლებიც ყოველდღიურ რუტინას სასიამოვნო გართობად აქცევს.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-სთვის
ნინო მამუჩიშვილი, საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი