GE

სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს: გაწყვეტილების მიღების პროცესში მოუსმინეთ ბავშვებს

საქართველოს სახალხო დამცველმა 18 აპრილს სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც COVID-19-ის პანდემიის ბავშვთა უფლებებზე ზემოქმედების შეფასებას ეხება. ანგარიშის თანახმად, პანდემიის დროს გაიზარდა ბავშვების მიმართ ძალადობის რისკები და მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მიღების უფლების რეალიზება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ COVID-19-ის თავიდან არიდების მიზნით მიღებული ზომების შემუშავების პროცესში ბავშვებს მონაწილეობა  არ მიუღიათ. ბავშვის აზრის მოსმენა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი ჩართვის მნიშვნელობა კი, ბავშვის უფლებათა კონვენციის ოთხ ძირითად პრინციპს შორის ერთერთია და ბავშვზე ზრუნვის სფეროში ჩართული პირების ვალდებულებაა, მოუსმინონ ბავშვს და მხედველობაში მიიღონ მის მიერ გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში წარმართვამ უარყოფითი გავლენა იქონია ყველა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე და ეს აისახა ბავშვების უშუალოდ განათლების უფლებაზე, ასევე, ბავშვის ნებისმიერი სახის ძალადობისგან დაცვის, ჯანმრთელობის და სხვა უფლებებზე.

სპეციალურ ანგარიშში მოცემულია სახალხო დამცველის  რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელო ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

სახალხო დამცველის რეკომენდაციები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ ასე გამოიყურება: 

  • შეიქმნას ონლაინ სივრცეში ბავშვთა მიმართ ძალადობის ნიშნების გამოვლენის
    სახელმძღვანელო/ინსტრუქციები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა სპეციალისტისათვის;
  • სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში გაგრძელდეს მომსახურების გაწევის/სერვისის მიწოდების ჰიბრიდული მოდელის შეთავაზება;
  • შეიმუშაოს მეთოდოლოგია და აწარმოოს დეტალური სტატისტიკა საგანმანათლებლო პროცესში ჩართული და მის მიღმა დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შესახებ. სულ მცირე, პანდემიის დასრულებამდე აწარმოოს იმ არასრულწლოვნების დეტალური სტატისტიკა, რომელთაც გამოწვევები აქვთ ტექნიკასთან ან/ და ინტერნეტთან წვდომის თვალსაზრისით, და მიიღოს ყველა ღონისძიება გამოვლენილი ინდივიდუალური თუ სისტემური ბარიერების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად;
  • კოვიდ-19-ის პანდემიის ჩარჩოს გარეთ, შემუშავდეს ზოგადი განათლების მიღების ჰიბრიდული ან/და დისტანციური მეთოდი, ამგვარი ინდივიდუალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის;
  • შეიქმნას დეტალური მეთოდოლოგია და ინსტრუქციები პანდემიისას დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და თავისებურებების შესახებ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვების ეფექტიანად ჩართვას სასწავლო პროცესში, ხარისხის კონტროლისა თუ შეფასების თემებს;
  • მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, სიღრმისეულად გადამზადდნენ სწავლების ონლაინ პლატფორმების გამოყენებაში. უმოკლეს ვადებში განხორციელდეს ღონისძიებები სხვადასხვა საჭიროების მქონე არასრულწლოვანთათვის საგანმანათლებლო პლატფორმების სრული მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ან შეირჩეს ისეთი პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა არასრულწლოვნისთვის, მათი სპეციფიკური საჭიროების მიუხედავად;
  • პროექტი „ტელესკოლა“ ადაპტირდეს ყრუ და სმენის სირთულის მქონე მოსწავლეებისთვის;
    დისტანციური სწავლების საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებს, რომლებსაც თავიანთი სპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე არ შეუძლიათ დისტანციურ სწავლებაში ჩართვა, შეეთავაზოთ ფიზიკურ გარემოში სწავლის შესაძლებლობა;
  • როგორც სამინისტროს, ისე სკოლების დონეზე, უზრუნველყოფილი იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასრულწლოვნების ეფექტიანი მონაწილეობა და მათი აზრის მოსმენა/გათვალისწინება;
  • ჩატარდეს პანდემიისას ზოგადი განათლების სისტემის ფუნქციონირების სიღრმისეული კვლევა და მის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდეს კრიზისულ სიტუაციებში გამოსაყენებელი დეტალური ინსტრუმენტი.

სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ გაჟღერებული რეკომენდაციები იხილეთ დოკუმენტში.

ასევე იხილეთ: 

რის შეცვლას ითხოვს სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოებში სახალხო დამცველი

განათლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების არსებითი ნაკლოვანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური