განათლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების არსებითი ნაკლოვანება
2022 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, რომლის თანახმადაც, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთიან ეროვნულ სტრატეგიას (2022-2032) და სამოქმედო გეგმებს, დამიანის უფლებათა ფორმალური განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. ცნობილი ხდება ისიც, რომ განათლების სამინისტრომ სტრატეგიის პირველადი ვერსიის საფუძველზე ომბუდსმენისგან მომზადებული რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და არ ასახა ახალ ვერსიაში.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სტრატეგიის თანმდევი უმაღლესი განათლების სამოქმედო გეგმის შედეგის ინდიკატორებიდან, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ უშუალოდ სტუდენტის, მოქალაქის ცოდნაზე უნდა აისახოს, არცერთი არ არის დაკავშირებული აქტიურ მოქალაქეობასთან და ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნასთან, ღირებულებებსა და უნარებთან.
“ადამიანის უფლებათა კულტურის დამკვიდრებისთვის სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები და მის მიერ შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები უნდა პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს. სტრატეგიის დოკუმენტში პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების (EDC/HR) ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. რაც შეეხება სამოქმედო გეგმებს – არც სკოლამდელი განათლებისა და არც ზოგადი განათლების სამოქმედო გეგმების არცერთი აქტივობა (შესაბამისად, არც ინდიკატორი) არ მოიცავს ჩანაწერს EDC/HR-ის შესახებ. პროფესიული განათლების სამოქმედო გეგმის მხოლოდ ერთი აქტივობა გულისხმობს სამოქალაქო განათლების განვითარების ხელშეწყობას. უმაღლესი განათლების სამოქმედო გეგმაში კი, ნახსენებია მხოლოდ დაკავშირებული საკითხი, კერძოდ – აქტიური მოქალაქეობისთვის სტუდენტის მომზადება, ხოლო შედეგის ინდიკატორებს შორის არცერთი არ არის დაკავშირებული აქტიურ მოქალაქეობასთან და ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნასთან, ღირებულებებსა და უნარებთან. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი წერილობითი კომენტარებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, სამინისტროს მიერ 2022 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, ასახული არ აღმოჩნდა EDC/HR-ის ინტეგრირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები”, – წერია ნინო ლომჯარიას ანგარიშში.
ომბუდსმენი განმარტავს, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველის 2020 წლის რეკომენდაცია ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ, შესაბამის უწყებას არ შეუსრულებია. არც ადამიანის უფლებათა შესახებ არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პოლიტიკასა და ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასთან მიმართებით გაცემული რეკომენდაციები შესრულებულა.
სახალხო დამცველი წერს, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წერილის თანახმად, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა ხსენებული დოკუმენტის შემუშავებაზე.
პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში მოცემული ინფორმაციით, განათლების უფლების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი გენერალური ასამბლეისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშებში რეგულარულად განიხილავს მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ არაერთ ემპირიულ კვლევას, რომელიც ცხადყოფს ადამიანის უფლებათა განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას უფლებათა დარღვევის, ძალადობისა და ჩაგვრის თავიდან აცილების საქმეში.
ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების როლი, როგორც ძალადობის, რასიზმის, ექსტრემიზმის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმისა, განუხრელად იზრდება საქართველოში.
“გაზრდილი ძალადობრივი ქმედებების ფონზე, არაერთი კვლევით დასტურდება ადამიანის უფლებების სწავლების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობა საქართველოში. უფლებების შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე, ასევე მიუთითებს ქვეყნის მასშტაბით 2021 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც, რომელთა მიხედვითაც, სამწუხაროდ, ახალგაზრდული სეგმენტის მხოლოდ 10-12% მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულება”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.
ზემოთქმული გათვალისწინებით, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს განათლების მინისტრს, შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო
გეგმა, შესაბამისი საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით და ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა
(2022-2032) და სამოქმედო გეგმებში, ფორმალური განათლების ყოველი
საფეხურისთვის განისაზღვროს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის
უფლებათა შესახებ სწავლების ხელშეწყობაზე მიმართული ამოცანები/აქტივობები და
შესაბამისი გაზომვადი ინდიკატორები.
ასევე იხილეთ:
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება